ახალქალაქის სასურსათო ბაზარში ხილი და ბოსტნეული ნაგვის ურნებთან იყიდება.
ახალქალაქის სასურსათო ბაზარში, ღია ცისქვეშ, არსებული რკინის ექვსი დახლიდან ორი დახლი მთლიანად ცარიელია, დანარჩენებზე კი გასაყიდი პროდუქტები მხოლოდ ალაგ-ალაგ აწყვია. ბაზრის შესასვლელი კი, სადაც ნაგავი მთელი ბაზრიდან და მეზობლად მდებარე სახლებიდანაც გროვდება, მოვაჭრეებითა და მყიდველებითაა სავსე. ერთი შეხედვით შესაძლოა იფიქრო, რომ არავის აწუხებს იქვე მდგარი ნაგვის ურნები, რომლებთანაც უპატრონო ცხოველები იყრიან თავს და საშინელი სუნია.
ახალქალაქის ბაზრის ექიმის სლავიკ შირინიანის თქმით, მისი ყოველი დილა ნაგვის ურნებთან მდგომ მოვაჭრეებთან ჩხუბით იწყება, – იგი მუდმივად უხსნის გამყიდველებს, რომ მათ დახლებთან ანტისანიტარიაა: “ეს მოვაჭრეები ასპინძის მუნიციპალიტეტიდან არიან. მათთვის მოსახერხებელია, რომ ტვირთის შიგნით შეტანა არ უწევთ, მაგრამ აქ ვაჭრობა არ შეიძლება, რადგან არც სავაჭრო დახლებია და თანაც ანტისანიტარიაა. ბაზარში არის თავისუფალი სავაჭრო ადგილები, ვეუბნები, რომ დახლებზე გადაინაცვლონ, მაგრამ არავის უნდა”.
ცხადია, ანტისანიტარია მოვაჭრეებსაც აწუხებთ, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ამ ადგილას პროდუქტი უკეთესად იყიდება. ამავე დროს, მოუხერხებელია პროდუქტებით სავსე მძიმე ყუთების შიგნით შეტანა და დახლებთან დალაგება. მათივე თქმით, ბაზრის შიგნით ადგილების დაკავება რომც მოისურვონ, დაბრკოლებები შეექმნებათ.
“არაერთხელ გვითხრეს, რომ აქ არ ვივაჭროთ. ახლახანს უცხოელებიც იყვნენ მოსული და სურათები გადაგვიღეს. სიამოვნებით გადავინაცვლებდით ამ ადგილიდან, მაგრამ არავინ გვეუბნება, სად ვიმუშაოთ. შიგნით, დახლებზე ვაჭრობის საშუალებას გადამყიდველები არ მოგვცემენ. ქლიავით სავსე ყუთების მაგიდებზე დალაგებაც ძნელია და თან შესასვლელთან მყიდველიც ბევრი მოდის”, - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული მოვაჭრე ვლადიმერ ველიჯანაშვილი.
ვლადიმერს ეთანხმება მალხაზ ზაზაძეც: “ასპინძიდან ვართ და აქ აგვისტოდან ვვაჭრობთ. ტერიტორიას ჩვენ თვითონ ვასუფთავებთ. სხვა ადგილებზეც ვცადეთ ვაჭრობა, მაგრამ სადაც მივედით, ყველგან შეგვაფერხეს, გვეუბნებიან, რომ მათი ადგილია და ჩვენ ვეფარებით”.
ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა, გვითხრა, რომ ბაზრის ექიმს ეთანხმებოდა და მეორე დღეს პროდუქტს ბაზარში შეიტანდა, თუმცა მომდევნო დღესაც იმავე ადგილას დაგვხვდა. “ექიმი მართალია, მაგრამ მე ქალი ვარ და ყუთების დახლებზე გადატანა არ შემიძლია”, - აგვიხსნა მან.
ნაგვის ურნებთან მყიდველიც ბევრი იკრიბება. ყველა, ვინც ბაზარში ამ მხრიდან შედის, ხილსა და ბოსტნეულთან აუცილებლად ჩერდება. ვისაც უნდა ჰკითხო, რას ფიქრობს ნაგვის ურნებთან ბოსტნეულით ვაჭრობაზე, ყველა გიპასუხებს, რომ ეს არ შეიძლება და არაჰიგიენურია, თუმცა, ამ ადგილზე არც მყიდველის ნაკლებობა იგრძნობა და არც გამყიდველის. მარტივი საბაზრო ფორმულა – არის მოთხოვნა, არის მიწოდებაც.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი