სად ილახება ახალქალაქელთა უფლებები და სადამდე მივყავართ კანონის არცოდნას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ხშირად ამბობენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მათი უფლებები ირღვევა.
“ჩემთვის ბევრჯერ მოუმართავთ სამსახურიდან უკანონო გაშვების საკითხზე, მაგრამ რადგანაც ეს ჩემი პროფილი არ არის, საქმის აღებაზე უარს ვამბობდი. კანონის არცოდნის პრობლემა ჩვენთან ძალიან სერიოზულია. თუ ადამიანი თავის ვალდებულებებს სრულად არ ასრულებს, ეს მისი უფლებების დარღვევას არ ნიშნავს. ძალიან ხშირად უფლებები ილახება არა იმიტომ, რომ კანონით დაცული არ არის, არამედ ადამიანის პასიურობის გამო”, - ამბობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კარენ ზორანიანი, რომელიც ძირითადად სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული შინაარსის საქმეებს უძღვება.
ხშირად კანონების, უფლებათა და მოვალეობათა არცოდნის გამო ადამიანები დგებიან ფაქტის წინაშე, რომ საკუთრება, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ, მაგრამ რეგისტრირებული არ ჰქონდათ, შესაძლოა დაკარგონ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “რეფორმებისა და დემოკრატიის ცენტრის” იურისტი ედიკ ბერიქიანი ძირითადად სამოქალაქო საქმეებზე მუშაობს.
“ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა შენდება და გზა მოქალაქეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე გადის. ასეთი მცხოვრებლები ბევრია სოფლებში - დადეში და სულდა. ხალხს ბევრი დაურეგისტრირებელი მიწა აქვს. მართალია, მიწის ნაკვეთი მათი საკუთრებაა, მაგრამ დროულად არ დაარეგისტრირეს, ახლა კი პრობლემები შეექმნათ. ამ ეტაპზე ჩემთვის ცნობილია 80 საქმე მიწის საკითხის შესახებ, რომელთა განხილვაც სასამართლოში მიმდინარეობს”, - ამბობს იგი.
არასამთავრობო ორგანიზაცია “რეფორმებისა და დემოკრატიის ცენტრი” ახალქალაქში, ნინოწმინდაში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რვა ახლომდებარე სოფელში ექვსი თვის განმავლობაში ატარებდა გასვლით იურიდიულ კონსულტაციებს. პროექტი რვა თვე გაგრძელდა. სამუშაო ნაწილი ექვსთვიანი იყო, ერთი თვე პროექტის მომზადებაზე დაიხარჯა, ბოლო თვე კი – შედეგების შესაჯამებლად. პროექტი ნიდერლანდების საელჩომ დააფინანსა. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ კონსულტაციები ჩაუტარა 1500 ადამიანს და დაასკვნა, რომ
ყველა შემთხვევაში უფლებები არ ირღვევა, უბრალოდ მოქალაქეები კანონს არ იცნობენ.
“ყველა განცხადების შესწავლის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მათგანში უფლებების დარღვევა არ დაფიქსირებულა, უბრალოდ, ადამიანებმა არ იციან კანონი და რა საკითხზე ვის მიმართონ. გამგეობას ხშირად მიმართავენ საკითხებით, რომელთა გადაწყვეტის უფლებაც გამგეობას არ აქვს და როდესაც მათ პასუხობენ, რომ ეს საკითხები გამგეობას არ ეხება, ადამიანები ფიქრობენ, რომ ასეთი პასუხი მათ უფლებებს არღვევს”, - ამბობს “რეფორმებისა და დემოკრატიის ცენტრის” დირექტორი გაგიკ იანდიანი.
ამ ორგანიზაციის კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ ხალხს, ძირითადად, შემდეგი საკითხები აინტერესებს: მიწის პრივატიზაცია, სახლების გაფორმება, განათლების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების წესები, ბინადრობის ცნობისა და ვიზის მიღება, ასევე, რა დოკუმენტები სჭირდება ადამიანს, რათა საკუთარი ბიზნესი დაიწყოს ან რაიმე ააშენოს.
ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ომბუცმენის ახალი ოფისის პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლობაში მომჩივანთა რაოდენობამ იმატა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი არმენ მარანგოზიანი ამბობს, რომ საჩივრით მისულთა დიდმა ნაწილმა საკუთარი უფლებები არ იცის.
“საჩივრების უმრავლესობა ეხება ადამიანის უფლებების შელახვას იურისპრუდენციის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური უფლებების სფეროში. ჩვენ განვიხილავთ განცხადებებს, სადაც არის ადამიანის უფლებების დარღვევა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. უფლებების დაცვასა და აღდგენაში ბევრს დავეხმარეთ, მრავალი საქმე ჯერაც პროცესშია. მოქალაქეთა უმრავლესობა კანონის არცოდნის გამო მოგვმართავს, ბევრი კი მართლაც იმიტომ, რომ მათი უფლებები შეილახა”, - ამბობს არმენ მარანგოზიანი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი