,,წარმომადგენლობითი სახალხო კრების” ლიდერს ნონა გაფრინდაშვილს ,,სამხრეთის კარიბჭემ” რამდენიმე კითხვით მიმართა.
- ქალბატონო ნონა, როგორ მიგაჩნიათ შეიძლება დღეს აქციებით ხელისუფლების შეცვლა?
- აქციებმა ხელისუფლების შეცვლა ვერ მოახერხა, ამიტომ ჩავატარეთ სახალხო წარმომადგენლობითი კრება. ცამეტი ათასზე
მეტი დელეგატის უკან 850 000-მდე ხელმოწერა იყო, რამაც ლეგიტიმაცია გაუკეთა სახალხო კრების გადაწყვეტილებებს. ,,წარმომადგენლობით სახალხო კრებამ” უნდობლობა გამოუცხადა ქვეყნის პრეზიდენტს და მის
ხელისუფლებას. ომი, უმუშევრობა, სიღარიბე, ციხეები უკანონო პატიმრებითაა გადაჭედილი; მილიონობით ფულია შემოსული დევნილების დასახმარებლად და ნახეთ როგორ ცხოვრობენ ისინი. აი როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ ჩვენ.
- თქვენ საუბრობდით, რომ შემდგომი ბრძოლა დამოკიდებული იყო ხალხის რაოდენობაზე. აქციაზე ხალხი მოვიდა, თუმცა აქციები აღარ გაგრძელდა, რატომ?
- იმ დღეს აქციების დაწყებისთვის მოსახლეობის საკმარისი რაოდენობა მოვიდა, მაგრამ ჩვენი ძირითადი მიზანი სახალხო კრების ჩატარება იყო, რაც განვახორციელეთ კიდეც. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ 25 ნოემბერს სახალხო კრების ჩატარებით ვიწყებთ ბრძოლას ამ რეჟიმის
დემონტაჟისთვის. სხვა გამოსავალი არ არსებობს! ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებასთან მუშაობა. თუ ყველანი ერთმანეთს გვერდით არ დავდექით, ეს კატასტროფა იქნება. მე ჩემი შვილიშვილების და ჩემი ქვეყნის გამო დავადექი ამ გზას.
- იყო თუ არა ,,წარმომადგენლობით სახალხო კრებაში” შიდა დაპირისპირება?
- დაპირისპირება ნამდვილად არ არის. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ სერიოზულად. როცა მზად ვიქნებით, დაუმორჩილებლობისთვის თარიღს გამოვაცხადებთ.
- გამოსავალს მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაში ხედავთ?
- სოციალური მდგომარეობა უმძიმესია. განათლების სისტემა დანგრეულია. ხალხის ნაკადი
გაედინება საქართველოდან, ვინაიდან არის ტოტალური უმუშევრობა, გამეფებულია უსამართლობა და ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომელი ერთი ჩამოვთვალო.…
თუ გვინდა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ეს რეჟიმი უნდა მოვიშოროთ.
- გყავთ თუ არა რეგიონში მხარდამჭერები, ზოგადად, არის თუ არა თქვენი ძირითადი რესურსი რეგიონები?
- ჩვენ დავდიოდით რაიონებში, სადაც თეატრებს არ გვაძლევდნენ, მაგრამ შეხვედრებს მაინც ვატარებდით და დარბაზები სულ გადაჭედილი იყო. ახლა ვაყალიბებთ კომიტეტებს, როგორც თბილისის რაიონებში, ასევე რეგიონებშიც, რათა მოვემზადოთ სახალხო დაუმორჩილებლობისთვის. ამისათვის საჭიროა ხალხთან მუშაობა –შიშის სინდრომიდან გამოსვლისთვის.
- რას აპირებთ სამომავლოდ?
- ერთადერთი გზა ეს არის სახალხო დაუმორჩილებლობა, რომლისთვისაც ვემზადებით. უკან დასახევი გზა ჩვენ არა გვაქვს.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი