“რვიანის” წევრი ორი პარტია გაერთიანებას გამოეყო და მმართველი პარტიის წინადადებაზე დათანხმდა. დარჩენილი ექვსი პარტია ბრძოლას აგრძელებს და მოსახლეობასთან შეკავშირებასა და “შესანიშნავი შვიდეულის” შექმნას ცდილობს.
“რვიანის” ბოლო მცდელობა უკანასკნელი აღმოჩნდა თავად “რვიანისთვის”, თუმცა, არა “რვიანის” შემადგენლობაში დარჩენილი ექვსი პარტიისთვის. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე მმართველ პარტიასა და “რვიანის” წევრ პარტიებს შორის მიმდინარე ინდივიდუალური მოლაპარაკებების დროს ხელისუფლებამ მათ საკუთარი წინადადებები გააცნო, რომელიც “ახალი მემარჯვენეებისა” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვის” მისაღები აღმოჩნდა, ასეთივე პოზიცია დააფიქსირეს ნაციონალ-დემოკრატიულმა პარტიამ, “ჩვენ თვითონ” და “მრეწველებმა”, რომლებიც “რვიანის” შემადგენლობაში არ შედიოდნენ. ხოლო “რვიანის” დანარჩენმა წარმომადგენელმა – პარტიებმა “საქართველოს გზა”, “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”, “კონსერვატიული პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”, “ხალხის პარტია” და “ეროვნული ფორუმი”, ამ წინადადებებზე უარი თქვეს. ისინი საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის ბრძოლის გაგრძელებას და არჩევნების თავისუფლებისთვის ფართომასშტაბიანი სახალხო მოძრაობის წამოწყებას აპირებენ. ოპოზიციური პარტიები საარჩევნო ბლოკის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ.
საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდის წინადადება წამოაყენა. აქედან 83 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა, 107 კი პროპორციული წესით, რაც “რვიანის” ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას (მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციული სისტემის შემოღება) ეწინააღმდეგება.
ამომრჩეველთა სიის დაზუსტებისა და მონიტორინგის ჩატარებისთვის ხელისუფლება ოპონენტებს სპეციალური კომისიის შექმნას სთავაზობს, რომელშიც ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები პარიტეტულ საფუძველზე შევლენ.
საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს, საარჩევნო ხარჯების ასანაზღაურებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მილიონ ლარს მიიღებს. ასევე, მცირდება საარჩევნო სუბიექტების ქველმოქმედების მოცულობა და ინერგება მონიტორინგი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.
ხელისუფლების წინადადება საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური წარმომადგენლების დაფინანსებას, გასაჩივრების ვადებსა და რიგ
სხვა საკითხებს ეხება. 27 ივნისს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში საარჩევნო კოდექსის ცვლილებების მოსამზადებლად ინტერპარტიული ჯგუფი შეიქმნება.
ცვლილებების პროექტის მომზადების შემდეგ ის სამართლებრივი ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები არაუგვიანეს 2011 წლის ოქტომბერში უნდა განხორციელდეს.
“რვიანის” წევრმა ორმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ მმართველი პარტიის წინადადებები სავსებით მისაღებია.
“ჩვენ, “ქრისტიან-დემოკრატები”, ხელისუფლების შემოთავაზებებს მისაღებად მივიჩნევთ და მიღებულ შედეგს ახალ პოლიტიკურ რეალობად განვიხილავთ”, - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა (ახალი ამბები - საქართველო).
მისი თქმით, საარჩევნო გარემოზე მუშაობა, რეალურად, სწორედ ახლა იწყება. ახალი პირობები დემოკრატიულ ძალებს, მათ შორის პარტიებსაც, რომლებიც ამ წინადადებებს არ იღებენ, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში საქმიანობის შესაძლებლობას მისცემს.
“რვიანის” შემადგენლობაში დარჩენილი პარტიები მოვლენათა ასეთი განვითარების მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი.
“ისინი გაიყიდნენ, მოითაფლნენ, შეცდნენ და არც კი ვიცი, რა ტერმინი გამოვიყენო. თუმცა, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების წინადადებაში პრინციპული არაფერია და ეს მხოლოდ ანგარიშზე ფულის ჩარიცხვაა”, - აღნიშნა “ეროვნული საბჭოს” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა “რვიანიდან” გასულ ორივე პარტიაზე საუბრისას (GHN).
ორი
პარტიის სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეში გადასვლის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ “რვიანი” დაიშლება და დანარჩენი პარტიებიც ნაციონალური მოძრაობის მხარეს დადგებიან. თუმცა, დარჩენილი ექვსი პარტიის ლიდერთა განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი დანებებას ჯერჯერობით არ აპირებენ.
“ჩვენი ამოცანა “რვიანის” “შესანიშნავ შვიდეულად” ქცევაა, სადაც წამყვანი სწორედ მეშვიდე ფიგურა – საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. პარტნიორობა ზუსტად ასეთი იქნება, როდესაც ჩვენ ჩამოვაყალიბებთ მოძრაობას “თავისუფალი არჩევნებისთვის”, - განაცხადა ოპოზიციური პარტიის “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. (GeorgiaTimes).
რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის მტკიცებით, “ექვსეული” ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.
“ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადაწყვიტა შეუერთდეს ტექსტს, რომელშიც ცვლილებები არ შევა. ჩვენთვის ასეთი მიდგომა მიუღებელია და ამას ბრძოლაზე უარის თქმას ვუთანაბრებთ. ჩვენ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად შევქმნით საარჩევნო გარემოს და ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება მოუწევს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. (ახალი ამბები - საქართველო).
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი