ერთი კვირის განმავლობაში, 7-დან 13 ოქტომბრამდე, ეუთო-ს საველე შემფასებელი კომისია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფაქტებს აგროვებდა. როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფრანგმა თანათავმჯდომარემ ბერნარ ფასემ მთიან ყარაბაღში ახლანდელ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, “პირველ რიგში, ჩვენ დღევანდელ სიტუაციას ადრინდელთან შევადარებთ”.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები შუამავალთა არაეფექტურ მუშაობაზე ხშირად საუბრობენ. სომეხი პოლიტოლოგი სტეფან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ
ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები რეგიონში ხშირი ვიზიტებით საკუთარ სამუშაოს თავადვე აუფასურებენ. გარდა ამისა, პოლიტოლოგის აზრით, თანათავმჯდომარეებმა უნდა შეწყვიტონ ოპტიმისტური განცხადებების გაკეთება, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა მალე მოგვარდება.
“ეს აზერბაიჯანს იმედს აძლევს, რომ მალე მათ მიწები დაუბრუნდებათ, სომხეთს კი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების იმედი ეძლევა. მსგავსი არარეალისტური განცხადებები მინსკის ჯგუფისადმი უნდობლობას ქმნის, თუმცა, ამ სტურუქტურის როლისა და ავტორიტეტის სიძლიერე სომხური მხარის ინტერესებშია”, - აღნიშნა “გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის” ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა სტეფან გრიგორიანმა (წწწ. Aრმენიატოდაყ.ცომ).
აზერბაიჯანელი ექსპერტის ფიქრეთ სადიჰოვის აზრით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მინსკის ჯგუფი და ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციების კოლექციას აგროვებს.
“რჩება ყველაზე მინიმალური და მარტივი – ელემენტარული ზეწოლის განხორციელება სომხეთზე, როგორც ქვეყანა-ოკუპანტზე, რათა მან დაკავებული აზერბაიჯანული მიწები გაათავისუფლოს”, - განაცხადა სადიჰოვმა.
ეუთო-ს შემფასებელი მისიის ვიზიტს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის რიგ რაიონებში, რომლებიც მთიანი ყარაბაღისა და აზებაიჯანის შეიარაღებული ძალების გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარეობენ, ყარაბაღელი დამოუკიდებელი ანალიტიკოსი დავიდ ქარაბექიანი პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.
“ეუთო-ს შემფასებელი მისიის საქმიანობის შედეგები პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ უნდა იქცეს. თანათავმჯდომარეები თანმიმდევრულები და ობიექტურები უნდა იყვნენ არა სიტყვით, არამედ საქმით”, - ამბობს დავიდ კარაბეკიანი.
ჟურნალისტი, წამყვანი რუსი ექსპერტი ეთნიკური პოლიტიკისა და კონფლიქტების საკითხებში მაქსიმ შევჩენკო მინსკის ჯგუფის მუშაობის ფორმატს სავსებით მართებულად მიიჩნევს.
“მშვიდობიანი პროცესი – ამ ტიპის კონფლიქტების მოგვარების მთავარი ფორმატია და გამონაკლისი არც მთიანი ყარაბაღის შემთხვევაა. ეს დაანგრევს მთელ კავკასიას და საშინელ ეთნიკურ ომებამდე მიგვიყვანს. თუმცა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გლობალური საერთაშორისო მოთამაშეების, არამედ რეგიონული – თურქეთის, რუსეთისა და ირანის დამოკიდებულებებიც”, - ამბობს იგი (თრენდ).
შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო უპირატესად სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის განცხადებით სსრკ-ის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ. რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ კი, რომელზეც მოსახლეობის 99,89%-მა აზერბაიჯანისგან სრულ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, ამ უკანასკნელმა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რამაც, საბოლოოდ, არა მხოლოდ მთიან ყარაბაღზე, არამედ მის მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია. საბოლოოდ, კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები მხოლოდ ზავის სამმხრივი ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ შეწყდა. კონფლიქტის საბოლოო შედეგი ორივე მხრიდან 25-30 ათასი ადამიანის დაღუპვა და დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანის ლტოლვილად ქცევაა.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარების ხელშეკრულება დღემდე მოქმედებს, თუმცა, პერიოდულად სროლა და დივერსიული მოქმედებები გამყოფ ხაზზე მაინც ხდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა არც
სომხეთის გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესახებ და არც
აზერბაიჯანის ქმედებები, რომლის ხელისუფლებაც სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ განცხადებებს არცთუ იშვიათად აკეთებს.
სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ძირითადი, მადრიდის სახელით ცნობილი პრინციპებია მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე სომხური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიების აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ დაბრუნება, მთიანი ყარაბაღისთვის შუალედური სტატუსის მინიჭება, რეგიონის უსაფრთხოებისა და თვითმმართველობის გარანტიების უზრუნველყოფა, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის კორიდორის გახსნა, მომავალში მთიანი ყარაბაღის საბოლოო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა მოსახლეობის ნებასურვილის გამოხატვის იურიდიულად სავალდებულო აუცილებლობის საფუძველზე, ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილისთვის ადრინდელ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების უფლების უზრუნველყოფა, უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების დაცვა, მათ შორის, ოპერაციების განხორციელება მშვიდობის შენარჩუნებისთვის.
პოლიტოლოგ ალექსანდრე ისკანდერიანის აზრით, დღეისთვის არც სომხეთისა და არც
აზერბაიჯანისთვის მადრიდის პრინციპების განხორციელება მომგებიანი არ არის, ამიტომაც კონფლიქტი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუგვარებელი დარჩება.
“დღეისთვის ასეთ პირობებზე წასვლისთვის მზადყოფნა არ არის, ამიტომაც პირადად მე, დღეს და უახლოეს მომავალშიც, შედეგებს არ ველი. რაც შეეხება გარე ძალებს, ასევე თეორიულად გასაგებია, რომ თუ გარე მოთამაშეები – ძლიერი ზესახელმწიფოები რაიმეს მოისურვებენ, ყველაფრის გაკეთებას შეძლებენ”, - ამბობს ალექსანდრე ისკანდერიანი.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი