ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე
ეთნიკური უმცირესობების განათლების პრობლემებზე, მშობლიურ ენაზე ხელმიუწვდომელ საინფორმაციო გამოშვებებსა და რეგიონში მიმდინარე პროექტებში ადგილობრივების დასაქმების სირთულეებზე იმსჯელეს 1 ივლისს უწყებათაშორისი კომისიის გასვლით სხდომაზე.
შეხვედრა გაიმართა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ECMI-ს ფინანსური
მხარდაჭერით,
დემოკრატიული, კონსოლიდირებული და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული
სამოქალაქო საზოგადოების შექმნის მიზნით, არსებობს “შემწყნარებლობისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და 5-წლიანი სამოქმედო გეგმა”. აღნიშნული დოკუმენტი
შემუშავდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის სახელმწიფო საბჭოს მიერ და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ,
2009 წლის 8 მაისის #348 ბრძანებულების საფუძველზე. ამ კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის
განხორციელების მიზნით, შექმნილია სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც სხვადასხვა
სახელმწიფო სტრუქტურებისა და უწყებების წარმომადგენლები შედიან.
ახალციხეში გამართულ გასვლით სხდომას კომისიის მხოლოდ მცირე შემადგენლობა
ესწრებოდა: განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის
სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის მაია ხვიჩიას განმარტებით, გასვლით სხდომაზე
კომისიის ის წევრები წამოვიდნენ, რომლებთანაც ადგილობრივებს ყველაზე მეტი შეკითხვა
ჰქონდათ.
შეხვედრას, რომელიც თავიდანვე დისკუსიის ფორმატით წარიმართა და რამდენიმე
საათს გაგრძელდა, რეგიონში მოქმედი სამთავრობო და თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენელი ესწრებოდა.
ჯავახეთში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა
საუბარი ინფორმაციის მიღების კუთხით არსებული პრობლემებითMდაიწყეს. სახელმწიფო ენის
სათანადო დონეზე არცოდნის გამო, ის, რაც ცენტრალური ტელეარხებით გადის, სამცხე-ჯავახეთში
მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის გაუგებარია. შეხვედრაზე მყოფმა საქართველოს საზოგადოებრივი
მაუწყებლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყოველ საღამოს, 10 საათზე, პირველი არხის
ეთერში საინფორმაციო პროგრამა “მოამბე” საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების
ენაზეც გადის. თუმცა, ადგილობრივების საუბრიდან გაირკვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი
ყველგან არ აჩვენებს. მათი რეკომენდაციით, უმჯობესია სომხურ ენაზე ნათარგმნი საინფორმაციო
გამოშვება ადგილობრივი ტელეარხების ეთერით გადაიცეს.
მორიგი საკითხი, რაც ჯავახეთში მცხოვრებ სომეხი ეროვნების მოსახლეობას
აღელვებს, განათლების სფეროში არსებული ხარვეზებია. საუბარი შეეხო ქართული ენის შესწავლის ხელმისაწვდომობას.
განათლების სამინისტროში ფიქრობენ, რომ ამ კუთხით ნაკლები პრობლემებია, ვინაიდან არსებობს
“ენის სახლები”, სადაც ქართული ენის შესწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. “ენის სახლების”
მნიშვნელობას ადგილობრივები არ უგულებელყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ისინი ხელმისაწვდომია
ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისთვის. სოფლად მცხოვრებნი კი ამ შესაძლებლობას ვერ იყენებენ.
განათლების სფეროში არსებული პრობლემები ამით არ სრულდება. სადავოა
სომხურენოვან სკოლებში მომუშავე სახელმწიფო ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და სახელმძღვანელოების
საკითხიც. განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც ოფიციალურ კომენტარზე
პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე უარი გვითხრა, შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამ საკითხებზე
უკვე მუშაობენ. უახლოეს პერიოდში მოგვარდება სახლემძღვანელოების პრობლემა, 1 სექტემბრიდან
დაიწყება ახალი პროგრამა “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომელიც კადრების
პრობლემასაც მოაგვარებს. ხოლო რაც შეეხება, სახელმწიფო ენის შესწავლის ხელმისაწვდომობას
ნებისმიერი მსურველისთვის, ჯავახეთში დამატებით სამი “ენის სახლი” გაიხსნება. ამასთანავე,
არაა გამორიცხული, ისინი დიდ სოფლებში გაიხსნას.
არანაკლები სიმწვავით ისაუბრეს ადგილობრივებმა დასაქმების კუთხით არსებულ პრობლემებზე. მათი თქმით, რეგიონის მოსახლეობა სხვადასხვა პროექტებში ვერ საქმდება, რადგან სამშენებლო კომპანიებს თავისი მუშახელი და სპეციალისტები ჩამოჰყავს. მსჯელობისას გამოიკვეთა, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა, ადგილობრივი კადრის პროფესიულ სასწავლებლებში გადამზადებაა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ეკონომიკური სამმართველოს უფროსი კონსტანტინე ხმალაძე “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” მიმდინარეობითაც დაინტერესდა. პროგრამის მიმდინარეობა, მისი ეფექტურობა, თანხების ხარჯვის მონიტორინგი – ეს იყო
ის კითხვები, რაც კონსტანტინე ხმალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით დასვა. “ვინმემ ჩაატარეთ მონიტორინგი? როგორ მიმდინარეობს ეს პროგრამა”, - მიმართა შეკრებილ აუდიტორიას ხმალაძემ და დასძინა, რომ
ამ და მსგავსი პროექტების განხორციელება ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ უნდა გააკონტროლოს, - “ნუ მოუწერთ ხელს, ნუ ჩაიბარებთ პროექტს, თუ არ მოგწონთ”.
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში წარმომადგენლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდანაც არიან. სამცხე-ჯავახეთს მარინა გაჩეჩილაძე წარმოადგენს. მისი თქმით, მუშა ჯგუფი ძალიან აქტიურად მუშაობს და შედეგიც უკვე სახეზეა.
“ამ ბოლო დროს რომ ვაკვირდები, მსგავსი შეხვედრები უკვე ძალიან გახსნილად
მიმდინარეობს და ეს ძალიან სასიხარულოა, - ამბობს მარინა გაჩეჩილაძე და აქვე
ამატებს, რომ კომისიის გასვლითი სხდომა ძალიან ეფექტური და შედეგიანია, ამ შეხვედრაზე ესწრებიან ის ადამიანები, რომლებსაც
მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონის განვითარებაში. ისინი დღეს მსჯელობენ და მისასალმებელია,
რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ისმება მტკივნეული კითხვები, რა გვაწუხებს,
რა უნდა გავაკეთოთ და ეს ძალიან კარგია”.
უწყებათაშორისი კომისიის ორწლიანი არსებობის განმავლობაში, წელს
რეგიონებში გასვლის პირველი პრეცენდენტია. მაია ხვიჩიას განმარტებით, კომისიამ უკვე
მოიარა ქვემო ქართლი და კახეთი. სამოქმედო გეგმა, რომელიც 2009 წელს მიიღეს, 2014 წლამდე
მოქმედებს, მიღებულ რეკომენდაციებს მუშა ჯგუფი მომავალი გეგმის შედგენისას გაითვალისწინებს.
იქამდე კი, შენიშვნებს უკვე არსებული გეგმის განხორციელებისას გაითვალისწინებს.
“ამ შეხვედრის
ძირითადი მიზანი უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და
ადგილზე არსებული პრობლემების უკეთ შესწავლა იყო. წარვსდექით ანგარიშით და მივიღეთ
საინტერესო რეკომენდაციები. მუშაობა ეფექტური რომ იყოს, რეკომენდაციები სწორედ რეგიონში მცხოვრები ხალხისგან
უნდა მიიღო”, - დასძენს მაია ხვიჩია.
“შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია
და სამოქმედო გეგმა” საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს მიერ ნაკისრ სხვა საერთაშორისო
ვალდებულებებს ეფუძნება. პროექტი მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული
ეროვნული უმცირესობის საბჭოსთან კონსულტაციებით. აღნიშნული კონცეფცია განსაზღვრავს
სახელმწიფო სტრატეგიასა და ამოცანებს ექვსი ძირითადი მიმართულებით: კანონის უზენაესობა;
განათლება და სახელმწიფო ენა; მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; პოლიტიკური ინტეგრაცია
დ სამოქალაქო მონაწილეობა; სოციალური და რეგიონული ინტეგრაცია; კულტურა და თვითმყოფადობის
შენარჩუნება. კონცეფცია ითვალისწინებს გარკვეულ ღონისძიებებს, რომელიც მისი მიღებიდან
ხუთი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. სამოქმედო გეგმის განხორციელებას კოორდინირებას
უწევს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი