ინფორმირებულობა – საუკეთესო გზა უფლებების დასაცავად


სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეული პაციენტების საჩივრების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. უკმაყოფილება დაზღვეულების არაინფორმირებულობის შედეგია.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურში, რომელიც სადაზღვევო ურთიერთობებისას წარმოქმნილ დავებს აგვარებს, აცხადებენ, რომ იანვრიდან ივნისამდე მათ ორგანიზაციაში 3554 საჩივარი შევიდა. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ ამ საჩივრების 95 პროცენტი არ დაიწერებოდა, პაციენტებს ზუსტად რომ სცოდნოდათ, რა უნდა მოითხოვონ სადაზღვევო კომპანიისგან და საერთოდ, როგორ ნაწილდება უფლება-მოვალეობები კონკრეტულ მოქალაქესა და სადაზღვევო კომპანიას შორის.

მედიაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ლიკა მემარნიშვილის თქმით, სწორედ არაინფორმირებულობაა დაზღვეულებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის კონფლიქტის წარმოშობის ძირითად მიზეზი: ადამიანები ხშირად იმის გამო ჩივიან, რაც წესით, არ ეკუთვნით. ვთქვათ, თერაპიული მომსახურება უნდათ, ეს კი პოლისში არ დევს. ანდა უფასო მედიკამენტებს ითხოვენ, როცა ეს სადაზღვევო პოლისით არ ანაზღაურდება”.
სართიჭალაში მცხოვრები თელძაყან ალიბეგოვა, რომელიცსიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაშიაჩართული, 27 სექტემბერს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ეპილეფსიის მორიგი შეტევის გამო მივიდა. იგი ამბობს, რომ საავადმყოფოს მედ-პერსონალმა ყურადღება არ მიაქცია და მთელი ღამე მისაღებში ფეხზე მდგომმა გაათია: “სავადმყოფოში რომ მოვედი შეტევამ ისევ გამიმეორა და ექიმები ფეხზე წამოდგომაშიც არ დამეხმარნენ. დახმარების გაწევის ნაცვლად მორიგე ექიმი მიმეორებდა დაწექი და დაიძინეო”.

საავადმყოფოდან გამოსულ თელძაყან ალიბეგოვას თან მხოლოდ ფორმა-100 ჰქონდა, სადაც ეწერა, რომ მას ეპილეფსია და დიაბეტის მეორე ფორმა აქვს. მის ნივთებში სადაზღვევო პოლისი ვერ აღმოვაჩინეთ და ვერც მან გვიპასუხა, რომელ სადაზღვევო კომპანიაშია დაზღვეული: არაფერი წამიკითხავს, მხოლოდ ის ვიცი, რომ აქ სულ უფასოდ უნდა მომემსახურონ.

ალიბეგოვა გამონაკლისი არ არის. სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შესახებ არც ქალაქ გორში მცხოვრებ ნატო ადუაშვილს აქვს სრულყოფილი ინფორმაცია: სოციალურად დაუცველი ვარ, სახალხო დაზღვევაში ვარ დაზღვეული. ხელშეკრულება არ წამიკითხავს, პოლისს რაც აწერია, ის ვიცი. შარშან ხელი მოვიტეხე, გორის საავადმყოფოში ექიმმა დახმარება არ გამიწია, უფასო მომსახურება არ გეკუთვნისო, მითხრა. მიზეზი არც მიკითხავს გამწარებულს”.

ამგვარი ფაქტების არსებობას საავადმყოფოებში ძირითადად უარყოფენ.

პაციენტებს, რომელთაც დაზღვევის პრობლემები ექმნებათ, გადაუდებელი ანდა ფორს-მაჟორის შემთხვევაში უსასყიდლოდ ვემსახურებით, მდგომარეობას ვასტაბილურებთ და შედარებით იაფ სამედიცინო დაწესებულებაში ვუშვებთ, - ამბობს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის საფინანსო სამსახურის უფროსი.

ჯი პი აი”, “აისი ჯგუფი”, “ირაო”, “არქიმედე”, “ალდაგი ბისიაი”, “იმედი ელ”, “ქართუ”, “ტაო”, “ვესტი”, “პარტნიორი”, “ალფადასტანდარტ დაზღვევა საქართველო” - ის სადაზღვევო კომპანიებია, რომელთა დაზღვეულებსაც ღუდუშაურის კლინიკა ემსახურება.

ღუდუშაურის კლინიკის საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა სადაზღვევო კომპანიები თანხებს დაგვიანებით რიცხავენ, თუმცა მომსახურების ხარისხზე არც ეს ფაქტი მოქმედებს: “თვის ბოლოს მედ-პერსონალი იღებს ანაზღაურებას ისე, რომ ვერც კი გრძნობს გადმორიცხა თუ არა სადაზღვევომ თანხა. ეს საავადმყოფოს შიდა სამზარეულოა. პაციენტს არავინ ეპყრობა უყურადღებოდ იმის გამო, რომ დაზღვეულია და მისი მკურნალობის ხარჯები დროზე არ ანაზღაურდება”. 

სადაზღვევო კომპანიაიმედი ელ”-ის წარმომადგენელი ლალი გოგაშვილი ამბობს, რომ თანხებს დაგვიანებით არ რიცხავენ: ხელშეკრულებაში ჩადებულია მკაფიოდ გაწერილი გრაფიკი და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ არ დავარღვიოთ. თუ საბუთები სრულადაა მოწოდებული, თანხას დაუყოვნებილვ ვრიცხავთ”.

იგი უარყოფს დაზღვეული პაციენტების უფლებების დარღვევის ფაქტებსაც:  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექიმმა პაციენტი არ მიიღო, ჯერ-ჯერობით არ მაქვს. არა მგონია ასეთი ფაქტები არსებობდეს”.

იმედი ელ“-ის წარმომადგენელი ვერც დაზღვეულთა არაინფორმირებულობის პრობლემას ხედავს: ჩვენი გაყიდვის მენეჯერები აქტიურად მუშაობენ. ხშირად ვაწყობთ პრეზენტაციებს და მზღვეველებს დაზღვევის პირობებს ვაცნობთ“.

მიუხედავად ამისა, საჩივრების რაოდენობა მაინც თვიდან თვემდე იზრდება. თუ მედიაციის სამსახურში 2010 წლის იანვარში 365 მოქალაქე ჩიოდა სადაზღვევო კომპანიასთან შექმნილი პრობლემის გამო, ივნისში მომჩივანთა რიცხვმა 824- მიაღწია. სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის დევი ხეჩინაშვილის თქმით, პრობლემაა სადაზღვევო კომპანიების მხრიდან თანხების დაგვიანებით ჩარიცხვა, თუმცა,  თვითონ დაზღვეულებიც უნდა მიეჩვიონ სადაზღვევო ხელშეკრულების გულდასმით წაკითხვას.

პირველადი ინფორმაცია გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტოში. სწორედ აქ უნდა განუმარტონ რას მიაქციოს პოტენციურმა ბენეფიციარმა ყურადღება. ზოგადად ინფორმირება ყველა იმ უწყების მოვალეობაა, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ“, - აცხადებს მედიაციის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლიკა მემარნიშვილიც.

რაც უფრო ინფორმირებული დაზღვეულები გვეყოლება, მით უფრო ორიენტირებული იქნებიან ისინი ხარისხზე”, - დასძენს დევი ხეჩნიაშვილი.

ნინო ნარიმანიშვილი, თბილისი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი