ქალაქი ხეების გარეშე


რატომ იჩეხება ქალაქში ხეები უმოწყალოდ. ნაძვები ამჯერად, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეც მოიჭრა.

ქალაქ ახალციხეში ამა წლის აპრილის თვის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს.

ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს 20 ძირი ხის - ნაძვის, ფიჭვის, აკაციისა და ტირიფის ამოძირკვა მოჰყვა. მოითხარა და განადგურდა პარკს გარსშემოვლებული 30-ზე მეტი ტუიაც.

ანალოგიურად განვითარდა მოვლენები შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს.

ქვაფენილის დაგებას მრავალწლიანი ნარგავების მოჭრა მოჰყვა.
აღნიშნული ტერიტორია სტადიონივით გასწორდა და მოშიშვლდა.

ირგვლივ ,,სკამეიკები”, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ერთნაირია, ,,სკამეიკებისშუაში იშვიათად ამოქმედებული შადრევანი, განათების ბოძები და კვარცხლბეგი ძეგლის გარეშეასეთია ამჟამად შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია.

ნაძვების მოჭრას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ მათ აზრს არავინ ითვალისწინებს.
,,სულ ნედლი ხეები მოჭრეს, თან იმხელა გირჩები ჰქონდა! რამდენიმე ტოტი სახლშიც წავიღე. რა უნდა დარგონ იმ ხეებზე უკეთესი ვერ ვხვდები”, - ამბობს ქალაქ ახალციხის მკვიდრი ნელი ღაღანიძე.

,,რომ აკეთებენ კარგია, მაგრამ ხეები რომ მოჭრეს ესაა ცუდი.  ნაძვები განადგურეს. თან როგორი ნაძვები, ასე როგორ შეიძლება?”, - აღშფოთებულია სუსუანა კინოსიანი.

,,როცა ხეებს ჭრიდნენ ქუჩაში ყველა გამვლე-გამოვლელი იგინებოდა. არავის არ მოსწონს აქაურობა. ბევრის აზრი ვიცი და ყველა გადარეულია. ამდენწლიანი ხეები ერთ წუთში გაანადგურეს” – გვითხრა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში დავით ჩაჩანიძე კომენტარს არ აკეთებს. ის არ ფლობს ინფორმაციას თუ რატომ გადაწყდა შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძვების მოჭრა. ან საერთოდ მოხდა თუ არა აღნიშნული ტერიტორიის შესწავლა და ვინ შეადგინა ეს პროექტი.

,,მიაკითხეთ პავლოვიჩს”, - განახცადა ახალციხის მუნიციპალიტეტის სპეციალისტმა მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში.

,,პავლოვიჩიახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც ასევე არ აღმოაჩნდა პასუხი ზემოთდასმულ კითხვებზე.

,,არ გიპასუხებთ”, - კატეგორიულად განაცხადა მან, მიუხედავად შეხსენებისა, რომ საჯარო პირს კანონი ავალდებულებს კომენტარი გააკეთოს ამა თუ იმ ფაქტის ირგვლივ.

ადგილობრივი ხელისუფლება ხეების მოჭრა-განადგურებსათან დაკავშირებით ისევ სირაქლემის პოზას ინარჩუნებს. 

ტროპიკული ხეების გახარების იდეა ისევ აქტიურ ფაზაშია. საინტერსოა რატომ ანადგურებ იმას რაც უკვე გახარებულია და რატომ ხდება უზარმაზარი თანხების გადახდა ახალი ჯიშების ჩამოსატანად, რომლებთაც სამცხე-ჯავახეთის მკაცრი ჰავის პირობებში გახარება არ უწერია.  

ქალაქის გარემონტებული ქუჩებმა სიმწვანის გარეშე უსახო იერი შეიძინა. კორპუსებისა და შენობების ყვითელი და სტაფილოსფერი ფერი ადგილობრივებს არ მოსწონთ. ჩნდება კითხვა: მაშინ რისთვის ან ვისთვის კეთდება ეს ყველაფერი?    
გულო კოხოძე, ახალციხე                     

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი