ოპტიმიზაციის შედეგი - სწავლა ორ ცვლაში


ბორჯომის მეორე საჯარო სკოლა მესამე სკოლას შეუერთდა და ამჟამად სწავლა ორ ცვლაში მიმდინარეობს. მეორე სკოლის შენობაში კი სავარაუდოდ, ბორჯომის მუნიციპალიტეტი განთავსდება
 
სამოცდაათი წლის შემდეგ, ახალ სასწავლო წელს მეორე საჯარო სკოლა მდუმარედ პირველად შეხვდა. სკოლის დაშლას ადგილობრივებისა და სკოლაში მომუშავე პერსონალის უკმაყოფილება მოჰყვა. ბორჯომში ამბობენ, რომ სკოლა პოლიტიკური მოტივით დაიშალა. ამ მოსაზრებას იმ ფაქტით ამყარებენ, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის წევრი გედევან ფოფხაძე იყო.

ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სკოლის დაშლის პოლიტიკურ მოტივს აბსურდულს უწოდებენ. რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ეს ორი სკოლა ტერიტორიულად ერთმანეთთან ახლოსაა, ორივე დაუტვირთავი იყო და ოპტიმიზაცია ამიტომ მოხდა.

ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ მეორე სკოლის შენობაში მალე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გადავა. შენობა, რომელშიც ამჟამად მუნიციპალური დაწესებულებებია განთავსებული, იყიდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გრიმი ჯვარიძის განმარტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობის გაყიდვა ნამდვილად იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე არაფერია გადაწყვეტილი.

შენობა ცხრასართულიანია, ბორჯომის მუნიციპალიტეტი მხოლოდ ოთხ სართულზეა განთავსებული, დანარჩენი ფართი სხვადასხვა სამსახურებზეა გაქირავებული”, - გვიხსნის გამგებლის მოადგილე და აქვე ამატებს, რომ   უმჯობესი იქნება ამ ადგილზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდეს: ბორჯომში არ არის მაღალი დონის სასტუმროები, რაც ტურიზმის განვითარებას აფერხებს. მუნიციპალიტეტის შენობა თუ გაიყიდება, შესაძლოა მუნიციპალიტეტი ყოფილი მეორე სკოლის შენობაში გადავიდეს. ან ინვესტორი. რომელიც მუნიციპალიტეტის შენობას შეიძენს, ახალ, თანამედროვე სტანდარტების მუნიციპალიტეტის შენობას აგვიშენებს”.

მესამე საჯარო სკოლას ახალი შენობა აქვს. მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების გამო, სკოლის ძველი შენობა 2005 წელს ჩაინგრა. მსოფლიო ბანკმა 3,5 მილიონი დოლარი გამოყო, რათა დანგრეული სკოლის ადგილზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენებულიყო. ახალი სკოლა 720 მოსწავლეზეა გათვლილი, ოპტიმიზაციის შემდეგ კი სკოლაში 932 ბავშვია. ამიტომ, სწავლა ორ ცვლაში მიმდინარეობს.

ახალ სკოლასთან შეგუება არ გამჭირვებია, კარგი პირობებია. ცუდი ისაა, რომ მეორესმენავარ, მაგრამ მასწავლებლები გვეუბნებიან, რომ სულ მალე ეს პრიბლემაც მოგვარდება”, - გვითხრა მეცხრე კლასის მოსწავლემ ელენე გაგნიძემ.

მეორე ცვლაში სწავლა არ მოსწონს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელსაც. იგი  ვინაობის გამხელას ერიდება, იმ მოტივით, რომ შვილს დაბრკოლებები არ შეუქმნას: გვიან ამთავრებს ბავშვი გაკვეთილებს და რეპეტიტორთან სიარულს ვეღარ ასწრებს. გვპირდებიან, რომ მალე ყველა ერთ ცვლაში ისწავლის”.  

მესამე საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხარაზიშვილი ორ ცვლაში სწავლას იმ მოტივით ხსნის, რომ ამ ეტაპზე სკოლას საკმარისი მერხები არ აქვს: “დახლოებით სამ თვეში ეს პრობლემა მოგვარდება, სამინისტრო შეგვიძენს ახალ მერხებს. მეორე საჯარო სკოლიდან ვერ გადმოვიტანეთ მერხები, რადგან იმდენად ძველი და ამორტიზებული იყო, ტრანსპორტირებას ვერ გაუძლებდა. გარდა ამისა, არასწორი იქნებოდა მეორე სკოლიდან გადმოსულ მოსწავლეებს   ძველ მერხებს თუ დავუდგამდით, მესამე სკოლის მოსწავლეებს კი ახალი მერხები ექნებოდათ”.

დირექტორი ირწმუნება, რომ სკოლების ოპტიმიზაციის შედეგად არცერთი პედაგოგი არ შემცირებულა, მხოლოდ მეორე საჯარო სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები შემცირდნენ: ამ ეტაპზე მესამე სკოლაში 74 პედაგოგია, მათი შემცირება არ მოხდება, თუ ისინი დაკისრებულ მოვალეობას კარგად შეასრულებენ. ოპტიმიზაციის პირველ წელს ორი სკოლის ბავშვები არ გაერთიანდნენ, იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოსწავლეებისთვის რთული იქნებოდა. მომდევნო წლიდან კი კლასები შეერთდება”.

მისივე თქმით, ოპტიმიზაცია, ერთის მხრივ, ძალიან კარგია, რადგან ყოფილ მეორე სკოლის მოსწავლეებს კარგ პირობებში მოუწევთ სწავლა: “შენობები კი არ ქმნიან ისტორიას, არამედ ადამიანები და შენობებიც გვამახსოვრდება იქიდან, რომ იქ სწავლობდნენ, ან ასწავლიდნენ.  ცუდი არაფერია იმაში, რომ მეორე და მესამე სკოლის ტრადიციები გაერთიანდა და თუ სწორი მიმართულებითაც წავიყვანთ, მხოლოდ საუკეთესოს მივიღებთ”.

ნატალია კოპაძე, ბორჯომი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი