აცივებასთან ერთად მოსახლეობამ გათბობაზე ზრუნვა დაიწყო. ბუნებრივი გაზით გათბობა ჯერ ისევ ფუფუნებაა, შეშის გამოტანა კი კვლავინდებურად რთულია.
მართალია სამთავრობო პროგრამა “გაზი ყველა სოფელს” 2008 წელს დაიწყო, მაგრამ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელებში გაზიფიცირების სამუშაოები ჯერ არც დაწყებულა. შესაბამისად, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ამ ზამთარსაც შეშის ღუმელით მოუწევს გათბობა.
ადიგენის მკვიდრმა თენგიზ გელაშვილმა ხის მოჭრის ნებართვა მიიღო, მაგრამ შეშა ჯერ არ მოუმარაგებია: “ხეები ისეთ ადგილზეა დანომრილი, რომ შესვლა მიჭირს, მანქანა იქამდე არ მიდის. იძულებული ვარ ხარებით გამოვიტანო. ამას კი რამდენიმე “რეისი” დასჭირდება და საწვალებელია”.
მსგავსი პრობლემა აქვს სოფელ ბოლაჯურში მცხოვრებ იაკობ ქიმაძესაც: “ძალიან ცუდ ადგილებში გვინომრავენ ხეებს. გლეხებს ეს პრობლემა ყოველ წელს გვაქვს, ძალიან ვწვალობთ”.
თენგიზ გელაშვილის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ გამოყოფილი შეშა ზამთრისთვის საკმარისი არ არის: “10 კუბური მეტრი მჭირდება, მაგრამ ხუთის გამოტანის უფლება მომცეს, დანარჩენს რას ვიზამ არ ვიცი”.
გლეხების ნაწილი ამბობს, რომ ტყიდან შეშა საწვავის გაძვირების გამოც ვერ მოაქვს.
“სულ მცირე 200 ლარის ბენზინი გინდა ტყეში რომ წახვიდე. ამის საშუალება ყველას არ აქვს, განსაკუთრებით იმ ოჯახებს უჭირთ, რომლებიც პენსიით ცხოვრობენ”, - ამბობს სოფელ უდეში მცხოვრები სიმონ თათოშვილი. მისივე თქმით, შეშის დამზადებასა და გამოტანას უამინდობაც უშლის ხელს.
სოფელ ბოლაჯურში მცხოვრები ჯემალ ხახიშვილის თქმით, რეინჯერების თვითნებური საქციელის გამო, მათ არაერთი პრობლემა ექმნებათ: “ყველა საბუთიც რომ გქონდეს, ტყეში მაინც არ გიშვებენ. თუ შეხვალ, ან გარემოს დაცვის ინსპექცია უნდა დაგხვდეს, ან მეტყევე და რომ გამოგიშვან, ფული უნდა მისცე. გარდა ამისა, ტყეში შეშა აღარ დარჩა, ჯერ იყო და ხანძარმა გადაწვა ნახევარ ტყე, რაც გადარჩა ხალხმა შეისყიდა, აბა გაბედე და იქიდან შეშა გამოიტანე, სამი იმდენი დაგიჯდება. გადავწყვიტე წელს შეშა მეყიდა, 250 ლარი გადავიხადე 6 კუბურ მეტრში, მაგრამ არ მეყოფა, 10 კუბამეტრი მაინც მჭირდება”.
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამართველოს უფროსი დავით კახიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობისათვის საშეშე მერქნის რაოდენობა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის განკუთვნილია 12 კუბური მეტრი, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის - 7 კუბური მეტრი.
რაც შეეხება შეზღუდვებს, მისი თქმით ეს იმიტომ ხდება, რომ ასე მეტ მოქალაქეს აკმაყოფილებენ: “მაგალითად, როცა 100 კუბური მეტრი შეშის გაცემის უფლება გვაქვს, ერთ კაცზე 10 კუბური მეტრი რომ გავცეთ, 10 მოქალაქე დაკმაყოფილდება. თუ 5-ს გავცემთ, მაშინ 20 მოქალაქეს დავაკმაყოფილებთ. ამიტომ, ამ ეტაპზე, სანამ დამატებით ტყეკაფი გამოიყოფა, გადავწყვიტეთ შეშა შეზღუდვებით გავცეთ”.
კახიშვილი არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსაჭრელი ხეები მიუვალ ტყეებშია გამოყოფილი.
“ყველას უნდა, შეშას რომ მოჭრის, პირდაპირ მანქანაზე დატვირთოს, მაგრამ ასე არ არის. ხეები წინასწარ ინომრება, ეს ევალება ტყის მართვის განყოფილებას, რომლის შემადგენლობაშიც 10 კაცია. ისინი რეინჯერებთან ერთად მიდიან ტყეში და ნომრავენ ისეთ ხეებს, რომელიც შეიძლება იყოს გამხმარი, მოღრეცილი ან ჭია ყავდეს შეპარული. ასეთი ხეები ან გზასთან ახლოს იქნება, ან სიღრმეში”, - ამბობს სამმართველოს უფროსი და ამატებს, რომ პრეტენზიები გზის მდგომარეობსთან დაკავშირებით მას არ ეხება და ეს პრობლემა მუნიციპალიტეტების გამგეობებმა უნდა მოაგვარონ.
წელს სამცხე-ჯავახეთში ერთი მანქანა შეშის ღირებულება 250-დან 300 ლარამდე მერყეობს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თვის ბოლომდე შეშის ფასი უფრო გაიზარდება.
იმისათვის, რომ მსურველმა ხის ჭრაზე ნებართვა მიიღოს, გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს. კერძოდ, საშეშე მერქნის დამზადების მსურველმა უბნის უფროსს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას უნდა ერთვოდეს პირადობის მოწმობის ასლიც. მას შემდეგ, რაც უბნის უფროსი ნებართვას გასცემს, მოქალაქე საქართველოს ნებისმიერ ბანკში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს იხდის. ფოთლოვან ჯიშზე, ერთ კუბურ მეტრზე, 3 ლარია გადასახადი, წიწვოვანზე კი 2 ლარი. თანხის გადახდის ქვითრის საფუძველზე, ტყის მცველი მოქალაქეს მოსაჭრელ ხეებს უთითებს, დამზადების შემდეგ კი უწერს ხე-ტყის კანონიერად შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამ დოკუმენტის ვადა განისაზღვრება დამოწმებიდან არაუმეტეს 12 საათისა.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი