ქუჩის მოასფალტებამ ადგილობრივები დააზარალა


 მაშტოცის ქუჩის ზედა ნაწილში მდებარე რამდენიმე სახლი ქუჩის ნაწილობრივი ასფალტირების შემდეგ დაინესტა. მოსახლეობა ჩივის, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ფინანსური სახსრების უკმარისობას იმიზეზებს

შუშან შირინიანიახალქალაქი

ერენუი მაკარიანის სახლი მაშტოცისა და დემირჩიანის ქუჩების გადაკვეთაზე დგას. ორი წლის წინ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში ამ ქუჩაზე ასფალტი დაიგო, თუმცა, ქუჩის ასფალტის საფარმა მათ სახლამდე ვერ მოაღწია. ამის შემდეგ მაკარიანების სახლი ძალიან ნესტიანი გახდა. სახლის კედლებისა და საძირკვლის გამოშრობას ცხელი ზაფხულიც არ ყოფნის. ორი შვილის დედა ჩივის, რომ ბავშვებს ნესტის გამო ფეხებსა და ზურგში ტკივილები დაეწყოთ.

წვიმის დროს მთელ ტროტუარს წყალი ფარავს და ის კიბეებამდეც მოდის. ჩვენი სახლი ისედაც ნესტიანი იყო, მაგრამ ასფალტის დაგების შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა. გზა ყველა მხრიდან ამაღლებულია, წყალი სხვა სადინარს ვერ პოულობს და ჩვენი სახლების ქვეშ ჩადის. შარშან ფანჯრებთან ნიადაგი ცოტა ავამაღლეთ, რომ აქ მაინც ნაკლებად დაგუბდეს”, - ამბობს ერანუი მაკარიანი.

მაშტოცის ქუჩის ამ ნაწილში ასფალტის დაგება თავდაპირველ გეგმაში არ შედიოდა. გადამკვეთი მალხასიანის ქუჩის ასფალტირების დროს, 5-10 მეტრი ასფალტი გზაჯვარედინებზეც დაიგო. მაშტოცის ქუჩაზე კი 50-60 მეტრზე დააგეს ასფალტი, რადგან ამ ზონაში ახალქალაქის რაიონული სასამართლო ხვდება. ასფალტირების შემდეგ ქუჩის ბოლომდე დარჩენილი 60-70 მეტრის სიგრძის ტერიტორია დაბალზე დარჩა და წვიმების დროს აქ წყალი ორივე მხრიდან გროვდება. ნესტისტყვეობაშიაღმოჩნდა მაშტოცის ქუჩაზე მდგარი 4-5 სახლი. ამ სახლების პირდაპირ მე-4 სკოლის ეზოა. როცა სახლების მცხოვრებლები, გამოუვალი სიტუაციის გამო წყალს სკოლისკენ უთავისუფლებენ გზას, უკვე სკოლის დირექტორი ჩივის, რომ სკოლაში შესასვლელი წყლით იფარება.

წვიმის სეზონის დროს რამდენიმე სახლის მცხოვრები იძულებულია მეზობლების ეზოებით ისარგებლოს.  

ქუჩაში გასასვლელად მეზობლების სახლში შევდივართ, რომელიც ქუჩის კუთხეში დგას. ჩვენს სახლებში წყალი შემოდის. მეზობლის გარაჟი საერთოდ დაიტბორა. ისინი აქ არ არიან და არ იციან, რა ხდება. შემდეგ ნათესავები მოვიდნენ და გარაჟის შესასვლელი ქვიშით ამოავსეს”, - ამბობს ვენერა სიმონიანი.

მაშტოცის ქუჩის მკვიდრების თქმით, მათ სახლში რემონტი ერთ წელიწადსაც არ ძლებს. ყოველი მათგანი წელიწადში ერთხელ მაინც ცვლის იატაკს, რადგან ის ნესტის გამო ლპება.

ამ ხალხს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ოფიციალურად, წერილობით არ მიუმართავს. მათ არსებული სიტუაციის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს რამდენჯერმე სიტყვიერად აცნობეს და იმედი აქვთ, რომ ასფალტს მათ ქუჩაზეც დააგებენ, როგორც ამას ყოველთვის ჰპირდებიან. თუმცა, წელს პრობლემის ასფალტის საფარის დაგებით მოგვარების შესაძლებლობა კიდევ ერთი წლით გადავადდა.

წელს, მთლიანობაში, ოთხი კილომეტრის სიგრძის გზის ასფალტირება გვაქვს დაგეგმილი. ქუჩების მშენებლობის გეგმაში მაშტოცის ქუჩაზე ასფალტის საფარის მთლიანად დაგებაც იყო, მაგრამ რადგანაც სახელმწიფოს მხრიდან ამ მიზნით დაფინანსება არ გამოიყო, აღნიშნული სამუშაოები ვერ ჩატარდება. სახელმწიფო ფინანსურ დახმარებას შემდეგი წლისთვის გვპირდება”, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ვაან ბატოიანი.

ადგილობრივი ბიუჯეტი წელს მაშტოცის ქუჩის 100-150 მეტრიანი ნაწილის ასფალტირებას დააფინანსებს, თუმცა, ეს იქნება არა ნესტიანი სახლების მიმდებარე ტერიტორია, არამედ ქუჩის მეორეგზის ნახევრად ასფალტირებული ნაწილი.

ადრე დაგვპირდნენ, რომ ასფალტს წელს დააგებდნენ, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ ეს ქუჩის სხვა ნაწილში მოხდება. ჩვენთან კი უარესი სიტუაციაა. იქით ასფალტი მაინც არის, ახლა ერთ ფენა ასფალტზე მეორეს დააგებენ, აქ კი წყალი სახლებში შემოგვდის და არაფერს აკეთებენ”, - ჩივის ვენერა სიმონიანი.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი