მასწავლებლობის მაძიებლები მეორე ეტაპის მოლოდინში არიან


მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია 15-მა დამწყებმა პედაგოგმა გაიარა.  
 მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისთანახმად, მაძიებლობა შეუძლიათ დამწყებ მასწავლებლებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება შესაბამისი კვალიფიკაციით და ჯერ არ უმუშავიათ.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის ლია ბერიძის თქმით, რეგისტრაცია 16-მა მსურველმა გაიარა, თუმცა ერთმა მათგანმა არაქართულენოვან სკოლაში მუშაობა დაიწყო და განათლების სამინისტრომ მაძიებლობის ნებართვა არ დართო.  მაძიებლობის პერიოდში აქტიურად უნდა იყო მენტორ მასწავლებელთან და მაძიებლობა და მუშაობა ერთდროულად არ შეიძლება”.

რეგისტრირებული მაძიებლების საბუთები სკოლებს გადაეგზავნება,  კანდიდატებს სკოლის შესარჩევი კომისიები შეარჩევენ, რომელშიც შედის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე, პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რესურსცენტრის წარმომადგენელი და მენტორი მასწავლებელი.

მაძიებლებს მენტორობას ის პედაგოგები გაუწევენ, რომლებმაც სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ერთ მენტორს რამდენიმე მაძიებელი ეყოლება.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმღებ სკოლებად ოთხი სკოლა შეირჩა: ახალციხის პირველი, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლები და კერძო სკოლამზექა”.

ახალციხის მეორე საჯარო სკოლას მენტორი მასწავლებელი არ ჰყავს. ამ სკოლიდან სასერტიფიკაციო გამოცდაზე არავინ გასულა.

მასწავლებლებმა ტრენინგები კი გაიარეს, მაგრამ ჩათვალეს, რომ შესაბამისი ცოდნა ვერ მიიღეს. სასაცილოები არ გავხდებითო და ამიტომ გამოცდაზე არ გავიდნენ”, - ამბობს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე.

მასწავლებლობის მაძიებელი 15 მსურველიდან 10 ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგია, ორი მათემატიკის სპეციალისტია, თითო - თითო კი ინგლისურის, რუსულისა და გერმანულის სპეციალისტები არიან.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკურსი მხოლოდ ფილოლოგებთანაა და სხვები ავტომატურად დარჩებიან. შემოწმდება პროფესიული უნარები და საგნობრივი ცოდნა და თუ არ დააკმაყოფილებს მაძიებელი, არ აირჩევენ”, - ამბობს ლია ბერიძე.

როდის ჩატარდება გასაუბრება და რომელ სკოლას რა საგანში ეყოლება მენტორი, ამ ეტაპზე რესურსცენტრში არ იციან.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრიდან ველოდებით ინფორმაციას. ამ ეტაპზე გასარკვევია რომელი სკოლა რომელ საგანს აირჩევს. ამას ალბათ სპეციალურად არ გვეუბნებიან, რომ გამოირიცხოს უსიამოვნებები. გადაანაწილებენ პროპორციულად, რომ არც სკოლა დარჩეს დაზარალებული და ბავშვებსაც მუდამ ვინმე უცხო არ ესწრებოდეს”, - ამბობს ლია ბერიძე.

მაძიებლობის პერიოდი ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. ამის შემდეგ მაძიებლებს უფლება ეძლევათ სასერტიფიკაციო გამოცდა გაიარონ და მასწავლებლობის უფლება მოიპოვონ. ერთი წლის გავლის შემდეგ, სკოლა წყვეტს რომელი მაძიებელი დაიტოვოს.

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში ოთხი სერტიფიცირებული პედაგოგია, თითო ქართულისა და მათემატიკის და ორი გერმანული ენის. სკოლის დირექტორის თქმით, სკოლა დაკომპლექტებულია და ამ ეტაპზე კადრები არ სჭირდება: მაგრამ, ეს პროექტი ითვალისწინებს იმას, რომ სკოლას ჰყავდეს რეზერვი, მომზადებული კადრი. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ამ ერთი წლის შემდეგ მაძიებელი ვერ დასაქმდეს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაძიებლის უპირატესობა ისაა, რომ კოლექტივი იცნობს მის გამოცდილებას და გადაწყვეტილების მიღებისას ამ კუთხით მას აქვს პრივილეგია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მიიღებენ”.

როდის გაიმართება მაძიებლობის შესარჩევი მეორე ეტაპი, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

სტატია ამავე თემაზე:

''შანსი დამწყები მასწავლებლებისთვის'' 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი