“უსაფრთხო რეგიონის” საფრთხეები

მანანა სარაშვილიახალციხე

ემუქრება თუ არა სტიქია სამცხე-ჯავახეთს; სად არის დამეწყრილი ადგილები; რა პრევენციული ზომები ტარდება და რა ოდენობის თანხაა გათვალისწინებული ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდში.


 ბოლო რამდენიმე კვირა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტიქია მძვინვარებდა. წყალდიდობამ და მეწყერმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, იყო მსხვერპლიც.

გეოლოგები ამბობენ, რომ სტიქიური მოვლენების თვალსაზრისით, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი ყველაზე უსაფრთხო რეგიონებია.
თუმცა, ამ მოსაზრებას არ იზიარებს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ბუცხრიკიძე, რომლის 35-წლიანი სამეცნიერო კვლევა სწორედ სამცხე-ჯავახეთს ეხება.

მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთში მრავლადაა დამეწყრილი და ღვარცოფსაშიში ადგილები: “15 წლის წინ იყო შემთხვევა, როცა ღვარცოფმა მარდის დასახლება და ბაზარი წალეკა. შესაძლებელია, უხვი ნალექის დროს, იგივე განმეორდეს, ბაზრის ზევით ახლაც არის დაძრული მეწყერი”.  

მისივე თქმით, მაშინ, წყალდიდობის დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა, რომლის გამოყვანაც მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ მოხერხდა.   

ხუთი წლის წინ, ჭარბი ნალექების გამო მოვარდნილმა წყალმა, ასპინძა-ახალციხის გზა წაიღო. გიორგი ბუცხრიკიძის თქმით, წელს პირველი წელია, როცა აღნიშნული გზა არ დაზიანებულა.

ანდრიაწმინდა, ტყემლანა, ფერსა, ორალი, წყორძა, დგვარი, თისელი, აწყური, ასპინძა, ოთა, დაბა ოშორა, იდუმალა - იმ სოფლების ნაწილია, სადაც უხვი ნალექის დროს მეწყერის ჩამოწოლის და ღვარცოფის მოვარდნის საშიშროება არსებობს.

დღევანდელ კერებს თუ აღვრიცხავთ, ერთ-ერთი სახიფათო ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი დგვარია. სოფელი მთლიანად მცოცავ მიწაზეა გაშენებული”, - ამბობს ბუცხრიკიძე.

სოფელ დგვარში თითქმის ყველა სახლი დეფორმირებულია. ბოლო დროს, იმატა მიწის მოწყვეტის ფაქტებმა და გაიზარდა ავარიული სახლების რიცხვი. შესაბამისად, 70 ოჯახი მუდმივ შიშში ცხოვრობს.

იქ მაცხოვრებლები გმირები არიან, რადგან ერთ დღეს შეიძლება სხვა ადგილას გაიღვიძონ, - ამბობს ბუცხრიკიძე და აქვე ამატებს, რომ ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ტყემლანაშიც. იქ მცხოვრებლებს სხვა ადგილას გადასვლაც კი შესთავაზეს, თუმცა მოსახლეობა არ დასთანხმდა: მეწყერის შეჩერება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ, სახელმწიფო უძლურია. ასევე, ძალიან მცირეა იმის ალბათობაც, რომ მეწყერის შეჩერება მოხდება”.

გიორგი ბუცხრიკიძის თქმით, მეწყერსაშიში ადგილის გამო გაღმა აწყურში რამდენიმე ოჯახმა საცხოვრებელიც დატოვა: იმ ტერიტორიაზე მდებარე სახლები ექვსი მეტრით დაბლაა ჩამოსული. ასევე, შესაძლებელია, რომ წყალმა აწყურის ციხის ქვეშ გამავალი გზა და სოფელი ქალაქს მოწყვიტოს.     

ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ზურაბ ჯანელიძის თქმით, სტიქიური პროცესების შეჩერება შეუძლებელია, თუმცა, დროული პრევენციული ზომები მოსალოდნელ ზარალს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ჯანელიძის მოსაზრებას იზიარებს გიორგი ბუცხრიკიძეც: “პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის მოსახლეობის გაფრთხილება და მათი საშიში ადგილებიდან გაყვანა. მდინარეებზე ნაპირსამაგრების გაკეთება, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს დამეწყრილი ადგილები, უნდა აშენდეს საინჟინრო ნაგებობები და ღვარცოფმარიდი არხები”.

მისივე თქმით, დიდ მდინარეებს: მტკვარს, ფოცხოვს, ურაველს, ქვაბლიანს და ოცხეს, 15-20 წელია ნაპირსამაგრი სამუშაოები არ ჩასტარებია.   

გიორგი ბუცხრიკიძის ვარაუდს მოსალოდნელი საშიშროებების შესახებ არ ეთანხმება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე. იგი იზიარებს გეოლოგების მოსაზრებას და ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთი, სხვა რეგიონებთან შედარებით, უსაფრთხო რეგიონია. თუმცა, აქვე იმასაც ამბობს, რომ რამდენიმე სოფელში პრევენციულ ღონისძიებებს მაინც ატარებენ: მიმდინარეობს საყუნეთის და გურკელის დამაკავშირებელი გზის შეკეთება, რომელიც მეწყერსაშიშია. კეთდება გაღმა აწყურის გზა, ახლავე თუ არ გაკეთდა შეიძლება მოვარდნილმა ღვარცოფმა საერთოდ მოშალოს. დაწყებულია ასპინძის ქუჩის ტერიტორიაზე, მდინარე ფოცხოვის ნაპირსამაგრი სამუშაოებიც”.   

მისივე თქმით ხშირ შემთხვევაში მეწყერის გამომწვევი მიზეზი არა უხვი ნალექი, არამედ მოსახლეობის დაუდევრობაა.

მეწყერს იწვევს მოსახლეობის მიერ წყლის არაეკონომიური გამოყენება. მაგალითად, უმრავლესობას წყალი წლების განმავლობაში გაშვებული აქვს გზებზე, ნიადაგი რბილდება, დროთა განმავლობაში კი შეიძლება ამ ყველაფერმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს სოფელს”, - ამბობს გამგებელი და ამატებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას თანხებს გაითვალისწინებენ პრევენციული ღონისძიებების ჩასატარებლადაც.  

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტის სარეზერვო ფონდში წელს 30 ათასი ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული ოჯახების დასახმარებლად, 20 ათასი ლარი სოციალურ პაკეტშიცაა გამოყოფილი.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებობს სარეზერვო ფონდი, საიდანაც თანხები გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების მიხედვით”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გაგა ივანიძე.

სარეზერვო ფონდში თანხა გასულ წელსაც 30 ათას ლარს შეადგენდა. გაგა ივანიძის თქმით, აღნიშნული თანხიდან 28 ათასი ლარი აითვისეს.
ხეოთის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის დამონტაჟება, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის საშეშე სარდაფის რეაბილიტაცია, აწყურში მომხდარი ხანძრის დროს სამაშველო ბრიგადების კვება და საწვავით მომარაგება და დიდთოვლობის, წვიმების და სეტყვით დაზარალებული ოჯახების დახმარება - ეს არის ნაწილი იმ სამუშაოებისა, რისთვისაც თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო

ისეთ გეოგრაფიულ მდებარეობაში ვართ, რომ სტიქია ნაკლებად გვაწუხებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ გათვალისწინებული თანხა სრულიად საკმარისია”, - დასძენს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.





No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი