,,ვარდების რევოლუციის” მეშვიდე წლისთავი

2003 წლის ნოემბერში ქვეყანაში მოსახლეობის მშვიდობიანი გამოსვლების სერიას 23 ნოემბერს პრეზიდენტის გადადგომა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.


,,შვიდი წლის წინ, ოთხი ნოემბრის დღიდან, როცა უკვე პირველი დემონსტრაცია ჩატარდა თბილისში და ხალხი აზვირთდა, ტელევიზორს აღარ მოვმწყდარვარ. 23 ნოემბრამდე გულის კანკალი მქონდა ატეხილი”, - იხსენებს შვიდი წლის წინანდელ ამბებს პენსიონერი თამარ მაჩიტიძე.


მისი თქმით, მაშინ ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე იდგა.

,,ომი რომ დაწყებულიყო,  ყველაფერი უკუღმა წავიდოდა. ნაძირალებითაა ქვეყანა სავსე და ყველა ხელს მოითბობდა”, - ამბობს ის.

კითხვაზე, თუ რა შეცვალა ,,ვარდების რევოლუციამ” მის ცხოვრებაში, პასუხობს: ,,პენსია გამიხდა 80 ლარი, შვილიშვილმა უნივერსიტეტი დაამთავრა და სამსახურიც იშოვა. ჩემი ბიჭი გვიანაც რომ დაბრუნდეს სახლში, შიში არ მაქვს, რომ რამე მოუვა. პატრული კარგად მუშაობს და იმიტომ. დენი არ ქრება”, - ჩამონათვალის გაგრძელებაში ქალბატონ თამარს ხელი შვილიშვილმა შეუშალა:,,შვილი, რომ გყავს საბერძნეთში გადახვეწილი, აქ რომ ვერაფერი სამსახური ნახა, მაგას რატომ არ ამბობ?”

ბებია შვილიშვილს სხარტად პასუხობს; ,,ვარდების რევოლუციიდან შვიდი წელი გავიდა, საუკუნე კი არა. ჩვენ აგერ  ,,ვანა’’  ვერ დავამთავრეთ მეოთხე წელია. ნელ-ნელა ყველაფერს ეშველება”.

რა შეიცვალა ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ თქვენს ცხოვრებაში – ამ კითხვით საზოგადოებას მივმართეთ, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებმა, პედაგოგებმა, ფარმაცევტებმა.

ადგილობრივი გაბრიელ რობაქიძისთვის კი ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ არაფერი შეცვლილა; ,,ადრეც მიწაზე ვმუშაობდი, ახლაც მიწაზე ვმუშაობ. ადრეც გუთნით ვხნავდი, ახლაც გუთნით ვხნავ. ჩვენი სახელმწიფო სოფლით უნდა იყოს ძლიერი, სოფლები კი ცარიელდება”.  

ანა შვიდი წლის ნოემბრის აქციებში მონაწილეობას იღებდა.

,,სახლში ვერ გავჩერდი, მთელი თვე თბილისში ვიყავი და აქციებზე დავდიოდი. მაშინ სხვა განწყობა მქონდა, სხვა მოლოდინი. არა, ხაზი არ მინდა გადაუსვა იმას, რაც გაკეთდა, მაგრამ იმედები მაინც გამიწბილდა. ახლა იდეოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით”, - ამბობს ანა. 

2003 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა მშვიდობიანი, მაგრამ არაკონსტიტუციური გზით, დაიწერა შემდეგ, თუმცა ვარდების რევოლუციამ გავლენა მოახდინა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებზე. მას მოჰყვა ნარინჯისფერი რევოლუცია 2004 წელს უკრაინაში და ტიტების რევოლუცია 2005 წელს ყირგიზეთში.

,,ვარდების რევოლუციამ” საქართველოში შეცვალა შევარდნაძის და მისი გუნდის 11 წლიანი მმართველობა.

,,ვარდების რევოლუციას” ეკლიანი რევოლუციაც დაარქვეს რამდენიმე წლის შემდეგ.


,,1905 წელს თბილისელმა მხატვარმა ნიკო ფიროსმანმა თითქოს მილიონი ვარდი უყიდა ქალაქში გასტროლებზე მყოფ ფრანგ მოცეკვავე ქალს, რომლითაც ის აღფრთოვანებული იყო. ერთი საუკუნის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი სხვა ყვავილოვანი ჟესტის მოწმე გახდა, როდესაც ათასობით მშვიდობიანმა დემონსტრატმა ვარდებით ხელში პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებიდან გაისტუმრა”, - ვკითხულობთ სტატიაში ,,ვარდების რევოლუცია დღევანდელი გადასახედიდან”,  EURASIANET.ORG

,,ყვავილოვანი ჟესტის” მონაწილე ქართველები ისევ უკეთესი მოლოდინის რეჟიმით განაგრძობენ ცხოვრებას.

გულო კოხოძე, ახალციხე


No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი