ინკლუზიური განათლება სამცხე-ჯავახეთში


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში რესურს ოთახის მოწყობა დასრულდა. ამ ეტაპზე სკოლაში ხუთი ბავშვი სწავლობს.

თბილისის საჯარო სკოლების შემდეგ ინკლუზიური განათლების პროექტის ფარგლებში, რესურს ოთახები ცხრა რეგიონის საპილოტეE სკოლებშიც გაიხსნა. სამცხე-ჯავახეთში საპილოტედ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაა შერჩეული.
 ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას. მისი მიზანია ამ ბავშვების განათლების ხელშეწყობა, მათი ინტეგრაცია შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება.

პროექტის თანახმად, სამიზნე საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო უნდა არსებობდეს. საპილოტე სკოლებში უკვე მოეწყო შესაბამისი რესურს ოთახები, რომელიც ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინდივიდუალურ და ჯგუფურ მეცადინეობებს, მათთვის სასწავლო მასალის მომზადებას და ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის მონაწილეთა შეხვედრებს.

ინკლუზიური განათლების კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში ხათუნა ბალახაშვილი ამბობს, რომ რესურს ოთახი აღჭურვილია ყველა იმ ინვენტარით, რაც ბავშვების განვითარებისთვისაა საჭირო: გვაქვს უამრავი თავლსაჩინოება, სხვადასხვა ფერის სათამაშოები, რაც ეხმარება მატ მეცადინეობაში. ასევე გვაქვს კომპიუტერი და მაგიდები, სკამები და ეტლები ინდივიდუალური და ჯგუფური მეცადინეობისთვის”.

რესურს ოთახი სკოლის მეორე კორპუსში მოეწყო. განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ რესურს-ოთახი უფროსი კლასელების კორპუსში ყოფილიყო”, - ამბობს ხათუნა ბალახაშვილი.

სკოლაში ოთხი პანდუსი გაკეთდა: ორი სკოლაში შესასვლელი, ერთი  სტადიონზე გასასვლელი და ერთიც შიგნით, შენობაში, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები საკლასო ოთახიდან რესურს ოთახში გადაადგილდებიან.

ამ ეტაპზე სკოლაში ხუთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი სწავლობს. კოორდინატორის თქმით, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სოფლების სკოლებშიც სწავლობენ და მომართვის შემთხვევაში მათ დასახმარებლად სპეციალური ჯგუფი მიდის:
დახმარება შეგვიძლია მხოლოდ მომართვის საფუძველზე, რომელი სკოლაც მოგვმართავს, იმ სკოლაში მივდივართ”.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის შედგენილია ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და ითვალისწინებს მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას. სასწავლო გეგმა მასწავლებლების, სპეციალისტთა გუნდისა და მშობლების მონაწილეობით დგება, წინასწარი დაკვირვებისა თუ შეფასების საფუძველზე.

მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი