თავის დაცვა გველებისგან


მანანა სარაშვილიახალციხე   

გველების შემაჩერებელი
 პრეპარატი.
 გასულ თვეში სამცხე-ჯავახეთში გველის დაკბენის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება და როგორ უნდა მოვიქცეთ დაზიანების შემთხვევაში.



ტემპერატურის მატებასთან ერთად ქალაქში ქვეწარმავლების თემაც გააქტიურდა. ამას ისიც ემატება, რომ ბოლო დღეებია მოსახლეობამ გველები საცხოვრებელი კორპუსების მახლობლად შენიშნა.


გასულ კვირას მეზობლებმა დაახლოებით ერთმეტრიანი გველი სარდაფში ჩასასვლელ კიბეებთან მოკლეს. მას მერე ბავშვები ეზოში ვეღარ თამაშობენ. პირველ სართულზე ვცხოვრობ, ამიტომ ფანჯრებს ღიას ვერ ვტოვებ, მეშინია სახლშიც არ შემოვიდეს. მდინარის ნაპირას ვცხოვრობთ და შესაძლებელია მსგავსი შემთხვევა კიდევ მოხდეს”, -ამბობს თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ლია ბლიაძე.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასულ თვეში გველის დაკბენის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი ადიგენში, ხოლო მეორე ახალციხეში.

დაშავებულებმა დროულად მიაკითხეს ექიმს, შესაბამისად, მკურნალობაც დროულად მოხდა. ჩვენმა სამსახუმრა პრევენციული ღონისძიებების გატარება თითქმის ერთი თვის წინ დაიწყო”, - ამბობს ექიმი-ეპიდემიოლოგი ლალი კირთაძე.   

აღნიშნული სამსახურის მოთხოვნით, ახალციხის რაიონული საავადმყოფო ანტიგიურზინით უკვე მომარაგებულია. ლალი კირთაძე ამბობს, რომ სპეციალურ განყოფილებაში ანტიგიურზინის სამი ამპულა დევს: “პრეპარატი აფთიაქებში არ იყიდება. 3 ამპულა ანტიგიურზინი ამ ეტაპზე, მხოლოდ ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში აქვთ. რეგიონში არსებული ყველა სამედიცინო დაწესებულება გაფრთხილებული გვაყავს, რომ დაშავებული დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საავადმყოფოში, რადგან შხამსაწინააღმდეგო პრეპარატი არის”.

მოსახლეობის ინფორმირებისთვის აღნიშნულმა სამსახურმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო ბუკლეტები გამოაკრა. საინფორმაციო ბუკლეტში აღწერილია გველის ნაკბენის დამახასიათებელი ნიშნები: ჭრილობა უმთავრესად გამოხატულია წყვილი ნაჩხვლეტით, ჭრილობის გარშემო ვითარდება შეშუპება და სიწითლე, ნაკბენი ძალიან მტკივნეულია, დაზარალებულს ეწყება ღებინება, გაძნელებული აქვს სუნთქვა, ნერწყვდენა და ოფლიანობა, მხედველობა კი დაბინდული აქვს.

ამავე ბუკლეტში მითითებულია, რომ აუცილებელია დაშავებულმა ან მასთან ერთად მყოფმა დაიმახსოვროს გველის ფორმა და ფერი. ეს სპეციალისტებს საშუალებას მისცემს გაარკვიონ გველის სახეობა, რაც მნიშვნელოვანია ნაკბენის მკურნალობისას.

აღნიშნული საინფორმაციო ბუკლეტის მიხედვით, არ უნდა შეეცადოთ გველის დაჭერას, ეს ქმედება მოიცავს დაკბენის რისკს, არ გადაუჭიროთ ლახტი, არ დასეროთ ჭრილობა და არ ამოწოვოთ შხამი. ნაკბენ ადგილზე არ უნდა მოხვდეს წყალი და ასევე, ტკივილის გაყუჩების მიზნით, არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი და კოფეინის შემცველი სასმელები.
თუ სამედიცინო დაწესებულება შორსაა, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს პირველადი დახმარება: დაზარალებული უნდა მოთავსდეს მშვიდ ადგილზე, ამან შეიძლება შეანელოს შხამის გავრცელება, ასევე ჭრილობა უნდა დაიფაროს სუფთა, მშრალი სახვევით.

ადრე დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარების დროს შხამს წოვდნენ ან უჭრიდნენ ჭრილობას და სხვა მსგავ მეთოდს იყენებდნენ. ახლა ეს ქმედება მიზანშეწონილი აღარ არის. იმის გამო, რომ ისევ ძველი წესებით, აღარ მოხდეს მკურნალობა, შემუშავდა ახალი მეთოდები”,- ამბობს ლალი კირთაძე.

ექსპერტ-ტოქსიკოლოგების თქმით, გველი ადამიანს თავს არ ესხმის, ის თავდაცვის მიზნით იკბინება, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს, შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში ან მოკვლას დაუპირებს. მათივე თქმით, პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალყელიანი ჩექმა, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შხამიანი გველები ყოველწლიურად 500 000 ადამიანს კბენენ, ამათგან, 50 000 შემთხვევა ლეტალურად მთავრდება. საქართველოში გავრცელებულია გველის 20 სახეობა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ოთხი ოჯახისგველბრუცასებრთა, მახრჩობელასებრთა, ანკარასებრთა და გველგესლასებრთა ათ გვარში. ამათგან შხამიანი ოთხი სახეობაა: ველის გველგესლა, ცხვირრქოსანა, კავკასიური გველგესლა და გიურზა.  

მათივე ინფორმაციით, გველის ნაკბენის დიაგნოზით საქართველოს სტაციონარებში ყოველწლიურად საშუალოდ 30-40 ადამიანი ხვდება, ძირითადად შუა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და  აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრნი. მოზრდილთა სიკვდილიანობა, კობრისა და გიურზას ნაკბენის შემდეგ, 8-15 პროცენტია, ასპიტის ნაკბენის შემდეგ 2-12 პროცენტი, ბავშვებისა - 25 პროცენტი. ასაკობრივად გველის ნაკბენი ყველაზე ხშირია 20-50 წლის ასაკში, 57 პროცენტი, ბავშვებში კი 30 პროცენტი.
ორგანიზაციააგრო განვითარების ჯგუფისინფორმაციით, გველებისთვის არსებობს ბიოლოგიური შემაჩერებელი საშუალება ბიოლოჯიქალ სტოპერი.
ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბიოლოგიური შემაჩერებელი ეფექტურად უმკლავდება გველებს. გამოიყენება შენობა-ნაგებობის გარშემო ან ფანჯრის რაფებთან და კარის ზღურბლებზე; გარაჟებში, ფარდულებში, საცურაო აუზებთან, ბაღებში (ხის ქერქის დასამუშავებლად),  ბოსტნებში, მინდვრებსა და სავარგულებში ნადირობისა თუ სხვა სამუშაოების შესრულების დროს შესაძლოა ფეხსაცმელებისა და ჩექმების დამუშავება, შეშის სათავსოებში და სხვა ადგილებში, სადაც შესაძლოა გველების გამოჩენა.

შესაძლებელია მისი გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც ბავშვები და ცხოველები თამაშობენ. ბიოლოგიური შემაჩერებელი საშუალება ბიოდეგრადირებადია და მითითებისამებრ გამოყენების შემთხვევაში არ აზიანებს გაზონებს, ბაღებს, ყვავილებს და სხვა მცენარეებს (დაუშვებელია ფოთლის ზედაპირზე დასხმა).

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი