ახალციხის საფეხბურთო გუნდი “მესხეთი” უსახსრობის გამო საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგიდანაც გამოირიცხა.
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან “მესხეთი” გასული წლის ივლისში უსახსრობის გამო დააქვეითეს. გუნდმა უმაღლეს ლიგაში ლიცენზია ვერ გაიარა. ამის გამო, პირველ ლიგაში თამაში მინუს სამი ქულით დაიწყო.
“ლიცენზიისთვის გარკვეული თანხა და პირობები იყო საჭირო, რაც ჩვენ არ გვქონდა”, - ამბობს “მესხეთის” მწრთვნელი პაატა გოგოლაძე და აქვე ამატებს, რომ საქართველოს ჩემპიონატი უკვე დაწყებულია და გუნდს დამფინანსებელი რომც ჰყავდეს, წელს მონაწილეობას მაინც ვეღარ მიიღებს.
ახალციხეში ფეხბურთს ახლა მხოლოდ პატარა ფეხბურთელები თამაშობენ. ფეხბურთის გუნდი ახალციხის კომპლექსურ სასპორტო სკოლაშია შექმნილი. პაატა გოგოლაძე ფიქრობს, რომ ეს ბავშვები მომავალში განახლებულ “მესხეთში” ითამაშებენ: “ერთი წელი უნდა დავისვენოთ, იმედი მაქვს ამ ხნის განმავლობაში ვინმე კეთილი ადამიანი გამოჩნდება, ვისაც ფეხბურთი უყვარს და გუნდს ისევ თავიდან შექმნის”.
ფინანსური პრობლემების გარდა ახალციხის “მესხეთის” დაშლა სხვა მიზეზებმაც გამოიწვია. გუნდს რამდენიმე ფეხბურთელიც დააკლდა.
პირველი ლიგის მეორე ეტაპი “მესხეთმა” საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე ითამაშა. გუნდის მთავარი მოთამაშე და ბომბარდირი ირაკლი ცნობილაძე სათამაშოდ ქუთაისის “ტორპედოში” გადავიდა. პაატა გოგოლაძის თქმით, გუნდისთვის ეს სერიოზული დანაკლისი იყო: “ცნობილაძე გუნდის მთავარი თავდამსხმელი იყო და პირველი ლიგის პირველ წრეზე რვა გოლი გაიტანა”.
ასევე, სავალალო მდგომარეობაშია ახალციხის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის საფარიც. ყოფილი გუნდის მწრთვნელი ამბობს, რომ პირველი ლიგის თამაშებზე მსაჯებმაც ცუდად იმსაჯეს. ამას, ისიც დაემატა, რომ ჩემპიონატზე თამაში მინუს სამი ქულით დაიწყეს: “საკმაოდ მიკერძოებული მსაჯობა იყო და ქულებიც დაგვაკარგინეს. სამი ქულა რომ გვქონოდა, გუნდი მეორე ლიგაში გააგრძელებდა თამაშს. თუმცა, შესაძლოა ფინანსური პრობლემების გამო მაინც დაშლილიყო”.
ფინანსური პრობლემები “მესხეთში” 2008 წლიდან დაიწყო. 2008-2009 წლის სეზონიდან საფეხბურთო გუნდს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაფინანსება შეუწყვიტა. უმაღლესი ლიგიდან გამოვარდნილი გუნდი 2009 წლის აგვისტოს დასაწყისში აწყურელმა ნიკა სარჯველაძემ იყიდა.
“მესხეთი” ფაქტობრივად დაშლილი იყო და სარჯველაძემ ყველაფერი თავიდან დაიწყო. სამწუხაროდ, გუნდმა მხოლოდ ერთი წელი იარსება”, - ამბობს პაატა გოგოლაძე.
ფეხბურთელებს იმედი აქვთ, რომ მომავალ წელს გუნდს დამფინანსებელი გამოუჩნდება და “მესხეთი” თამაშს ისევ განაგრძობს. თუმცა, ჯერჯერობით ახალციხელი ბიზნესმენები “მესხეთის” ბედით არ ინტერესდებიან, გუნდს ვერც ფეხბურთის ფედერაცია ეხმარება. წლების განმავლობაში მიღწეული შედეგი წყალში ჩაიყარა და ახალციხეში გამოცოცხლებული სპორტული ცხოვრება კვლავ შეწყდა.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი