ნამაზი ლიტურგიის საპასუხოდ


19 სექტემბერს კუნძულ ახტამარზე მდებარე სურბ ხაჩის ეკლესიაში ჩატარებული წმინდა ლიტურგიის პასუხად, თურქებმა სომხური ტაძრის ანის ნანგრევებზე პარასკევის ნამაზი გამართეს, თუმცა, ამ მოვლენამ უთანხმოება თავად თურქებს შორის გამოიწვია.

30 სექტემბრის საღამოს, კუნძულ ახტამარის სომხური ეკლესიის სურბ ხაჩის გუმბათზე ჯვარი აღიმართა. ამ სამუშაოს რამდენიმე საათი დასჭირდა. შეგახსენებთ, რომ სურბ ხაჩის ეკლესიაში დაგეგმილ ლიტურგიაზე დასწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა უამრავმა ეთნიკურმა სომეხმა გადაიფიქრა, რადგან თურქეთის მთავრობამ ლიტურგიის დღისთვის ეკლესიის გუმბათზე ჯვარი არ აღმართა.ამ დღეს კი ეკლესიის გუმბათზე 70 კილოგრამი სიმძიმის, 130 სანტიმეტრი სიგანისა და 2.5 მეტრი სიგრძის ჯვარი აღიმართა.

2 ოქტომბერს ვანში კუნძულ ახტამარზე მდებარე სურბ ხაჩის ეკლესიის გუმბათზე აღმართული ჯვრის კურთხევის ცერემონია ჩატარდა. ჯვარი კონსტანტინოპოლის პარტიარქიის რელიგიური საბჭოს მეთაურის წარმომადგენელმა, არქიმანდრიტმა ტატულ ანუშიანმა აკურთხა.

თურქულ პრესაში 19 სექტემბრის წმინდა ლიტურგიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კომენტარი გამოქვეყნდა. კერძოდ, რელიგიური მოუთმენლობის დემონსტრირება მოახდინა თურქულმა საიტმა (www.Haber.com), რომელიც კრიტიკული მოსაზრებებით გამოვიდა, როგორც სუმელის ტაძრის გახსნის გადაწყვეტილებასთან, ისე კუნძულ ახტამარის სურბ ხაჩის ეკლესიაში გამართულ ლიტურგიასთან დაკავშირებითაც. თურქეთის მმართველი პარტიისადმი მიმართული ეს ფრაზა რელიგიური მოუთმენლობის აშკარა მაგალითია: “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, რომელიც ქრისტიანებისთვის მომსახურების საზღვრებს არ აღიარებს, სომეხთა ზეწოლით ახტამარზე ჯვრის გადატანის ნებართვა გასცა და ჯვრის პრობლემა ასე გადაწყვიტა”, - ვკითხულობთ  www.Haber.com -ის ერთ-ერთ პუბლიკაციაში.

თურქებმა უპასუხოდ არც თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარებული წმინდა ლიტურგია დატოვეს. პარტია “ნაციონალისტური მოძრაობის” ხელმძღვანელმა დევლეთ ბაჰჩელიმ ლიტურგიის შემდეგ განაცხადა, რომ კუნძულ ახტამარის სურბ ხაჩის სომხურ ეკლესიაში მოწყობილი ქრისტიანული ლიტურგიის პასუხად იგი შუასაუკუნეების სომხური ქალაქის ანის ნანგრევებზე პარასკევის ნამაზს მოაწყობს.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ერთუგრულ გიუნაიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ანის ნანგრევებზე ნამაზის ადგილობრივი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან ერთად მოწყობა ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია. თუმცა შემდგომ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ოპოზიციური პარტიის “ნაციონალისტური მოძრაობის” ლიდერსა და მის წევრებს სომხური საკათედრო ტაძრის ნანგრევებზე ნამაზის გამართვის ნებართვა მისცა.   

1 ოქტომბერს ქრისტიანული ტაძრის ანის ნანგრევებზე 2000-ზე მეტმა თურქმა ნამაზი ჩაატარა. უნდა აღინიშნოს, რომ პარტია “ნაციონალისტური მოძრაობის” ლიდერი თავის თანამებრძოლებთან ერთად, რომელთაც ხელთ თურქული დროშები ეჭირათ, ნახევრადდანგრეულ ტაძარ ანისთან ტრადიციულ პარასკევის ლოცვის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად მივიდა. და პარტიამ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით ბაჰჩელი სელჯუკთა სულთნის ალი არსლანის მაგალითს იმეორებს, რომელმაც 1064 წელს, ქალაქ ანის აღების შემდეგ, ეკლესიის გუმბათიდან ჯვრის მოხსნა ბრძანა და იქ ნამაზი შეასრულა.

მმართველმა პარტიამ “სამართლიანობა და განვითარება” ბაჰჩელის ქმედებას “პოლიტიკური შოუ” უწოდა. “ეს ყველაფერი მხოლოდ კუნძულ ახტამარზე მდებარე სურბ ხაჩის ეკლესიაში ჩატარებული ლიტურგიის საპასუხო შოუა. აქამდე რატომ არ შეასრულა პატივცემულმა ბაჰჩელიმ ნამაზი ანიში და მხოლოდ ახლა რატომ გადაწყვიტა ალი არსლანის მაგალითის გახსენება?! მაგრამ მინდა მას შევახსენო, რომ მსგავს ადგილებში ნამაზის მასობრივად შესრულება უკანონობაა და როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, მან კანონს პატივი უნდა სცეს”, - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა მაჰმუდ ესად გიუვენმა.

სომხურ ეკლესიაში ნამაზის გამართვამ სომხეთში დიდი ვნებათაღელვა არ გამოიწვია.

“ის, რაც ახლა თურქეთში ხდება – სურბ ხაჩის გუმბათზე ჯვრის აღმართვა ან ანიში ნამაზის მოწყობა, მხოლოდ ცუდად ორგანიზებული და უმიზნო ინფორმაციული ქმედებაა. მეორე მხრივ, ნამაზი ტაძარ ანიში, რომელსაც ადგილობრივი თურქები გომურად იყენებენ, ყველა მუსლიმისთვის შეურაცხმყოფელია. ეს აქტი თურქული ნაციონალიზმის საზიზღარ სახეს ააშკარავებს”, - განაცხადა სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორმა აიკ დემოიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ანიში ნამაზის შესრულების ნების დართვით, თურქეთმა სომხურ-თურქული ურთიერთობების კულტურული დიპლომატიის გზით გაუმჯობესებაც შეუძლებელი გახადა.

“მსგავსი პროგრამები იყო, მაგალითად, ანიში ხიდის აღდგენა”, - აღნიშნა აიკ დემოიანმა. მან ასევე განაცხადა, რომ მომავალ წელს ანის, როგორც სომხეთის დედაქალაქის 1050 წლის იუბილე სახელმწიფო დონეზე აღინიშნება.  

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი