ყველგან დაყრილი ნაგავი და გამწვანების ნაკლებობა ახალქალაქში ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის. ვინ არის დამნაშავე და რა კეთდება მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
ქალაქის ქუჩებში სიარულისას ფეხქვეშ ხშირად მოგხვდებათ სხვადასხვა სახისა და შემადგენლობის ნაგავი – კანფეტის ქაღალდებიდან და სიგარეტის კოლოფებიდან, პლასტმასის ბოთლებამდე და ცელოფნის პარკებამდე. ნაგავი არამხოლოდ ქალაქში, არამედ ქალაქგარეთ, დასასვენებელ ადგილებშიც ყრია. “სამხრეთის კარიბჭე” მთელი თვის განმავლობაში იღებდა სხვადასხვა ადგილებში დაყრილ ნაგავს.
ამირანის
გორა ყველა ახალქალაქელისა და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლების საყვარელი დასასვენებელი ზონაა. ადამიანური დაუდევრობის კვალს აქაც წააწყდებით. მთელ პერიმეტრზე პლასტმასის ბოთლები, ცელოფნის პარკები და სხვადასხვანაირი კოლოფები ყრია. შეგახსენებთ, რომ ამ ნაგავს მიწა ვერ ითვისებს, ამიტომ იქამდე ეყრება, ვიდრე ვინმე არ გადაყრის. არც თუ იშვიათია ისეთი შემთხვევებიც, როცა ნაგავს პირდაპირ იქვე ჩამომდინარე მდინარეში ყრიან.
ყოფილი მე-14 სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების შორიახლოს, ხელოვნური ტბაა. ყურადღების მიქცევის შემთხვევაში ეს ადგილი თავისუფლად შეიძლებოდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასასვენებელი პარკი ყოფილიყო, თუმცა, დღეს ის პატარა ნაგავსაყრელადაა ქცეული.
ოდესღაც პატარა ბაღში, სადაც ჯივანის ძეგლი დგას, პატარა, შადრევნებიანი კაფე იყო, ახლა კი ამ ადგილზე ბალახია მოდებული და ნაგავი ყრია.
გაუგებარია, ვისი ბრალია, ჩვენ რომ ნაგავში სიარული გვიწევს. შესაბამისი სტრუქტურების დანაშაულია, რომლებიც გარემოს სისუფთავეზე აგებენ პასუხს, თუ ახალქალაქის უბრალო მცხოვრებლების, ვისაც ნაგვის სანაგვე ყუთში გადაყრა და საკუთარი ეზოს დალაგება ეზარება. ქალაქის დანაგვიანებას ორივე ფაქტორი ერთნაირად განაპირობებს.
“საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” კოორდინატორის არტიუშ მელქონიანის აზრით, ხალხმა გარემოს მოფრთხილების მნიშვნელობა კარგად რომ გაიგოს, საჭიროა მედიის დახმარება და სხვადასხვა აქციების ჩატარება.
“ხალხს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც დასასვენებლად დადიან, ნაგავი არ უნდა დატოვონ”, - ამბობს იგი.
“საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ” გასულ წელს ახალქალაქში დასუფთავების აქცია მოაწყო. ასეთივე ღონისძიების ჩატარებას წელსაც გეგმავს.
პრობლემურია არამხოლოდ ნაგვის მოგროვების, არამედ ნაგავსაყრელების
საკითხიც. შპს “სანიტარული სადგურის” ხელმძღვანელის პარგევ იორდანიანის აზრით, ქალაქის ნაგავსაყრელი დღეს საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან დამუშავებულია მიწით, როგორც “ანტისეპტიკით”. ამ სამუშაოს შესრულება ერთი თვით მაინც რომ გადაედოთ, განსაკუთრებით, ზაფხულის პაპანაქება სიცხეში, ნაგავსაყრელი შეიძლება ეპიდემიის წყაროც გამხდარიყო.
“ჩვენ ერთი ნაგავსაყრელი გვაქვს, სადგურის შორიახლოს. იქ აუტანელი მდგომარეობაა. გამგეობის დახმარებით სპეციალური თანხა გამოვყავით და ერთ კვირაში ძლივს დავამუშავეთ. საშინელი სუნი იდგა. ნაგავსაყრელი შემოდგომამდე დავხურეთ. ამავე პროგრამით, შემოდგომაზე კიდევ ერთხელ დავამუშავებთ”, - ამბობს იგი.
არტიუშ მელქონიანიც ფიქრობს, რომ ნაგავსაყრელი შეიძლება ეპიდემიის წყაროდ იქცეს: “ჩვენს ნაგავსაყრელს ნებართვაც კი არ აქვს, რომ ამ ადგილას არსებობდეს. აქ ნაგავს უბრალოდ ყრიან. ნაგავსაყრელი კი შემოღობილი და ჩაკეტილი უნდა იყოს, რათა ძაღლები არ შედიოდნენ. დარაჯიც უნდა ყავდეს. თუმცა ასეთი აქ არაფერია”.
ვერ ვიტყვით, რომ ყველგან ნაგვის დაყრისთვის სასჯელი არ არსებობს, რადგან ბოლო კვირეებში ეკოლოგიის სამსახურმა რამდენიმე მაღაზია უშუალოდ მაღაზიების წინ დაყრილი ნაგვისთვის დააჯარიმა. ჯარიმა 5000-6000 ლარს აღწევს.
“ისინი ახალქალაქში თავიანთი პიკაპით ჩამოდიან, ავტოსადგურთან, ქალაქის ცენტრში ან სოფელ ხოსპიოსთან ჩერდებიან და ინიშნავენ, ვინ და სად შეიძლება დაჯარიმდეს. ჩვენთან არ თანამშრომლობენ. ვკითხავდით მაინც, ვისი დაჯარიმება შეიძლება. ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა, წარმომადგენელს გავაყოლებდით, მისამართებით, და ვაჩვენებდით, ვინ და რა დარღვევებს სჩადის. ახლა კი, უბრალოდ ჩამოდიან, იწერენ და თანხები მათ ანგარიშზე შედის. მათ არც შევხვედრილვართ, რათა შესაბამის ღონისძიებებზე მოგველაპარაკა. საჭიროა მოსახლეობის მოქცევა სამართლებრივ არეალში, რათა ყველამ იცოდეს რისთვის შეიძლება ჯარიმა დაეკისროს”, - ამბობს “სანიტარული სადგურის” ხელმძღვანელი.
ქალაქის ნაგვისგან გასუფთავების გარდა, საჭიროა ქუჩების გამწვანებაც.
“გამწვანება აუცილებელია, რადგან ჩვენი ტერიტორია მაღალმთიანია, შესაბამისად, ჟანგბადის შიმშილს განიცდის. ხეები საჭიროა ასევე მომატებული მტვრიანობის გამოც. ეს ხომ ტუბერკულოზის წყაროა”, - ამბობს არტიუშ მელქონიანი.
ქალაქის გამწვანებისთვის
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9000 ლარია გამოყოფილი. თანხის მესამედი ნაწილიც უკვე ათვისებულია. თუმცა ეს პატარა ნაბიჯებიც კი დაბრკოლებებს აწყდება.
“ქალაქის გამწვანებას გაზაფხულზე ან შემოდგომით ვატარებთ. გამწვანებაში გაზაფხულობით ყვავილების, შემოდგომაზე კი ხეების დარგვა იგულისხმება. მთელ ქალაქში ვარდის 200 ბუჩქი დავრგეთ. ეკლესიის ეზოში, ბაღში, გამგეობისა და სკოლების წინ, ქანდაკებებთან. ჩვენ 50 ცალი დეკორატიული ხის ნერგი გვქონდა, რომლებიც ბაღში, ეკლესიისა და მილიციის შენობის წინ დავრგეთ, საიდანაც ვერ მოიპარავდნენ. დარბინიანის ქუჩაზე და ავტოსადგურთან დარგული ხეები მოიპარეს და მათ ნაცვლად გამხმარი ხეები დატოვეს, თან, ირგვლივ ქვები დაულაგეს, მიწაშიც კი არ ჩაურგავთ”, - ამბობს პარგევ იორდანიანი.
ბუნებასთან დაუდევარი დამოკიდებულების შედეგები უკვე სახეზეა. ფრინველის, თევზისა და ცხოველის ზოგიერთი სახეობა დღეს უკვე გადაშენებულია.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი