მიმდინარე სასწავლო წელს ბორჯომის მეორე საჯარო სკოლა მესამე სკოლას შეუერთდა. მეორე სკოლის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები უნდა განთავსდეს. ხოლო იქ, სადაც აქამდე თვითმმართველობის ორგანოები იყო, სასტუმრო უნდა აშენდეს. პირველი საჯარო სკოლა მუნიციპალიტეტის შენობის გვერდითაა და ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მალე ისიც მეორე სკოლის ბედს გაიზიარებს.
,,ბორჯომში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მუნიციპალიტეტის შენობა იყიდება. ალბათ არცერთი ინვესტორი არ მოისურვებს სასტუმროს აშენებას სკოლასთან ახლოს. რეალურად არის საფრთხე პირველი საჯარო სკოლა დაიშალოს. მაგრამ, არის მეორე მომენტიც, ბორჯომში არ არის ისეთი სკოლა, რომელიც დამატებით 450 მოსწავლეს დაიტევს”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ჯინჯოლავა.
მას შემდეგ, რაც ბორჯომში აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა, სხვა სკოლებიდან მოსწავლეები აღარ გადადიან.
“მშობლები მოდიან და მეუბნებიან, გვინდა შვილი პირველ საჯარო სკოლაში გადმოივიყვანოთ, მაგრამ თქვენი სკოლა იშლება და ამიტომ არ გადმოგვყავსო. არავის სურს შვილი ისეთ სკოლაში მიყვანოს, რომლის ბედიც გადაწყვეტილი არ არის, - აღნიშნავს დირექტორი და ამატებს, რომ ამ საკითხის გარკვევა ბორჯომის ხელისუფლების წარმომადგენლებთან სცადეს, - პედკოლექტივს შეგვხვდნენ საკრებულოს თავჯდომარე ბესო ქურდაძე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გრიმი ჯვარიძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები. მათ გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის შენობაც არ არის გაყიდული და როცა გაიყიდება, ინვესტორს წაუყენებენ პირობას, პირველი სკოლა ძველ ადგილას დარჩეს”.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გრიმი ჯვარიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით პირველი სკოლის შენობის გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას: “სკოლის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მუნიციპალიტეტს მისი გაყიდვა არ შეუძლია. მუნიციპალიტეტის შენობა იყიდება იმიტომ, რომ უმჯობესია ამ ადგილზე თანამედროვე ტიპის სასტუმრო აშენდეს”.
ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მაია შავიშვილის განმარტებით, პირველი საჯარო სკოლის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც საგანმანათლებლო რესურსცენტრს აქვს: “მეუხერხულება კიდეც ჭორებზე პასუხის გაცემა. თუ კი არის საუბარი სკოლების თაობაზე, ამაზე ინფორმირებულია საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პირველი სკოლის სხვა სკოლასთან გაერთიანებაზე საუბარიც კი არ არის”.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დაპირება ოპტიმისტურია, თუმცა მეორე საჯარო სკოლის მასწავლებლები ამ ოპტიმიზმს ვერ იზიარებენ. ისინი ამბობენ, რომ ანალოგიურად მოხდა მეორე სკოლის შემთხვევაშიც. ინფორმაცია ისე გავრცელდა, რომ მასწავლებლებისათვის ოფიციალურად ცნობილი არ იყო და ისინი ჩვეულებრივად ემზადებოდნენ 2010-2011
სასწავლო წლის დაწყებისათვის.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი