“მე-9 არხის” ოპერატორის, ავტოკატასტროფაში მოყოლილი დავით გაბოძის დასახმარებლად, კოლეგებისა და მეგობრების ორგანიზებით, 21 ივლისს, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
ტელერადიოკომპანია “მე-9 არხის” გენერალური დირექტორი მაია იველაშვილი ამბობს, რომ
გიორგი ნიკოლაძე კონცერტში უსასყიდლოდ მონაწილეობაზე დაფიქრების გარეშე დასთანხმდათ: “პირიქით, გაუკვირდა რატომ ვკითხეთ, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას”.
26 წლის დავით გაბოძეს, რომელიც ამ ეტაპზე ეტლის დახმარებით გადაადგილდება, არც თუ ისე ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება.
თუმცა, იმის გამო, რომ
მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე მას
საქართველოში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახს, საჭირო სახსრები აღარ აქვს. საქველმოქმედო კონცერტი ერთადერთი გამოსავალი იყო მისი მკურნალობის პირველი კურსისთვის საჭირო 5000 დოლარის შესაგროვებლად. ამ თანხით 27 ივლისის იგი
უკრაინაში, ქალაქ საკში გაემგზავრება, სადაც მკურნალობის 24-დღიან კურსს ჩაიტარებს. საკში არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ექიმების დიაგნოზით, დიდია შესაძლებლობა, რომ მან ისევ შეძლოს სიარული.
მკურნალობის შედეგიანად დასრულების იმედს აძლევთ მეგობრებს დათოს მსგავს მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანის (ისიც მხოლოდ ახალციხე-ადიგენის მაგალითზე) წარმატებით დასრულებული მკურნალობა. სწორედ ერთ-ერთი მათგანი დაეხმარება გაბოძეების ოჯახს უკრაინაში. იგი საკში მესამე კონსულტაციაზე მიდის და იმ ერთ ხელჯოხსაც მოიშორებს, რომელის დახმარებითაც გადაადგილდება ამჟამად.
“სამივე ადამიანს ასეთი დიაგნოზი დაუსვეს საქართველოში, მაგრამ უკრაინაში ჩასულები ფეხზე დადგნენ. ეს იყო სტიმული ჩვენთვის, რომ შეგვეწუხებინა მთელი რეგიონი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ უწყებას დაყ ველა იმ ადამიანს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ. ამ აქციით 8 700 ლარამდე თანა შეგროვდა, რაც სრულად ყოფნის მკურნალობის პირველ კურსს”, - ამბობს მაია იველაშვილი.
ავტოკატასტროფა, რომელმაც ახალგაზრდა ოპერატორის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, მიმდინარე წლის 23 იანვარს, ახალციხე-აბასთუმნის გზატკეცილზე, ფარეხის დასახლებასთან მოხდა.
“ჩვენი თანამშრომელი გათხოვდა აბასთუმანში, მასთან იყვნენ, იქეიფეს და უკან ბრუნდებოდნენ. 4-ნი ისხდნენ მანქანაში, როგორც ჩანს ჩაეძინათ, ალბათ მძღოლსაც, იმიტომ რომ, იმ ადგილას ავარია გამორიცხულია”, - იხსენებენ ტელეკომპანიის თანამშრომლები.
მანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანიდან სერიოზული დაზიანებები მხოლოდ დავით გაბოძემ მიიღო. მრავლობით დაჟეჟილობებსა და მოტეხილობებთან ერთად, მას რამდენიმე ადგილას გაუტყდა თავის ქალა და დაუზიანდა ხერხემალი.
“იყო ძალიან მძიმე დღეები, ჯერ მხოლოდ იმაზე, გადარჩებოდა თუ არა. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა. როგორც კი ექიმებისგან მივიღეთ პასუხი, რომ გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, გაჩნდა მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, ქართველი ექიმების დიაგნოზით, დათოს დაზიანებული აქვს ხერხემალი და უბრალოდ ვეღარ გაივლის”, - ემოციების გარეშე საუბარი უჭირთ ოჯახის წევრებს.
დავით გაბოძეს ოპერაცია შემთხვევიდან მე-11 დღეს ჩაუტარდა. “ექიმების თქმით, გადაარჩინა იმან, რომ თავის ქალამ გადატეხის ადგილას არ გადაიწია. ეს იშვიათი შემთხვევაა, ალბათ სასწაული იყო”, - საუბარში ერთვება ტელევიზიის დირექტორი.
დავით გაბოძეს საქართველოში ოთხი ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის ხერხემალზე და თავის ქალაზეც. მკურნალობის ხარჯები სრულად დაფარა სადაზღვევო კომპანა “იმედი ელ”-მა. გაბოძეების სამსულიან ოჯახში დასაქმებული არავინაა, ოჯახის წევრები მადლიერებით აღნიშნავენ, რომ ამ შემთხვევის გამო კომპანიამ მათი პოლისი ულიმიტო გახადა.
რეანიმაციაში ორთვიანი ყოფნის შემდეგ, დავიტ გაბოძე ჯერ პალატაში გადაიყვანეს, ხოლო მას შემდეგ რაც მდგომარეობა დასტაბილურდა, საავადმყოფოდან გამოწერეს. იგი ახალცხიეში 3 აპრილს დაბრუნდა და ამჟამად საბარგო სადგურზე, დასთან ცხოვრობს.
“დაახლოებით სამი წელია დათოსთან ერთად ვმუშაობ. ყოველთვის მსიამოვნებდა მასთან ერთად გადაღებაზე წასვლა, ყოველთვის იცის როდის რა უნდა გააკეთოს და არ სჭირდება მითითება. ტელევიზიაში მოდის ხოლმე და ვხედავ, როგორი სინანულით უყურებს კამერებს. გუშინ (21 ივლისს ს.კ.) პირველად დავინახე გაღიმებული და ეს იმედს მაძლევს, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, - ამბობს ტელეკომპანია “მე-9 არხის” ჟურნალისტი რუსუდან გვარამაძე.
ტელეკომპანია “მე-9 არხს” საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში გაზეთი “სამხრეთის კარიბჭეც” დაეხმარა. დავით გაბოძის ოჯახის წევრები და მესხეთის ჟურნალისტები მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირეოდენი წვლილი გაიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში, როცა ერთი კონკრეტული პიროვნების დასახმარებლად აქცია გაიმართა და მასში ამდენი ადამიანი ჩაერთო...
ძალა ერთობაშია! – დავით გაბოძე თვის ბოლოს სამკურნალოდ გაემგზავრება.
ქველმოქმედება გრძელდება. დავით გაბოძის დასახმარებლად შეგიძლიათ გააგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 19 29. სმს-ის ფასია 50 თეთრი. გარდა ამისა, დავით გაბოძის სახელზე “ლიბერთი ბანკში” გახსნილია ანგარიშიც. ანგარიშის ნომერია – GE47LB0711124857285000.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი