ხმაურიანი ცვლილებები


 მანანა სარაშვილი, ახალციხე  
გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით “შეკრებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონპროექტში შესული ცვლილებები დაამტკიცა. ვიდრე კანონპროექტი დამტკიცდებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
 მმართველი პარტია ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ წესების გამკაცრებას ითვალისწინებს. აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

შეზღუდვები და აკრძალვები

კანონპროექტის მიხედვით, “შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს, აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება”.

გარდა ამისა, საპროტესტო აქციის მონაწილეები ვალდებული არიან გაუფრთხილდნენ ძეგლებს: “დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის ან მემორიალის ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება”.

მანიფესტაციის დაშლის მიზეზი შეიძლება გახდეს აქციის მონაწილეების მიერ ალკოჰოლის მასობრივი გამოყენება. გარდა ამისა, შეკრება და მანიფესტაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე იმ შემთხვევაშიც, თუ აქციის მონაწილეებს აქვთ ისეთი საგნები ან ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის აქციის მონაწილეებს. თუ მანიფესტაცია ან აქცია არ შეწყდა, “სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზომებს. აქციის დაშლა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ აქციის პასუხისმგებელმა პირებმა აქციის მონაწილეების მიერ დარღვევების აღმოფხვრა გაფრთხილებიდან 15 წუთში ვერ შესძლეს”.

კანონპროექტის თანახმად, წესდებოდა ტერიტორიული აკრძალვებიც. “აკრძალული იქნება შეკრების და მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები, პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები და სამართალდამცველი ორგანოები. ასევე რკინიგზის სადგურებთან, აეროპორტებთან და პორტებთან... ამას გარდა, აკრძალული იქნება შეკრების და მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში და მათი შესასვლელიდან 100 მეტრის რადიუსში”.

ახალი რეგულაციით, საერთოდ აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება. კვლავ აეკრძალებათ შეკრებისა და მანიფესტაციებზე პასუხისმგებლობა
საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს.

“შეკრების და მანიფესტაციების შესახებ” კანონის ძველ რედაქციაში ნათქვამი იყო, რომ მანიფესტაციის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მიმდინარე წლის 18 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილებით, მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით შეზღუდვა გააუქმა, თუმცა, კვლავ კანონის ძველი რედაქცია ბრუნდება.

მოწინააღმდეგეების შეფასება

“თავისუფალი დემოკრატების” წევრის, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას ახდენს: “2009 წლის აქციებს ხელისუფლებამ სასწრაფოდ მოაყოლა კანონის გამკაცრება, ახლაც, მაისის აქციების შემდეგ, ასეთი ნაბიჯი მოსალოდნელი იყო”.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლებას “სრულად ექნება ხელ-ფეხი გახსნილი, რათა არ დაუშვას რაიმე ტიპის შეკრების ან მანიფესტაციის გამართვა დედაქალაქის ან სხვა ქალაქის ტერიტორიაზე”. მისივე თქმით, წარმოდგენილი ფორმულირებით “ვერასოდეს ვერავინ დაადგენს, რა იყო აქციის კანონიერი დაშლა და რა უკანონო”.

რაც შეეხება კანონპროექტის იმ მუხლს, სადაც ნათქვამია, რომ “შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს, აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება”, თინა ხიდაშელის თქმით, შეკრება და მანიფესტაცია ყველა ქვეყანაში იმართება ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ან მუშაობენ, სადაც არის ბიზნესაქტიურობა და სახელისუფლო შენობები: “არავინ მართავს აქციებს უდაბნოში. შესაბამისად, შეუძლებელი გახდება შეკრების ჩატარება სადმე, სადაც ადამიანები დადიან. სახელისუფლებო ტელევიზიები ყოველთვის იპოვიან ისეთ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ მის ბიზნესს ხელი ეშლება”.

კანონპროექტის ოპონენტები ასევე ითხოვდნენ, რომ დაკონკრეტებულიყო აკრძალული საგნების ჩამონათვალი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღნიშნა, რომ დოკუმენტი შეიცავს “ბუნდოვან დებულებებს” და “ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციურ საფრთხეს”.

“ბუნდოვან და პოტენციური საფრთხის მატარებელ დებულებებად” მიიჩნევს ასოციაცია მუხლს – შეკრების მონაწილეთა და აქციის ჩატარების ადგილას მცოხვრები თუ მომუშავე მოქალაქეების უფლებებს შორის ბალანსის დაცვის შესახებ. მათთვის მიუღებელია ნორმა, რომელიც 15 წუთის ვადას აწესებს ორგანიზატორებისთვის დარღვევის აღმოსაფხვრელად.

დამტკიცებამდე, ცვლილებების წინააღმდეგ, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განაცხადით მიმართეს: “საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ”, საქართველოს მოქალაქეებმა ზვიად ძიძიგურმა, კახა კუკავამ, დაჩი ცაგურიამ და ჯაბა ჯიშკარიანმა, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და საქართველოს სახალხო დამცველმა.

განმცხადებლები ითხოვდნენ “შეკრების და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და “საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ზოგიერთი ნორმის ანტიკონსტუციურად ცნობას, რადგანაც მათი განცხადებით, ისინი წინააღმდეგობაში მოდიოდნენ საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე და 25-ე მუხლებთან, რომლებითაც გარანტირებულია სიტყვის, აზრის გამოხატვის და გავრცელების თავისუფლება, შეკრების და მანიფესტაციის უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას ზოგიერთ დაწესებულებასა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში. ვინაიდან, რიგ შემთხვევაში ეს შეკრების და მანიფესტაციის გამართვას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეკრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ის ხელს უშლის დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას ან როდესაც შეზღუდვა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით არის განპირობებული.

სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია კანონის ის ნორმა, რომელიც არ აძლევდა მოქალაქეს უფლებას ყოფილიყო შეკრების და მანიფესტაციის ინიციატორი, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირს უფლებას, გაეწია აქციის ორგანიზება და ყოფილიყო პასუხისმგებელი პირი.

მოსარჩლეთა ერთი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. “საქართველოს კონსერვატიული პარტიის” ლიდერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით კიდევ ერთხელ დაირღვა ადამიანის ძირითადი უფლებები, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლება.

“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ პატივი სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მის უფლებამოსილებას. ორგანიზაციის განცხადებით საქართველოში მოქმედი ყველა კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა იყოს, არაკონსტიტუციური კანონი კი უკანონოა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი