ჭაღარა პრობლემა


ზრუნავს თუ არა სახელმწიფო მოხუცებზე; რას ამბობენ ხანდაზმულები.

ქალაქ ახალციხეში მცხოვრებ მოხუცებს თავშესაფრზე მეტად კვების პრობლემა უფრო აქვთ.

ჩემი რესპონდენტი 72 წლის ბებოა, რომელიც მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოდან გამოვიდა და იქვე ,,სკამეიკაზეჩამოჯდა. არ უნდა ფოტო გადავუღო, არც სახელისა და გვარის გახმაურება.
,,არ მინდა გაიგონ, რომ აქ ვჭამ.

ამბობს, რომ სახელმწიფოს მადლიერია, პენსიაც აქვს და ყოველდღიური სადილიც.

,,საკუთარი თავს გავუკეთე ცუდი. ერთი შვილი, რომ მაინც მყოლოდა, აქ აღარ ვივლიდი. ის მიპატრონებდა და სამადლოდ სხვას არ მივაჩერდებოდი ხელებში”, - მეუბნება და სასადილოდან წამოღებულ პურს ყუას ატეხს.

ვეკითხები, თუ ისურვებდა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრებას.

,,აპაპააა! არა შვილო, სახლი მაქვს, კარი მაქვს. ზამთარში კი მიჭირს ცოტა გათბობა, მაგრამ მეგობრები მოდიან, ვლაპარაკობთ და დროც მალე გადის”,ამბობს ღიმილით.

მის მსგავსად ახალციხის მუნიციპალიტეტთან არსებული მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილო ყოველდღიურად 178 მოხუცს მასპინძლობს.

,,ოფიციალურად სიაში 170 ადამიანი გვყავს და რვაც ისე შევიფარეთ”, - გვიხსნის  მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს დირექტორი ციალა შავაძე.

მოხუცების ასაკი 70-95 წელია. ჰყავთ ას წელს გადაცილებული ბებოც, რომლისთვისაც სადილი ახლობლებს მიაქვთ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წელს მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოსთვის 72 ათასი ლარი გადმოირიცხა. რაც თვეზე ექვსი ათასი ლარი, დღეზე - 200, ხოლო თითოეულ მოხუცზე დღეში 1 ლარი და 12 თეთრი გამოდის, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როცა ზემოთმოყვანილი თანხა მთლიანად საკვებზე გაიხარჯება, თუმცა უფასო სასადილო ამავდროულად იხდის წყლის, დენის, გაზის გადასახადსაც. ანუ, ერთი მოხუცის გამოკვებაზე ყოველდღიურად დაახლოებით 57 თეთრი იხარჯება.

მოხუცების ყოველდღიური მენიუ სხვადასხვაგვარია. ჩემი მისვლისას მათ მაკარონი და ,,პერლოვკის სუპიჰქონდათ.

,,დღეში ერთხელ ჭამენ. ვისაც სურვილი აქვს, საჭმელი სახლში მიაქვს. ულუფების დოზა განსაზღვრულია, მაგრამ ყოველთვის მეტს ვაძლევთ, ჭურჭელი რომ მოაქვთ და იმას არ აუვსებ, ბრაზდებიან, მოხუცი კი პატარა ბავშვივითაა, სულ ჭირვეულობს. არ გვინდა ვინმე გავანაწყენოთ“, - ამბობს ციალა შავაძე.

ვინაობის გამხელა არც მეორე რესპონდენტმა ისურვა. ისიც მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოში იკვებება.

,,მთელი სიცოცხლე სახელმწიფოს ვემსახურე. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სიბერეში შრომა გიფასდება, აქ კი პენსიაც მათხოვრული მაქვს და აქაც მათხოვრად ვიქეცი. სუპიანი ,,ბანკითრომ ივლი ქუჩაში, ესაა საქმე?” - ოხრავს და მკაცრი ტონით მაფრთხილებს ფოტო არ გადავუღო.

სათნოების სახლის ,,კათარზისისპროექტმა ,,მეც დავბერდებიყველა ქართველი მოქალაქე ჩააფიქრა და დევიზი ,,შენ შეგიძლია დაეხმარო მათაქტუალური გახადა.

57 თეთრად კი, მე როცა დავბერდები, შესაძლოა ერთი ასანთის კოლოფიც ვეღარ ვიყიდო.  

გულო კოხოძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი