,,უპატრონო სოფელი”

სოფელი კლდე-წნისის დამაკავშირებელი მოხრეშილი გზა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გაკეთდა.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” კი არა, აქ ენაზე კბილის დაჭერის პროგრამა მუშაობს”, - მითხრეს სოფელ კლდეში

არც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე” და არც ამ პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის გამოყოფილ თანხებზე მოსახლეობა ინფორმაციას არ ფლობს. საქელეხე სპორტდარბაზი და აღშფოთებული ადგილობრივები.


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში 356 კომლი და 979 სული ცხოვრობს. სოფელი მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევს, ამიტომაც მათთვის პრიორიტეტული სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებაა.

,,ზაფხულზე სასმელი წყალი თითქმის არ გვქონდა, ნეტა ამ პრობლემას მოაგვარებდნენ”, - ამბობს ანერი კუპრაძე.


2009 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” სოფელმა შვიდი ათასი ლარი მიიღო.

,,გასულ წელს ხიდი გაკეთდა. ხიდით, ზედა უბანი დაუკავშირდა ნათესებს. მოსახლეობა მდინარეზე ვერ გადიოდა, საქონელი ვერ გადაჰყავდათ”, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ კლდის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ზურაბ კურტანიძემ.

,,ხუთი ფიცარი და ერთი ლერწი გადეს მდინარეზე და ეგაა ხიდის გაკეთება? სამასი ლარი ეყოფოდა მაგ ფიცრებს”, - ამბობს სოფელ კლდის მკვიდრი ნანული ზუმბაძე.

2010 წელს სოფელი კლდე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” 14 ათასი ლარით დაფინანსდა.

,,ამ თანხით სოფელ წნისის და სოფელ კლდის დამაკავშირებელი მოკლე ერთკილომეტრიანი გზა მოიხრეშა. შემოვლით გზა ოთხი კილომეტრი იყო და ახლა სამი კილომეტრი მოიჭრა”, - გვითხრა ზურაბ კურტანიძემ.

მისი თქმით, სოფლის კლუბში შედგა კრება, სადაც დაახლოებით სამასადმე კაცი იმყოფებოდა და მათი სურვილის გათვალისწინებით გადაწყდა კლდე-წნისის შემოვლითი გზის მოხრეშვა.

კითხვაზე - რატომ არის პრიორიტეტული, სოფელ კლდის მკვიდრთათვის კლდე-წნისის დამაკავშირებელი მოკლე გზა, ადგილობრივები მხრებს იჩეჩავენ:

- ,,რა გზა მოხრეშეს, რად გვინდოდა მანდ გზა?!”

- ,,სკოლაში ბავშვები ავტობუსებით დადიან. ადგილობრივები კი მაგ გზით არ ვსარგებლობთ და.”

- ,,ალბათ ეგრე აწყობდათ და ეგრე მოიქცნენ.”

- ,,არც გასული და არც შემოსული თანხის არაფერი ვიცი.”

- ,,პატრონი არ ჰყავს ამ სოფელს და ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს.”

- ,,ფულზე ჩვენ ვინ რას გვეტყვის? ან თუ რამე გვითხრეს, არა მგონია, სიმართლე იყოს.”

- ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” კი არა, აქ ენაზე კბილის დაჭერის პროგრამა მუშაობს.”

- ,,უპატრონო სოფელია და ყველა აქ ითბობს ხელს.”
 

გულახდილობის ეშხზე მოსულ ადგილობრივებს თავისივე თანასოფლელმა შემოუძახა; ,,დაგიჭერენ, გაჩუმდით!”

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელი არც ისე დიდია, რომ ვერ გაეგოთ, თუ როდის ჩატარდა სოფელში კრება.

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა სასმელი წყლისა და სარწყავის პრობლემის გვერდით რიტუალების სახლსაც ასახელებს.

სოფლის რწმუნებულის განცხადებით, სოფელში რიტუალების სახლი არის, ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ის შენობა სკოლის საკუთრებაა და იქ სპორტდარბაზია მოწყობილი.

,,რიტუალების სახლი გვინდა. მოკვდება ვინმე და აშლიან სკოლის დარბაზში კალათბურთის ფარებს, ყველაფერს მიაწყობენ გვერდზე, შემდეგ შემოიტანენ, გაშლიან მაგიდებს. აი, გუშინ დასაფლავება იყო და სკოლა გაცდა”, - გვითხრა ანერი კუპრაძემ.

ამასთანავე სპორტდარბაზი, თუ როგორც ზურაბ კურტანიძე ამბობს, საქელეხე შენობა, სკოლის ეზოშია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მომავალ წელსაც იგივე განმეორდება და მათ აზრს არც შემდეგ გაითვალისწინებენ.

გულო კოხოძე, ახალციხე 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი