ცხოვრება მუდმივი გამოსახლების შიშით


 აფხაზეთიდან დევნილი ასატურიანების ოჯახი 20 წელიწადია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრაში ცხოვრობს. მრავალრიცხოვან ოჯახს მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს და შესაძლოა ერთ დღეს ქუჩაში აღმოჩნდეს.

ერთ დროს გალის მუნიციპალიტეტის სოფელ კახურაში ასატურიანებს საკუთარი სახლი და ნაყოფიერი მიწები ჰქონდათ. ახლა კი მათ მხოლოდ რამდენიმე ქათამი ჰყავთ, სხვის სახლში დროებით ცხოვრობენ და სხვის მიწებს ამუშავებენ.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს მესამე სახლია, რომელმაც ასატურიანები შეიფარა. სახლის პატრონი რუსეთში ცხოვრობს და სახლი რომ არ გაიძარცვოს და დაინგრეს, მისთვის მისაღებია იქ ვინმე ცხოვრობდეს.

თუმცა, ერთ დღეს შესაძლოა სახლი გაიყიდოს და ასატურიანები ისევ ქუჩაში დარჩებიან. მსგავსი ფაქტი ერთხელ უკვე შეემთხვათ, პირველი სახლის პატრონმა, სადაც ისინი 1993 წელს აფხაზეთიდან გამოქცევისთანავე დასახლდნენ, რამდენიმე წლის შემდეგ მიზეზის აუხსნელად გამოასახლა.

როდესაც აქ ჩამოვედით, არაფერი გვქონდა, სოფლის მკვიდრები თავიდან გვეხმარებოდნენ, ვისაც რითი შეეძლო, ახლა აღარ გვეხმარებიან. დღეს უკვე დიდი ოჯახი გვაქვს, ვაჟიშვილები დაოჯახდნენ, სამი შვილიშვილი გვყავს”, - ამბობს გალია ასატურიანი.    

მას შემდეგ, რაც ასატურიანებმა გაიგეს, რომ ყოფილი სამხედრო დასახლების ბინები უქონელ მოქალაქეებს უნდა დაურიგდეთ, დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს.

დახმარებას დაგვპირდნენ, მაგრამ გაგვაფრთხილეს, რომ ყველა კარგი სახლი უკვე დაკავებულია და მხოლოდ ნახევრად დანგრეული ბინები დარჩა. გვითხრეს, რომ როგორც კი ტელევიზიით ბინების დარიგების დაწყების შესახებ გამოცხადდება, მივიდეთ”, - ამბობს გალია ასატურიანი და ამატებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახლის გარემონტების საშუალება არ აქვთ, არასახარბიელო ბინის მიღებაც გაუხარდებათ: მართალია, კარგი ბინის მიღების იმედი გვქონდა, მაგრამ ქუჩაში დარჩენას ნახევრადდანგრეული სახლი გვირჩევნია”.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 16 დევნილი ოჯახი, 45 ადამიანი ცხოვრობს. იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 28 ლარს იღებენ, წელიწადში ერთხელ კი ადგილობრივი ბიუჯეტი თითოეულს 50 ლარს ურიგებს.

გალია ასატურიანი ოთხ ბავშვთან ერთად მშობლიური კახურადან ტრაქტორით გამოიქცა. ამ დროს ენგურზე ხიდი უკვე დანგრეული იყო და მდინარე ხელში აყვანილი ბავშვებით გადმოლახა. მისი მეუღლე ვარდან ასატურიანი მაშინ აფხაზეთში დარჩა იმ იმედით, რომ უკან მალევე დაბრუნდებოდნენ. თუმცა მეორე დღეს, როცა მათ სოფელში აფხაზები შევიდნენ, საბუთები აიღო და ტყით გამოიქცა.

90-იანი წლების დასაწყისში ასატურიანების ოჯახთან ერთად, აფხაზეთიდან ბევრი ოჯახი წამოვიდა. უმრავლესობას ახალქალაქში ნათესავები არ ჰყავდა, საცხოვრებელი სახლები ვერ მონახეს და რუსეთში გაემგზავრნენ.

2000 წლიდან ტელევიზიის ეთერში გაჩნდა განცხადებები, რომ საკუთარ სახლში დაბრუნება ყველა დევნილს შეეძლო. დაბრუნება ასატურიანების ოჯახმაც გადაწყვიტა. თავდაპირველად კახურაში ოჯახის უფროსები გაემგზავნენ.

სახლი დანგრეული დაგვხვდა, ერთი ნივთიც აღარ იყო. ღამე ერთ ოჯახში გავათენეთ, რომელიც წარმოშობით ჩვენი მხრიდანაა. იმ ღამეს სახლში ყაჩაღები შემოიჭრნენ, ალბათ იფიქრეს, რომ ბევრი ფული გვქონდა და გაქურდვა დაგვიპირეს. ფული წაგვართვეს, სახლი გაქურდეს, მასპინძლების გარდერობი დააცარიელეს. ოჯახის რძალს თითზე ბეჭედი ეკეთა, რომელიც ვერ მოხსნეს და ერთმა მძარცველმა დანით თითის მოჭრა დაუპირა. ამ დროს დედამთილი ჩაერია და რძალს ბეჭედი თითიდან ძლივსძლივობით მოხსნა. ჩვენი ქურთუკები იატაკზე იყო, მასპინძელმა ისინი ფეხით შეყარა ტახტის ქვეშ და მხოლოდ ასე გადაურჩა დაკარგვას ქურთუკის ჯიბეებში შენახული დოკუმენტები. მათ გვითხ
რეს, რომ აფხაზებს თვალში არ მოვხვედროდით. ოჯახსაც, რომელმაც ჩვენ შეგვიფარა, ძალიან ავიწროვებდნენ, ისინი კვირაობით, წყლისა და საჭმელის გარეშე იმალებოდნენ სიმინდის ყანებში, თუმცა, მაინც დარჩნენ”, - იხსენებს გალია ასატურიანი.

ახლა ასატურიანებს აღარც დაბრუნების იმედი აქვთ და აღარც დახმარების. გალიას მეუღლე ავადმყოფია და არ მუშაობს, რძლებიც უმუშევრები არიან, გალია სეზონურად მუშაობს, ადგილობრივებს კარტოფილის აღებაში ეხმარება: ვაჟებმა ბანკიდან სესხი აიღეს და ბელორუსიის გავლით რუსეთში წავიდნენ სამუშაოდ, მაგრამ დოკუმენტები არ აქვთ. ერთი ტომარა ფქვილი სულ რაღაც 15 დღე გვყოფნის. სახლის ირგვლივ 15 მეასედი მიწაა, კარტოფილს ვთესავთ, რაც მხოლოდ ჩვენთვისაა საკმარისი”.

მალე ასატურიანებს კიდევ ერთი წევრი შეემატებათ. გალია ასატურიანი გვიმხელს, რომ მოსალოდნელ სიხარულს დიდი შიშიც ახლავს, რაც უფრო ახლოვდება ბავშვის დაბადების დრო, მით უფრო ღელავენ ბინის საკითხზე და ეშინიათ ქუჩაში დარჩენის.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი