მედიაციის სამსახურს, რომელიც სადაზღვევო დავებს აგვარებს, საქართველოს მასშტაბით ყველაზე ნაკლებად სამცხე-ჯავახეთიდან მიმართავენ.
ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური საქართველოში 2008 წლის 15 მარტიდან ფუნქციონირებს. ამ სამსახურს ის მოქალაქეები მიმართავენ, რომელთაც სადაზღვევო კომპანიებთან პრობლემები ექმნებათ.
2008 წლის 15 მარტიდან 2010 წლის 24 სექტემბრამდე მედიაციის სამსახურს 10 443-მა ადამიანმა მიმართა. ამათგან, 1687-მა ბენეფიციარმა კონსულტაციის მიღება ითხოვა 2010 წლის 1 ივლისიდან 23 სექტემბრამდე. ყველაზე მეტი მიმართვა თბილისიდან იყო, სამცხე-ჯავახეთი ბოლოდან მეორე ადგილზეა.
თბილისი – 931 მიმართვა (55,4%);
კახეთი – 134 (7,9%);
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 141 (8,3%);
შიდა ქართლი -114 (6,7%);
ქვემო ქართლი - 92 (5,4%),
აჭარა – 49 (2,9%);
იმერეთი – 105 (6,2%);
მცხეთა – მთიანეთი – 54 (3,2%);
გურია – 34 (2%);
სამცხე-ჯავახეთი 23 (1,4%);
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10 (0,6%).
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სამცხე-ჯავახეთში 211 300
ადამიანი ცხოვრობს.
მუნიციპალიტეტები
|
მოსახლეობის რაოდენობა
(ათასი კაცი)
|
ადიგენი
|
20.7
|
ასპინძა
|
12.9
|
ახალქალაქი
|
63.7
|
ახალციხე
|
47.7
|
ბორჯომი
|
31.7
|
ნინოწმინდა
|
34.6
|
მონაცემები, რამდენი ადამიანია დაზღვეული სამცხე-ჯავახეთში, არ არსებობს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კორპორატიული დაზღვევა აქვს თითქმის ყველა საჯარო სამსახურს, სამართალდამცავ სტრუქტურებს, ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურებს, ბანკებისა და სკოლების თანამშრომლებს და ასე შემდეგ, ცხადია, ეს ციფრი არც ისე დაბალი იქნება.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დაზღვევით სარგებლობენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის მონაცემებით, “სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით”, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, 8106 ბენეფიციარი სარგებლობს.
“სამხრეთის კარიბჭის” მიერ გამოკითხული დაზღვეული რესპონდენტებიდან, რომლებიც სხვადასხვა სამსახურებში მუშაობენ, უმრავლესობამ გვითხრა, რომ დაზღვევით სარგებლობისას პრობლემები არ შექმნია. რამდენიმე რესპონდენტმა გაგვიმხილა, რომ სადაზღვევო კომპანიების შემოთავაზება სერიოზულ მკურნალობებს არ ითვალისწინებს, მარტივი მომსახურებისას კი პრობლემებიც ნაკლებია.
ვინაიდან ყველა გამოკითხული რესპონდენტი სხვადასხვა სამსახურის თანამშრომელია და სამსახურებში პრობლემების შექმნას ერიდებიან, მათ კომენტარებს ვინაობის გამხელის გარეშე გთავაზობთ.
“მკურნალობა არ დამჭირვებია, პოლისს მხოლოდ წამლების შეძენისას ვიყენებ და არასოდეს შემქმნია პრობლემები”, - გვითხრა სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრის თანამშრომელმა, რომელიც “აისი ჯგუფშია” დაზღვეული.
ასევე, მხოლოდ მედიკამენტების შესაძენად იყენებს სადაზღვევო პოლისს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელიც, რომელიც ამბობს, რომ რეგიონებში დაზღვევით ნაკლებად სარგებლობენ: “ძირითადი პროვაიდერი კლინიკები თბილისშია, იქ ჩასვლა კიდევ დამატებითი ხარჯი და პრობლემაა და ბენეფიციარს წინ და უკან სიარული უწევს, სადაზღვევოდან ნებართვა რომ მიიღოს. ამიტომ, ადგილზე მკურნალობა და ფულის გადახდა ურჩევნია. დაზღვევით კი მხოლოდ მარტივ შემთხვევებში და წამლების შეძენისას სარგებლობს”.
შსს-ს სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის თანამშრომელმა, რომელიც “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” ბენეფიციარია, გვითხრა, რომ მედიაციის სამსახურის შესახებ რადიოში მოისმინა, თუმცა პრობლემები არასოდეს შექმნია და შესაბამისად, კონსულტაციაც არ დასჭირვებია: “მეუღლეს დასჭირდა მკურნალობა და უპრობლემოდ ვისარგებლეთ დაზღვევით”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სომხური სოფლის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი, რომელიც სადაზღვევო კომპანია “იმედი ელ”-შია დაზღვეული, ამბობს, რომ დაზღვევით ვერ სარგებლობს და არც ის იცის, ვის უნდა მიმართოს პრობლემის შექმნის შემთხვევაში: “პროვაიდერი კლინიკა თბილისშია, იქ კი რიგებია. რეგიონიდან ჩასულს ან საკმარისი დრო არ გაქვს, ან ღამის გასათევი, ამიტომ ზედმეტი წვალება გიწევს. ჩვენ ხომ ვიხდით დაზღვევის ფულს, მაგრამ, გამოდის, რომ ვერ ვსარგებლობთ და ეს თანხა იკარგება. თუმცა, არასოდეს დავინტერესებულვარ ვისთვის შეიძლებოდა მიმემართა დახმარების თხოვნით”.
სადაზღვევო კომპანია “იმედი ელ”-ის ახალციხის ფილიალის დირექტორი კახა ბერიძე ამბობს, რომ სადაზღვევო მომსახურებისას პრობლემები ნაკლებად იქმნება. ბენეფიციარები პრეტენზიებით იშვიათად მიმართავენ და ისიც ისეთ მარტივ პრობლემებზე, რომელთა მოგვარება ოფისშივეა შესაძლებელი.
“შეიძლება წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მოვიდეს. მათაც ძირითადად აინტერესებთ, მაგალითად, რატომ აქვთ სხვებს 100 პროცენტიანი ფასდაკლება მედიკამენტების შეძენისას და მათ ვთქვათ, 60 პროცენტიანი. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვუხსნით, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ რა თანხას იხდის, - ამბობს კახა ბერიძე და ამატებს, რომ ბენეფიციარების უმრავლესობა ხელშეკრულების პირობებს იცნობს: მათ კარგად იციან რა მომსახურება ეკუთვნით და დამატებით არაფერს ითხოვენ. პრობლემები ძირითადად უმწეობთან იქმნება, მაგრამ ისიც ისეთი უმნიშვნელო, რომ ადგილზევე გვარდება და ვინმეს ჩარევა საჭირო აღარ ხდება”.
მედიაციის სამსახურისგან კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონით, (ცხელ ხაზის ნომერია (+995 32 555 115), ან ელექტრონული ფოსტით (info@him.ge).
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე
სტატიები ამავე თემაზე:
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი