დახმარება ისევ პრესტიჟულმა სკოლებმა მიიღეს


პრეზიდენტის ინიცირებული პროექტი ALUMNI გრძელდება, თუმცა წარმატებული კურსდამთავრებულების აქტიურობა აღარ შეინიშნება. ახალციხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში კი პროექტის ფარგლებში არაფერი გაკეთებულა.    

“წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბი ALUMNI  ეს არის პრეზიდენტის ინიცირებული პროექტი, რომელიც “კურსდამთავრებულთა კლუბის” ფარგლებში წარმატებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე, სკოლას, სადაც სწავლობდნენ გარკვეული დახმარება აღმოუჩინონ. მათ, ვისი ანაზღაურებაც 1000 ლარზე ნაკლებია, სკოლას 50 ლარი უნდა გადაურიცხონ; ხოლო ვისაც 1000 ლარზე მეტი აქვს, სულ მცირე 100 ლარი.
 საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, პროექტის ფარგლებში მიღებული თანხა ღვაწლმოსილი პედაგოგების დასახმარებლად და სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად უნდა გადანაწილებულიყო.

ვიდრე პროექტი დაიწყებოდა, პედაგოგები ამბობდნენ, რომ საქართველოს ყველა სკოლა ამ დახმარებით თანაბრად ვერ ისარგებლებდა. განსაკუთრებით მცირეკონტიგენტიანი და სოფლების სკოლები დაიჩაგრებოდნენ.

სამცხე-ჯავახეთის სოფლების სკოლების უმრავლესობა მცირეკონტიგენტიანია. პროექტის ფარგლებში სკოლებში ჩარიცხული თანხა იმდენად მცირეა, რომ წარჩინებული პედაგოგებისთვის პრემიების გადაცემა და სკოლის ტექნიკური ბაზის გაძლიერება შეუძლებელია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლის საჯარო სკოლა, სადაც ამჯამად 43 მოსწავლეა, მცირეკონტიგენტიანია. სკოლის დირექტორი ავთანდილ აბაშიძე ამბობს, რომ ჭეჭლის სკოლას ბევრი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, თუმცა გადმორიცხული თანხა მხოლოდ 150 ლარს შეადგენს.

“ეს ძალიან მცირე თანხაა. ვერც კომპიუტერებს ვიყიდით და ვერც სკოლას გავარემონტებთ, რაც ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. თანხა რაშიც გვეყოფა იმას გავაკეთებთ, სკოლის ეზოს შემოღობვას ვგეგმავთ”, - ამბობს დირექტორი და აქვე ამატებს, რომ სოფლის სკოლები და პედაგოგები დაიჩაგრნენ და მცირეკონტიგენტიან სკოლებს სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.

თანხის სიმწირესა და სკოლის პრობლემებზე საუბრობს სოფელ მლაშის საჯარო სკოლის დირექტორი, გურამ გობაძე. მისი თქმით, წარმატებული კურსდამთავრებულების მოძიება თავად მოუხდათ: “პროექტის ფარგლებში სკოლაში მხოლოდ 100 ლარია ჩარიცხული. ჩვენს კურსდამთავრებულებს, ვისთანაც ხელი მიგვიწვდებოდა, წერილობით მივმართეთ დახმარებისთვის, თუმცა რატომღაც აქტიურობა არ გამოუჩენიათ”.

აღნიშნული თანხით სკოლის მხოლოდ შესასვლელის შემოღობვა იგეგმება: “სკოლა მთლიანად შემოსაღობია, კარ-ფანჯარაც გამოსაცვლელია, თანხა კი ძალიან ცოტაა”.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხნის საჯარო სკოლამ პროექტის ფარგლებში 800 ლარი მიიღო.

“თანხა ექვსმა კურსდამთავრებულმა გადმოგვირიცხა. ამ თანხიდან ორ წარჩინებულ პედაგოგს პრემია გადავეცით და რაც დაგვრჩა იმით სამასწავლებლოსთვის ტელევიზორი, რბილი ავეჯი და სატელიტური ანტენა შევიძინეთ”, - ამბობს ვარხნის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ნონა გუბელაძე.

12 აპრილის მდგომარეობით, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში 5 525 ლარია ჩარიცხული.

“თავდაპირველად გათბობის სისტემის რებილიტაციას ვგეგმავდით, მაგრამ   თანხა საკმარისი არ იყო. ამიტომ, გადავწყვიტეთ დაწყებითების კორპუსი მაინც გაგვეკეთებინა”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

სოფლის საჯარო სკოლების დირექტორების თქმით, სოფლის სკოლებთან შედარებით ქალაქის სკოლები ისედაც კარგ პირობებში არიან. აღნიშნული პროექტი მხოლოდ ქალაქის სკოლებისთვის აღმოჩნდა წარმატებული, სოფლის სკოლების მდგომარეობა კი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
  
მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი