12 მოქალაქე და სამართალი



,,სარისკო ნაბიჯი” თუ ეფექტური მსაჯულთა ინსტიტუტი

პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ამოქმედდა. ნაფიც მსაჯულად შესაძლებელია თითოეული თქვენგანი  იქნას დაბარებული. მოსახლეობა, მომხრეები და მოწინააღმდეგეები.

2004 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, კონსტიტუციის 82-ე მუხლით დაკანონდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება.
2009 წლის ოქტომბერში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი, რითაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება დღის წესრიგში დადგა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 მსაჯულისგან და ორი სათადარიგო მსაჯულისგან შედგება, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ეტაპობრივად დაინერგება – 2012 წლის 1 ივლისამდე, მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და მხოლოდ მკვლელობის საქმეებზე; ორი წლის შემდეგ კი, მთელ საქართველოში ნებისმიერ დანაშაულზე გავრცელდება, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინ გახდება ნაფიცი მსაჯული

პირი ნაფიცი მსაჯული გახდება თუ:
შეყვანილია ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში;
ფლობს სისხლის სამართლის პროცესის ენას;
ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი;
შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებას.
პირი ვერ იქნება ნაფიცი მსაჯული, თუ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი აცილების საფუძველი, ან იგი არის:
სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი;
გამომძიებელი;
პოლიციელი;
ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;
სასულიერო პირია;
საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა;
ბრალდებულია;
ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია;
გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების გათვალისწინებით, მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად საქმეში აშკარად უსამართლობა იქნება;
ფსიქოლოგია;
ფსიქიატრია;
იურისტია.


პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიც მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე, თუ:

უკანასკნელი წლის განმავლობაში იყო ნაფიცი მსაჯული;
ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს;
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
ხანგრძლივი ვადით იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ;
70 წელს გადაცილებულია.
კანონის თანახმად, ნაფიცმსაჯულთა საქმიანობა ანაზღაურებადი არ არის, თუმცა კონკრეტულ პროცესზე გადაადგილების ხარჯები  სახელმწიფოსგან ანაზღაურდება.
ნაფიცი მსაჯულები ელექტრონული სისტემის ერთიანი საარჩევნო სიიდან შეირჩევა.
თუ მოქალაქე, უარს იტყვის ნაფიც მსაჯულობაზე და ამის დასაბუთებული არგუმენტები არ ექნება, მაშინ ის 1000-დან 1500 ლარამდე ოდენობის თანხით დაჯარიმდება.
ნაფიცმსაჯულთა კოლეგიის მიერ გამოტანილი ვერდიქტი შესაძლოა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გასაჩივრდეს.
მომხრეები და მოწინააღმდეგეები
იურისტ თინა ხიდაშელს მიაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება ნაჩქარევი და სარისკოა.


,,ქვეყანაში, რომელსაც არა თუ ნაფიცი მსაჯულების, არამედ კანონის უზენაესობის (რომ არაფერი ვთქვათ დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობაზე) ტრადიციაც კი არ აქვს, უკიდურესად სარისკო ნაბიჯია და შეუძლებელია საზოგადოებრივი აზრის მომზადების, ფართომასშტაბიანი კამპანიისა და შესამაბისი განათლების საზოგადოებაში დანერგვის გარეშე განხორციელდეს”, - ამბობს თინა ხიდაშელი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურის აპარატის უფროსის ირაკლი კოტეტიშვილის განცხადებით, ამ სისტემის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მართლმსაჯულება უფრო დემოკრატიული გახდეს: ,,საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ გაიზარდოს. ბუნებრივია, ნდობის ამაღლების სხვა გზებიც არსებობს, მაგრამ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ყველაზე სწრაფი და ეფექტურია, რადგან მოქალაქეები უშუალოდ ერთვებიან მართლმსაჯულების აღსრულებაში. ეს ძალიან დემოკრატიული ინსტიტუტია, რომელიც მოქალაქეებს სამოქალაქო შეგნებას უმაღლებს და მათ უფრო მეტად კანონმორჩილებს ხდის”.
მოსახლეობა

გოგი, 72 წლის, პენსიონერი - ,,ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას ერთის ნაცვლად 12 ადამიანი იღებს”.

ეკატერინე, 21 წლის, სტუდენტი - ,,მარტო ფილმებში მაქვს ნანახი ნაფიც მსაჯულთა მუშაობა, ამიტომაც ვერაფერს ვიტყვი. ფილმებში კი ყველაფერი მხატვრულად და ლამაზად ჩანს, რეალობა სხვაა. ძალიან ძნელია გაერკვე სიმართლეში, როცა საქმე გაიძვერასთან ან გაქნილ თაღლითთან გაქვს. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს”.
ლამარა, 52 წლის, დიასახლისი  - ,,ჩვენი ქვეყანა პატარაა. ყველა ერთმანეთს იცნობს, ვხუმრობთ კიდეც, საქართველო დიდი სოფელიაო და არ ვიცი, აქ როგორ გაამართლებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი”.

ფიცის დადება

უფროსი მსაჯულის არჩევის შემდეგ მსაჯულები დებენ ფიცს. ფიცის ტექსტს კითხულობს სხდომის თავმჯდომარე: ,,ვფიცავ, პატიოსნად და მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა, გავითვალისწინო ყველა კანონიერი მტკიცებულება, გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს!" ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ ყოველი მსაჯული ამბობს: "ვადასტურებ!". ასეთივე წესით დებენ ფიცს სათადარიგო მსაჯულები.

გულო კოხოძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი