ნატალია კოპაძე, ბორჯომი
გველის დაკბენის ერთი შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა.
შემთხვევამ გართულებების გარეშე ჩაიარა.
ეგრეთ წოდებული ბახტრიონის კორპუსში მცხოვრებმა
მოსახლეობამ გველები სადარბაზოში შენიშნა. ყოფილ სანატორიუმ “მთის ხეობაში”
ამჟამად იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ
ბაღია, სადაც ქვეწარმავლები ბინადრობენ.
,,ბაღი მოუვლელია და დიდი ბალახია, ბავშვები სათამაშოდ აღარ ჩადიან.
ცოტა ხნის წინ ბებიას და შვილიშვილს შეხვდა გველი, ბავშვს შიშით გული წაუვიდა, ბებია,
რომ არ ყოფილიყო, გველი დაგესლავდა”, - გვითხრა სტომატოლოგმა
როზა გალუსტინიანმა, რომლის სამედიცინო კაბინეტი “მთის ხეობაშია” განთავსებული.
მისივე თქმით, გველები კოსტავას სახელობის
ბაღში მდებარე ყოფილი კანისა და ვენერიული დაავადებების დისპანსერის ამორტიზებულ შენობასთანც
ნახეს:
,,შრომის ქუჩაზე ვცხოვრობ, ჩვენი სახლის წინ დანგრეული სასტუმროა,
სადაც გველები ნახეს. შიშით გარეთ ვეღარ გამოვსულვართ”.
“ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს” დირექტორის
როინ ბოლქვაძის განმარტებით, ბორჯომში უკვე დაფიქსირდა გველის დაკბენის ერთი შემთხვევა:
,, დაშავებული დროულად მოვიდა საავადმყოფოში, გადასხმები გავუკეთეთ
და იმ დღესვე გავწერეთ სახლში. არანაირი გართულება არ ყოფილა”.
ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ანტიგიურზინის ორი ამპულა აქვთ.
,,ვიმედოვნებ, რომ ამ ამპულის გამოყენება არ მოგვიწევს, რადგან გველების სახეობები - გიურზა და კობრა, ბორჯომში არ ბინადრობენ. ბორჯომში მხოლოდ ერთი შხამიანი გველის სახეობაა – გველგესლა. დანარჩენი სახეობების კბენა ლეტალური შედეგით არ მთავრდება, თუ ადამიანს ალერგია არ აქვს”, - ამბობს როინ ბოლქვაძე.
მისივე განმარტებით, იმ გველის მოკვლა, რომელმაც ვინმე დაკბინა, არ შეიძლება, რადგან შესაბამისი მკურნალობა გველის სახეობის დადგენის შემდეგ ინიშნება.
“გველის დაკბენის შემთხვევაში ნუ ჩავარდებით პანიკაში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რამეს შემოჭერა და შხამის ამოწოვა. არ იმოძრაოთ, რომ შხამი არ გაიფანტოს ორგანიზმში. რაც მთავარია, დროულად მიაკითხეთ საავადმყოფოს და გაფრთხილდით ქუჩაში სიარულისას”, - გვირჩევს “ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს” დირექტორი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი