საპილოტე სკოლების შემდეგ, ახალი სასწავლო წლიდან სპორტის გაკვეთილები საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ტარდება. თუმცა, სკოლებს სპორტის ამა თუ იმ სახეობისთვის საჭირო აღჭურვილობები არ აქვთ.
ახალი სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სხვა სიახლეებთან ერთად, კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც ფიზკულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის მიერ საჯარო სკოლებისთვის შეიქმნა “გზამკვლევების კრებული” სპორტის სახეობებში, სადაც შეტანილია სპორტის 26 სახეობა: სათამაშო, ორთაბრძოლის და ინდივიდუალური სახეობები.
კრებულში მოცემული სპორტის სახეობებიდან საჯარო სკოლები სამი სახეობას ირჩევენ. ამ სახეობებიდან შემდეგ მოსწავლეებმა ერთი უნდა აირჩიონ. თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
“გოგონებს ფრენბურთის თამაში გვინდა, ბიჭებს კი ფეხბურთის, ამიტომ უნდა შევთანხმდეთ და ერთ-ერთი სახეობა ავირჩიოთ. თუ ვერ შევთანხმდებით, კლასი გაიყოფა და ეს ცუდი იქნება”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე მარი ბარძიმაძე.
ახალციხის პირველმა საჯარო სკოლამ სპორტის სახეობებიდან ფეხბურთი, ფრენბურთი და კალათბურთი აირჩია.
“სკოლას აქვს მინი სტადიონი, კალათბურთის დარბაზი და ფრენბურთისთვის ბადე. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ სპორტის ეს სახეობები აგვერჩია, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი და აქვე განმარტავს, რომ რადგან ბიჭები და გოგონები ვერ თანხმდებიან, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სპორტის გაკვეთილებზე კლასები გაიყოს: ცხრილც ისე გვაქვს შედგენილი, რომ სპორტის გაკვეთილი პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე კლასს აქვს”.
დაწყებითი კლასები ფიზიკურ აღზრდას სწავლობენ, სადაც ძირითადად მხიარული, გასართობი თამაშები შედის. მეხუთე კლასის ზევით კი უკვე სპორტის სხვადასხვა სახეობებს ეუფლებიან. ფიზკულტურის მასწავლებლების უმრავლესობა ამბობს, რომ ახალი მეთოდით ფიზკულტურის გაკვეთილის ჩატარება საკმაოდ რთულია.
“სანამ ფეხბურთის თამაშს დაიწყებს, ბავშვმა ჯერ ბრუნი, მოწყობა, მისალმება და კიდევ ბევრი საჭირო ვარჯიშები უნდა ისწავლოს. ახლა მოთხოვნა ასეთია, პირდაპირ ფეხბურთი, კალათბურთი ან ფრენბურთი უნდა ვათამაშოთ. ასე კი ვერც ფეხბურთს ისწავლიან და ვერც კალათბურთს”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის ფეხბურთის მასწავლებელი გელა მაისურაძე და აქვე ამატებს, რომ მოსწავლეების სხვადასხვა მასწავლებელთან გადანაწილებაც რთულია.
მეექვსე საჯარო სკოლამ ფეხბურთი, ფრენბურთი და მაგიდის ჩოგბურთი აირჩია, თუმცა სკოლას არც ფეხბურთის მოედანი აქვს და არც ჩოგბურთის მაგიდა.
“სკოლამ სპორტის ის სახეობები აირჩია, რომელიც შედარებით ადვილი აღსაჭურვია. განათლების სამინისტრო დაგვპირდა, რომ შეძლებისდაგავარად დაგვეხმარებოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ისევ ინვენტარის გარეშე ვართ”, - ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი გია გაჩეჩილაძე.
მინი სტადიონი არც
მეორე საჯარო სკოლას აქვს. ერთ-ერთი სახეობად სკოლამ ფეხბურთი იმ იმედით აირჩია, რომ განათლების სამინისტრო ახლა მაინც გაითვალისწინებს სკოლის მოთხოვნებს და საფეხბურთო მოედანს გაუკეთებს.
“ბიჭებისთვის მძლეოსნობა და ფეხბურთი ავირჩიეთ, გოგონებითვის კი ფრენბურთი. მაგრამ, როგორ მიაქცევს ყურადღებას ერთი მასწავლებელი ორივე ჯგუფს, არ ვიცი, ვფიქრობ ეს ძნელი იქნება, - ამბობს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე და აქვე დასძენს, რომ ახალი ინიციატივა ბევრ წინააღმდეგობებს შეიცავს: არიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც ფიზიკურად არ შეუძლიათ თუნდაც ფრენბურთის თამაში, ამიტომ, რომელიმე სახეობაზე აქცენტი არ უნდა კეთდებოდეს”.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი