შანსი დამწყები მასწავლებლებისთვის


ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

  მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისთანახმად, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ დამწყებ მასწავლებლებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება შესაბამისი კვალიფიკაციით და ჯერ არ უმუშავიათ.
 ახალციხის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის ლია ბერიძის განმარტებით, რეგისტრაციის გავლის მსურველს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი საბუთები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი; ერთი ფოტოსურათი ზომით 3/4და რეგისტრაციის საფასურის, 25 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და რესურსცენტრში უნდა შეავსოს ავტობიოგრაფიის ფურცელი. ახალ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც ჯერ დიპლომი არ აქვთ, უფლება აქვთ მის ნაცვლად წარადგინონ უმაღლესი განათლების ნოტარიულად დამოწმებული ცნობა.

მაძიებლებს მენტორობას ის პედაგოგები გაუწევენ, რომლებმაც სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ლია ბერიძის თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ქართული ენის, მათემატიკისა და უცხო ენების სპეციალისტებს შეუძლიათ დარეგისტრირება. 

რეგისტრირებული მაძიებლების საბუთები სკოლებს გადაეგზავნება,  კანდიდატებს სკოლის შესარჩევი კომისიები შეარჩევენ.

ერთ მენტორს შესაძლოა ჰყავდეს რამდენიმე მაძიებელი, ამასაც სკოლა წყვეტს და სკოლავე ირჩევს წლის ბოლოს ვინ დაიტოვოს სამუშაოდ”, - გვიხსნის ლია ბერიძე.

მაძიებლობის პერიოდი ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. ამის შემდეგ მასწავლებლობის მაძიებლებს უფლება ეძლევათ სასერტიფიკაციო გამოცდა გაიარონ და მასწავლებლობის უფლება მოიპოვონ.

რეგისტრაცია 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი