სოფელი ხევაშენი მდებარეობს დაბა ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში, ადიგენიდან 16, ხოლო ახალციხიდან 30 კმ –ზე.
სოფელი 1943 წელს იმერეთიდან გადმოსახლებული იმერლებითაა დასახლებული.
ხევაშენში 121 კომლი და
336 სული ცხოვრობს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ენდელაძეც ამავე სოფლის მკვიდრია, ამიტომაც ადგილობრივები ამბობენ, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სოფლისთვის გამოყოფილი თანხა კეთილსინდისიერად გაიხარჯება.
2009 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სოფლებისათვის 20 მილიონი ლარი გამოიყო.
1. რა მიზანს ისახავს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”?
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” არის საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა, რომლის მიზანია:
ა) სოფლის პირველი რიგის პრობლემების გადაწყვეტა;
ბ) თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა;
გ) მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაღრმავება და ურთიერთნდობის აღდგენა;
დ) თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გაძლიერება და გამგეობის რწმუნებულის უფლებამოსილების გაზრდა.
გასულ, 2009 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” სოფელ ხევაშენს 4 377 ლარი გადაეცა, წელს კი ამ თანხამ 7 819 ლარი შეადგინა.
სოფლისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა განისაზღვრება სპეციალური ფორმულის საფუძველზე, რომელიც იანგარიშება საკრებულოებში შემავალი დასახლებების, ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით.
როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ჯემალ იაკობიძემ აგვიხსნა, ,,მოსახლეობის მიხედვით სოფელ ხევაშენზე 2 819 ლარი გამოიყო, წელს ამ თანხას, პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, თითოეულ სოფელზე 5000 ლარიც დაემატა”.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” სოფელ ხევაშენში რიტუალების სახლი გარემონტდა.
,,შარშანაც და წელსაც სოფელში კრება ჩატარდა, ამოსულები იყვნენ გამგეობიდან. ჩვენი მოთხოვნით გადაწყდა და “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” შემოსული ფული რიტუალების სახლს მოხმარდა”, - გვითხრა სოფელ ხევაშნის მკვიდრმა ვეფხვია ლომსიანიძემ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის განცხადებით, ,,პრიორიტეტების განსაზღვრა მოხდა სოფლების მოსახლეობის საერთო ინტერესების გათვალისწინებით”.
მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ კრებაზე არ ყოფილა, თუმცა დასახელებული პრობლემა სოფლისთვის მართლაც პრიორიტეტული იყო.
,,სოფელში ბევრი პრობლემაა, მაგრამ, როცა დადგა საკითხი, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, ყველამ ერთხმად ავირჩიეთ რიტუალების სახლი. ქელეხი სად გაგვეკეთებინა არ ვიცოდით, ბევრჯერ უხერხულობაშიც ჩავვარდნილვართ შენობის გამო. ახლა კი დაადგა ამ პრობლემის მოგვარებას საშველი, ქელეხზე მოსულ სტუმრებთან არ შევრცხვებით მაინც”, - ამბობს სოფელ ხევაშენის მკვიდრი სვეტლანა ჭრელაშვილი.
რიტუალების სახლად აქამდე ადგილობრივი მოსახლეობა კომუნისტური რეჟიმის დროს არსებულ ფერმას იყენებდა.
შენობა ძველი იყო,
გასარემონტებელი, უფანჯრო და მიწით შელესილი.
შენობა იგივე დარჩა, თუმცა მთელი რიგი სამუშაოები ჩაუტარდა.
სოფელ ხევაშნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რიტუალების სახლის სარემონტო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა.
,,შარშან შენობის გადაიხურა, წელს კი შენობა შიგნიდან მთლიანად გაილესა, ჩაისვა
მეტალოპლასტმასის ფანჯრები, ჭერზე აიკრა დიქტი, ძირს დავასხით ბეტონი, გარედან წინა ხედი გაილესა”, - ჩატარებულ სამუშაოებზე საუბრობს ადგილობრივი ზაზა ენდელაძე.
სარემონტო სამუშაოები ჯერ
ბოლომდე დამთავრებული არ არის.
ადგილობრივი ელისო ნერგაძის თქმით, როცა საბოლოოდ გარემონტდება რიტუალების სახლი, კარგიც გამოვა და სოფელსაც დიდი პრობლემა მოესხნება.
,,ნაკელით იყო სავსე რიტუალების სახლი. ახლა გალამაზდა, აღარც წვიმა ჩამოდის და აღარც ქარი გვაწუხებს”, - დაამატა მან.
სოფელ ხევაშნის მოსახლეობა რიტუალების სახლის სარემონტო სამუშაოების დასრულებას ელოდება.
გულო კოხოძე, ადიგენი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი