რით გათბებიან ახალქალაქელები ზამთარში?


მეორე წელია, ახალქალაქელებს შეშის ალტერნატიული სათბობიბუნებრივი აირი აქვთ. ვინ თბება გაზით, ვინ ამჯობინებს ძველ საწვავს და რა უპირატესობა აქვს გაზს შეშასთან შედარებით.  

სამხრეთის კარიბჭისმიერ გამოკითხული 20 მოქალაქიდან 13 წელს სახლს შეშით, ხოლო 7 გაზით გაათბობს.

ინვალიდი ქალიშვილი მყავს, მეუღლე გარდამეცვალა. მართალია, ორი ვაჟი მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით გაზით გათბობის საშუალება მაინც არ გვაქვს”, - ამბობს ლუსია არუთიუნიანი.
სამცხე-ჯავახეთის გაზის კომპანიაში (SJGC) გვითხრეს, რომ წელს მკვეთრად გაიზარდა იმ აბონენტთა რიცხვი, რომელთაც სახლში გაზის გამათბობლების დამონტაჟება სურთ და ამისთვის დამატებითი წერტილის გაკეთებას ითხოვენ.

თავიდან მეორე წერტილის მსურველები ბევრნი არ იყვნენ. ჩემი აზრით, გაზით გათბობა გაცილებით მომგებიანია, ის შეშაზე ბევრად იაფია”, - ამბობს გაზის კომპანიის დირექტორი ხორენ ჩტჩიანი და აქვე განარტავს, რომ გაზის გამათბობლის გამოყენებისას, ბევრი წვრილმანის გათვალისწინებაა საჭირო: ერთი მომხმარებელი ჩიოდა და შესამოწმებლად მივედით. გამათბობელი თავიდან მათ ჩართეს და მრიცხველი შევამოწმეთ, შემდეგ ჩვენ ჩავრთეთ და როდესაც მრიცხველი გავსინჯეთ, 40 -პროცენტით ნაკლებს აჩვენებდა. ისინი გაზს ბოლომდე აღებდნენ, ცხელ წყალსაც ბოლომდე ხსნიდნენ და ცივით აგრილებდნენ. საჭიროა, ცივი წყალი დაიკეტოს, ცხელი გაიხსნას და გაზის მიწოდებაც ცოტათი შემცირდეს”.

ბევრი ფიქრობს, რომ გაზის გამორთვისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ მარტო გაზის გათბობის ჩართვა სარისკოა. თუმცა გაზის კომპანიაში ამბობენ, რომ გათიშვები ხშირად და ხანგრძლივად არ ხდება.

ახალქალაქის მცხოვრები ქალბატონი ჯულიეტა გასულ წელს სახლს გაზით ათბობდა: შარშან თვეში 80-90 ლარს ვიხდიდით, სახლი 17:00-დან 23:00 საათამდე თბებოდა. გათბობას სამსახურებიდან დაბრუნების შემდეგ ვრთავდით. სახლში ბავშვები არ გვყავს, ამიტომ ესეც საკმარისი იყო. წელსაც გაზით გათბობას ვაპირებთ. შეშა არ გვჭირდება და თანაც სისუფთავეა”.

ლენა პეტროსიანი პენსიონერია. სახლს შეშით გავათბობ. ფული არ მაქვს, რომ გაზი შემოვიყვანო. აქციის ფარგლებშიც ვერ შევძელი გაზის შემოყვანა, რადგან საწყისი 200 ლარი არ მქონდა. კიდევ თუ გაძვირდება, სახლში გაზს აღარავინ შეიყვანს”, - ამბობს იგი.

რამდენიმე თვის წინ გაზის კომპანიამ აქცია ჩაატარაახალქალაქის მცხოვრებლებს შეეძლოთ საჭირო 550 ლარიდან მხოლოდ საწყისი 200 ლარი შეეტანათ, დანარჩენი კი თანდათან გადაეხადათ - თვეში 50 ლარი. თუმცა კომპანიის დირექტორის თქმით, აქციამ არ გაამართლა, თანხების გადახდის ვადა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ აბონენტთა უმრავლესობა კეთილსინდისიერად არ იხდის. ამიტომ მსგავსი კამპანია აღარ განმეორდება.

ამჟამად სახლში ბუნებრივი აირის შეყვანა 550 ლარი ღირს. მეორე წერტილის ჩართვის შემთხვევაში ერთი მეტრი 25 ლარი ჯდება, თუ მანძილი ერთ მეტრზე მეტია, თანხა 10 ლარამდე იკლებს. გაზიფიკაცია ახალქალაქის ახლომდებარე ოთხ სოფელშიხულგუმოში, კულიკამში, ბავრასა და კარტიკამშიც დაიწყო. პარალელურად, გაზის კომპანიის ხელმძღვანელობა ბუნებრივი აირის სოფელ ხოსპიოში შეყვანასაც გეგმავს. გაზიფიკაცია ამ სოფლებში, ცენტრალური გამანაწილებელი დაფიდან სახლის მანძილის მიუხედავად, 650 ლარი ღირს.

გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის 0.532 ლარია, ორგანიზაციებისთვის კი 0.75. გაზის კომპანიის ხელმძღვნელობის თქმით, უახლოეს მომავალში ფასების ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი