გზის მშენებლობისას დაშვებული შეცდომა, რის გამოც ოთხი ქუჩა იტბორება. რატომ არ დააყოლეს დაგებულ ასფალტს სანიაღვრე არხები და რა საფრთხეს უქმნის ეს მოსახლეობას.
ახალციხეში თამარაშვილის 25-ში მდებარე კორპუსამდე მისასვლელი გზა
წვიმიანი ამინდების შემდეგ მიუვალი ხდება. უშველებელი გუბე ნალექის მატებასთან ერთად სადარბაზოებს უახლოვდება და სარდაფებში იჟონება. ხუთსართულიან კორპუსში მცხოვრები 35 ოჯახი შენობამდე აგურებით მოწყობილი ბილიკებით მიდის, თუმცა ძლიერი წვიმის შედეგ წყალი ამ ერთადერთ გზასაც ფარავს.
“კედელ-კედელ სადარბაზომდე ძლივს შემოვდივართ. განსაკუთრებით ბავშვებს უჭირთ მოძრაობა. საშულებაც არაა, რომ წყალს სხვა მიმართულება მივცეთ, მეზობლის ეზოში ხომ არ გადავუშვებთ?!” - კითხულობს თამარაშვილის 25-ში მცხოვრები ნანული კვირიკაშვილი.
ზომით კიდევ უფრო დიდი გუბე თამარაშვილის #19-ში, #21-სა და #17-ში მცხოვრებლების წინ დგება. იტბორება ორი უბანი ხანძთელის ქუჩაზეც.
“ეს რა გააკეთეს?! ღამით თუ წვიმს, გარეთ ვათენებთ, რომ წყალი სარდაფებში არ ჩავიდეს. ქვებს ვაწყობთ, რომ წყალს გზა გადავუკეტოთ, მაგრამ თუ ამაზე მეტად იწვიმა, ქვები ნიაღვარს ვეღარ შეაკავებს”, - გვიამბობს თამარაშვილის 19-ში მცხოვრები მარინა სამსონიძე.
“ეს რა გააკეთეს?! ღამით თუ წვიმს, გარეთ ვათენებთ, რომ წყალი სარდაფებში არ ჩავიდეს. ქვებს ვაწყობთ, რომ წყალს გზა გადავუკეტოთ, მაგრამ თუ ამაზე მეტად იწვიმა, ქვები ნიაღვარს ვეღარ შეაკავებს”, - გვიამბობს თამარაშვილის 19-ში მცხოვრები მარინა სამსონიძე.
გუბეები ხანძთელსა და თამარაშვილზე 30 სექტემბრის, ანუ იმ დროის შემდეგ გაჩნდა, როცა ხანძთელის ქუჩის ცენტრალურ გზაზე ასფალტის დაგება დაასრულეს. ცენტრალური გზის გასწვრივ მეზობელ ქუჩებზე, ანუ იმ უბნებში რომლებიც იტბორება, ასფალტის საფარი 10-10 მეტრის სიგრძეზე დააგეს. პროექტით გათვალისწინებული ასე იყო, თუმცა მშენებლებმა სანიაღვრე არხები არც ცენტრალურ და არც მის მეზობელ ქუჩებზე არ დააყოლეს. ასფალტის დაგების შემდეგ ცენტრალური გზის სიმაღლემ 7-8 სანტიმეტრით აიწია, ამდენად, მიმდებარე ქუჩები სწორედ აქედან წამოსული ნალექით იტბორება.
“რა გემო აქვს ასეთ დაგებულ ასფალტს? – კითხულობს მარინა სამსონიძე – დატბორილი ქუჩიდან ლაფი და ტალახი გზაზე ისე ადის, რომ ვერ გაარჩევ ასფალტი აგია თუ არა. ამას რომ თავი დავანებოთ, ასფალტის ნაწილი ამოინგრა კიდეც”.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მილიონ 300 ათასიანი პროექტი გზების მშნებლობას ოთხ ქუჩაზე – ხანძთელი, თაბუკაშვილი, ზარზმელი, ნათენაძე - ითვალისწინებდა. სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი კომპანია, შპს “არალი” ასრულებდა.
“მილიონ 280 ათასის სამუშაო დასრულებულია. ყველა ქუჩა დავამთავრეთ და 16 ოქტომბერს ჩავაბარებთ, გარდა ზარზმელის ქუჩისა, აქ პროექტი შეგვიცვალეს, - აცხადებს შპს “არალის” დირექტორი ოთარ თათეშვილი და გვიხსნის, რომ თავად ქუჩების დატბორვის გამო დამნაშავე არაა – მეზობელ ქუჩებს რომ ვაკეთებდით, ერთ ან მეორე მხარეს სანიაღვრე არხი უნდა ჩაგვეყოლებინა. მაგრამ უსახსრობის გამო ეს პროექტიდან ამოიღეს. ცენტრალურ გზაზეც, რადგან არხები არ კეთდებოდა, ასფლატს ჭებისკენ ცოტა დაქანება მივეცით”.
მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში წამყვანი სპეციალისტის დავით ჩაჩანიძის თქმით, ხანძთელის ქუჩის მშენებლობისას “შეცდომა გაიპარა”, რომელსაც მალე გამოასწორებენ: “პროექტში ხარვეზები დასაშვებია. ექსპლუატაციის ვადა ერთი წელი გვაქვს. ამ პერიოდში თუ რაიმე გამოვლინდა, გამოვასწორებთ”.
ოთარ თათეშვილის თქმით, თუ სანიაღვრე არხების გაკეთებას გადაწყვეტენ, მაშინ დაგებული ასფალტის მონგრევა გახდება საჭირო: “დამნაშავე საპროექტო ორგანიზაციაა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა იქირავა. ჩვენ ის გავაკეთეთ, რასაც პროექტი ითვალისწინებდა”.
დადგება თუ არა დღის წესერიგში ქუჩებზე სანიაღვრე არხების გაკეთების საკითხი არავინ იცის. მანამდე მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
“გამგებელთან ვიყავი, დამპირდა მოგიხრეშავთო და მოხრეშეს კიდეც, მაგრამ მას შემდეგ გზა კიდევ უფრო გაუარესდა. ახლა სხვას აღარაფერს ვითხოვთ, ოღონდ სანიაღვრეები გაგვიკეთონ”, - ამბობს მარინა სამსონიძე.
გამგეობაში დახმარების თხოვნით თამარაშვილის 25-ში მცხოვრებლები გზის მშენებლობის დაწყვებამდე მივიდნენ.
“მაისში განცხადება დავწრეთ, ეზოში საკანალიზაციო მილების შეცვლას ვითხოვდით, ხშირად იჭედება. რადგან მანამდე რეაგირება არ მოჰყოლია, ვიფიქრეთ, მშენებლბისას გაითვალისწინებდნენ. ამის შესახებ მშნებლებს ვუთხარით კიდეც, მაგრამ როგორც განგვიმარტეს, ეს მათი კომპეტენცია არ ყოფილა”, - გვიამბობს მზია სამსონიძე.
განცხადებაზე პასუხის მისაღებად გამგეობაში სამსონიძის მეზობლები თავად წავიდნენ.
“გამგებლის მოადგილემ, ზურაბ ჯინიუზაშვილმა გვიპასუხა, თქვენი განცხადება ალბათ სადღაც დაიკარგაო. თან აგვიხსნა, თუ რაიმეს გაკეთება გინდათ, ამხანაგობა შექმენით და მერე მოითხოვეთო”, - გვიხსნის ნანული კვირიკაშვილი.
თამარაშვილის #25-ში მცხოვრებლებმა ამხანაგობის შესაქმნელად ნოტარიუსში საბუთები უკვე შეიტანეს. დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ, საკანალიზაციო სისტემისა და ასფალტის დაგებისათვის იზრუნებენ. მაგრამ, რამდენ ხანში გაფორმდება ოფიციალური მხარე, ან როგორც წესი, ამხანაგობის შემქნის შემთხვევაში, მშენებლობის ხარჯებისათვის საჭირო 20 პროცენტს ყველა ოჯახი რამდენად გაიღებს, და მერე სამუშაოების დაწყებისათვის რამდენად სწრაფად დაჯდება თანხა მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიშზე, არავინ იცის. წვიმიანი ამინდები კი მდგომარეობას დღითიდღე ართულებს.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი