გევორქიანების ორსულიანი ოჯახი ორი წელია ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან დახმარებას ითხოვს. სახურავის და სახლში შესასვლელი კიბის შეკეთების შესახებ განცხადება რამდენჯერმე დაწერეს, თუმცა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში არცერთი განცხადება არ დაფიქსირებულა.
“მოგეხსენებათ, რომ ვარ მარტოხელა ავადმყოფი, მოხუცი პენსიონერი. 2009 წლიდან მივმართავ ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რათა გამოყოს კომისია და შეამოწმონ ჩემი საცხოვრებელი ბინა. რომელშიც როდესაც წვიმაა ისევე
წვიმს, როგორც გარეთ. მაგრამ დღემდე არავინ დაინტერესებულა ჩემი გაჭირვებით. მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, კვლავ მივმართე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს დავით ათუნაშვილს, რომელმაც უარი მითხრა ფონდის არ არსებობის გამო, მაშინ როდესაც ყველასთვის არსებობს დახმარების ფონდი, მხოლოდ ჩემნაირი მარტოხელა მოხუცისთვის არ შეიძლება გამოინახოს რაიმე სახსარი”, - ეს არის ამონარიდი იმ განცხადებიდან, რომლითაც ევგენია გეორქიანმა 2010 წლის 2 დეკემბერს “სამხრეთის კარიბჭის” რედაქციას მომართა და დახმარება ითხოვა.
ევგენია გევორქიანი დასთან, ასთხიკ გევორქიანთან ერთად, რუსთაველის ¹88-ში ცხოვრობს. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, დაზიანებულია სახურავი და შესასვლელი კიბე.
“რამდენჯერმე ჩავვარდი და ისე ცუდად ვიყავი, რომ თითქმის ერთი თვე ლოგინში ვიწექი, ვმკურნალობდი”, - გვიამბობს 72 წლის ასთხიკ გევორქიანი.
დახმარების თხოვნით,³ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გევორქიანებმა პირველად 2009 წელს მიმართეს განცხადებით.
“მე თვითონ დავწერე განცხადება. ვითხოვდი, რომ მოსულიყვნენ და ენახათ რა ცუდ პირობებში ვცხოვრობთ. როცა წვიმს, სახლში ისეთი წყალი ჩამოდის, ჭურჭელი აღარ გვყოფნის. ასევე, ვთხოვდით კიბეების გაკეთებას, ყოველდღე ველოდებით, რომ ჩაინგრევა. ეს სახლში შესასვლელი ერთადერთი გზაა”, - ამბობს ევგენია გევორქიანი.
განცხადებაზე პასუხი დღემდე არ მიუღიათ. რამდენიმე თვის შემდეგ, იგივე შინაარსის განცხადება გევორქიანებმა კიდევ დაწერეს, პასუხი არც ამ განცხადებაზე მოსვლიათ. ასთხიკ გევორქიანი ამბობს, რომ 2009 წელს ასეთი შინაარსის ხუთი განცხადება დაწერა: “ბოლოს მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს დავწერე. გამგებელთან შევედი და ვთხოვე, რომ დაეკმაყოფილებინა ჩემი თხოვნა, მაგრამ უარი მითხრა, თანხები არ გვაქვსო. განცხადება უხეშად მომიგდო და მითხრა, რომ მხოლოდ კიბეების შესაკეთებლად მომცემდა ფიცრებს”.
მასალა, რომელის მიცემასაც გამგებელი გევორქიანს დაჰპირდა, საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა. მასალის სახლში მიტანისა და კიბის შეკეთების ხარჯები ასთხიკ გევორქიანმა უნდა გადაიხადოს.
“მანქანის ქირაობის და მუშის ფული რომ მქონდეს, გამგებელს აღარ შევაწუხებდი. რა თქმა უნდა არ დავთანხმდით ამ შემოთავაზებას”, - ამბობს ევგენია გევორქიანი.
ასთხიკ და ევგენია გევორქიანები პენსიონერები არიან. მათი ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, რომელიც, როგორც თვითონ ამბობენ, წამლებშიც არ ყოფნით.
“წლების წინ სკოლაში ვმუშაობდი, ჯანმრთელი ვიყავი და სახლში კაცის საქმესაც მე ვაკეთებდი, ახალა აღარ შემიძლია. შაქარი მაქვს, ჩიყვი და ნერვის ანთება, სულ ვმკურნალობ. ჩვენი პენსიაც მხოლოდ წამლებში მიდის”, - ამბობს ასთხიკ გევორქიანი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში გვითხრეს, რომ გევორქიანის განცხადება არასდროს მიუღიათ. თუმცა, ასთხიკ და ევგენია გეორქიანები ამბობენ, რომ განცხადება ნამდვილად დატოვეს. როგორც ჩანს, განცხადება კანცელარიამდე არ მისულა. განცხადების არსებობას უარყოფს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილიც.
“რამდენჯერმე იყვნენ მოსულები და მხოლოდ კიბის შეკეთებას ითხოვდნენ. მეც ასევე, სიტყვიერად, ვუთხარი რომ მასალას ანუ ფიცრებს მივცემდი და დანარჩენი თვითონ უნდა გაეკეთებინათ. მაგარამ არ დამთანხმდნენ, გაბრაზებულები წავიდნენ”, - განაცხადა სატელეფონო საუბარში დავით ათუნაშვილმა და დასძინა, რომ მას მეტის შეთავაზება არ შეუძლია.
როგორც ჩანს, გევორქიანების დასახმარებლად ადგილობრივ ბიუჯეტს სახსრების გამონახვა უჭირს. შესაბამისად, მათ განცხადებას, რომლის არსებობას გამგეობაში არც ადასტურებენ, გამოხმაურება არც ამჯერად მოჰყვება. მათ ერთადერთ იმედად მხოლოდ გულისხმიერი ადამიანების გამოჩენა რჩება.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი