ივნისიდან დღემდე ახალციხეში გველის დაკბენის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთის მკურნალობა ადგილზევე მოხერხდა, ორი დაკბენილი კი კატასტროფის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა.
იმის გამო, რომ
საავადმყოფოში შხამსაწინააღმდეგო შრატის მარაგი ამოწურული იყო, 10 წლის ბავშვი, რომელიც გველმა წელის არეში დაკბინა, კატასტროფის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა. დედოფლისწყაროში მომხდარი შემთხვევისგან განსხვავებით, ბავშვს ანტიგიურზინი დროულად გაუკეთდა, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“კატასტროფის ცენტრის გამოძახება დაგვჭირდა, რადგან აღარ გვქონდა შხამსაწინააღმდეგო შრატი, სამი ამპულა გვქონდა და ისიც გაიხარჯა, ერთი გაცილებით ადრე, ორი ამ ბოლოს”, - ამბობს
ქირურგი ვაჟა მამუკაშვილი და აქვე ამატებს, რომ
ანტიგიურზინი კატასტროფის ცენტრმა თბილისიდან ჩამოიტანა და პაციენტს ადგილზე გაუკეთდა, თუმცა მისი თბილისში გადაყვანა მაინც საჭირო გახდა: “პაციენტს პულსის შესუსტება დაეწყო და მთავარმა ტოქსიკოლოგმა საჭიროდ ჩათვალა მკურნალობა დედაქალაქში გაეგრძელებინა”.
ქირურგიული განყოფილების უფროსის გიორგი გოგოტიშვილის თქმით, ანტიგიურზინი საკმაოდ ძვირადღირებული პრეპარატია, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით ყიდვა საავადმყოფოს უჭირს: “ერთი ამპულა ანტიგიურზინი 200 ლაზე მეტი ღირს, რამდენიმე რომ იყიდო, ამის საშუალება არ არის. ვადის გასვლის შემდეგ უნდა გადაყარო, ამიტომ, ტყუილად დებას სჯობია, სადაც უფრო სჭირდებათ იქ ჰქონდეთ, მაგალითად, კახეთში”.
ახალციხის რაიონული საავადმყოფოს უფროსის დავით მაისურაძის თქმით, როცა ანტიგიურზინის მარაგი გაუთავდათ, დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვეს: “მივწერეთ წერილი და აუხსენით, რომ საავადმყოფოში ანტიგიურზინი აღარ გვქონდა”.
ჯანდაცვის სამინისტროდან ახალციხის რაიონულ საავადმყოფოს პასუხი დრიულად მოუვიდა.
“მოგვწერეს, რომ როგორც კი სახელმწიფო შესყიდვები დასრულდება, ანტიგიურზინს გამოგვიგზავნიან”, - ამბობს დავით მაისურაძე.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი