თურქული თუ სტომატიტი?


ასპინძის შემდეგ პირუტყვის ინფექციური დაავადება ახალციხეშიც გავრცელდა. ამჯერად საქონლის გადარჩენას საბარგო სადგურზე მცხოვრები მოსახლეობა ცდილობს.

ახალციხეში, საბარგო სადგურზე 90-მდე სულია ინფიცირებული.
დაავადებული საქონელი თითქმის ყველა ოჯახშია. ადგილობრივები ამბობენ, რომ კვირაზე მეტია ეს მდგომარეობაა.   
საბარგო სადგურზე მცხოვრებმა ნათელა ჩიგოგამ დაავადების სიმპტომები როგორც კი შეამჩნია, ძროხა საძოვარზე აღარ გაუშვა: “უკანა ფეხების გადადგმა უჭირდა, პირიდან ნერწყვი სდიოდა, ვერც ჭამდა. მივხვდით, რომ თურქული ჰქონდა.

მისივე თქმით, მეუღლემ დახმარებისთვის ახალციხეში ვეტერინარიის სამსახურს მიაკითხა, თუმცა უშედეგოდ: უთხრეს, ვაქცინა არ არის და ვერაფრით დაგემხარებითო. როგორც შემიძლია ისე ვმკურნალობ, მარგანცოვკიან წყალს ვავლებ პირში”.   

რამდენიმე დღეა ორ ძროხას სახლის პირობებში მკურნალობს საბარგო სადგურზე მცხოვრები 70 წლის ეღნარ კირაკოსიანიც. დავარდნილი პირუტყვი მასაც სადგომში ჰყავს გამოკეტილი: “ორი ძროხა და ორი ხბო მყავს. ძროხები არიან ჩვენი ოჯახის მარჩენალი. არც ვიცი, რა უნდა ვიყიდო, რომ მოვარჩინო?!”

სამცხე-ჯავახეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლის ლეილა ნებაძის განმარტებით, თურქულით დაავადების შეთხვევაში, გარშემო ყველაფერი ინფიცირებულია, რადგან პირუტყვს პირიდან უწყვეტად მოსდის წებოვანი სითხე და ჩლიქებზე ღია წყლულები აქვს: ამიტომ, აუცილებელია გარემოს დეზინფექცია”.

თუმცა, მაშინ როცა, მოსახლეობა დაინფიცირებულ პირუტყვს პირში სხვადასხვა სახის ხსნარებს ხელთათმანის გამოყენების გარეშე ავლებს, სადგომების დეზინფექციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. არადა, დაავადების ცხოველიდან ადამიანზე გადადების ალბათობა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში იზრდება, თუ ხელზე კანის საფარველი დაზიანებულია.

დღეში ორჯერ ვავლებ მარილწყალს, სად მაქვსფელჩატკები?!” - ამბობს ეღნარ კირაკოსიანი. 

მისი მეუღლის სიმონ კირაკოსიანის თქმით, გასულ წლებში პირუტყვი რეგულარულად იცრებოდა: ბოლოს ჭრიჭინაზე აცრეს. ახლა ვინაა ჩვენი პატრონი?! ვეტერინარიის სამსახური ყურადღებასაც არ გვაქცევს, ფულს გადავიხდით, ოღონდ კი წამალი იყოს რაიმე”.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური ამბობს, რომ საბარგო სადგურზე გავრცელებული დაავადება სტომატიტია: “ინფექციის გამოვლენის შემდეგ, ჩვენი სპეციალისტი იყო საბარგო სადგურზე და საქონელი ნახა. ეს დაავადება კლინიკური ნიშნებით ძალინ ჰგავს თურქულს. ხასიათდება ციებ-ცხელებით, ასევე პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ენაზე, ცურის დვრილებზე და ჩლიქებს შუა ვიზურკულების წარმოქმნით”.  

საწინააღმდეგოს აცხადებს ვეტერინარი ამირან კოჩალაძე: სტომატიტით  არაა დაინფიცირებული ეს პირუტყვი. იგი მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება დაფიქსირდეს. ასე მასიურად გავრცელებული თურქულია. მოსახლეობას კი უბრალოდ უმართლებს, რომ დაუცველ პირობებში თავადაც არ ავადდებიან”.   

ლია ბექაურის თქმით, სახელმწიფო პროგრამა სტომატიტის შემთხვევაში პირუტყვზე ვაქცინის ჩატარებას არ ითვალისწინებს. თუმცა, როგორც მოსახლეობა აცხადებს, უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში, საქონელი არა თუ თურქულზე, არამედ არანაირი დაავადების წინააღმდეგ არ აცრილა.  

გასული წლის დეკემბერში საბარგო სადგურზე საქონელი თურქულის საწინააღდეგო ვაქცინით უნდა აგვეცრა და მოსახლეობამ არ აგვაცრევინა. ვაქცინის გაკეთების უფლება მხოლოდ სამმა ოჯახმა მოგვცა”, - ამბობს სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალციხის რაიონული სამმართველოს სპეციალისტი არტურ ხნკოიანი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვერიკო გულუას განცხადებით, სახელმწიფო პროგრამა ნაკლებად საშიშ დაავადებების ვაქცინას არ აფინანსებს: თურქული საშიშ დაავადებად ითვლება, მაგრამ როგორც ჩვენმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, საქართველოში თურქულის შემთხვევა გამოვლენილი არაა. ეს შერეული ინფექციებია და მათ შორის ერთ-ერთი სტომატიტიცაა”.

გულუას განმარტებით, თუ ქვეყანაში თურქული დაფიქსირდება, მაშინ სახელმწიფომ კარანტინი უნდა გამოაცხადოს, აკრძალოს ექსპორტი და იმპორტი.

ეს ქვეყნის ეკონომიკაზე  მძიმედ აისახება. ამდენად, თურქული რომ დაფიქსირებულიყო, სახელმწიფო მნიშვნელოვან ღონისძიებებს გაატარებდა, - ამბობს გულუა და დასძენს, რომ რვა კვირაში ქვეყანაში თურქულის საწინააღდეგო ვაქცინა შემოვა, – აქამდე ამ დაავადების წინააღმდეგ მხოლოდ ბუფერული ზონები აიცრა, ახლა ვაქცინაცია ყველა დარჩენილ სოფელში ჩატარდება”.  

თურქულითაა დაავადებული პირუტყვი თუ სტომატიტით გაურკვეველია, თუმცა, ის, რომ სახელმწიფო მალე თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს აშკარაა. მანამდე კი ინფექციით ყოველდღე მეტი პირუტყვი ავადდება. თურქულს თუ სტომატიტს უკვე სოფელ აწყურშიც ებრძვიან.

თამუნა უჩიძე, ახალციხე
 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი