ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულამდე ხუთი დღე რჩება; როგორ ემზადება მოსახლეობა საახალწლოდ.
ახალი, 2011 წლის მოახლოება უკვე იგრძნობა; ხალხმრავლობაა ახალციხის აგრარულ ბაზარში და საახალწლო აქსესუარების მაღაზიებში. ყველას უნდა, რომ ახალ წელს სათანადოდ მომზადებული შეხვდეს და ტრადიციული სუფრა გაშალოს.
დიასახლისები ამბობენ, რომ საახალწლო სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს გოზინაყი, ჩურჩხელა, საცივი, გოჭი, თევზი, ხილი და ტკბილეული. თუმცა, გამოკითხულ დიასახლისთა უმრავლესობამ გვითხრა, რომ პროდუქტებზე გაზრდილი ფასების და ოჯახის შემოსავალის სიმცირის გამო, გასულ წლებთან შედარებით, წელს ბევრს ვერაფერს შეიძენენ.
“ყველაფერი ისეთი გაძვირებულია, რომ ჩემი შემოსავალი ბევრს ვერაფერს გაწვდება. წელსაც გოჭისა და ინდაურის გარეშე შევხვდები დღესასწაულს”, - ამბობს ლიანა გიქოშვილი.
ინასარიძეების სამსულიან ოჯახში ნაძვის ხე უკვე მორთეს. ტრადიციულად, ბარაქისთვის, რამდენიმე ახალი ნივთი და ნაძვისხის რამდენიმე ახალი აქსესუარიც შეიძინეს და საახალწლო მაშხალებიც.
“ნაძვის ხეს ბარბარობა დღეს ვდგავთ და ყოველ წელს ახალ სათამაშოს ვამატებთ. ვცდილობთ სახლისთვის ახალი ჭურჭელი, ავეჯი ან რაიმე ნივთი ვიყიდოთ. თუ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, მომავალი წელი ოჯახისთვის საუკეთესო იქნება”, - ამბობს დიასახლისი.
ახალციხის აგრარულ ბაზარში დახლები სავსეა ხილითა და სხვადასხვა პროდუქტებით. მყიდველთა სიმრავლეა, როგორც აგრარულ ბაზარში, ასევე სასურსათო მაღაზიებში. თუმცა, გამყიდველები ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს მყიდველთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
“გასულ წლებში იმდენი ხალხი იყო, რომ დახლებს შორის ძლივს მოძრაობდნენ, ჩვენც უქმად დგომის დრო არ გვქონდა, ახლა კი ვდგავართ და მყიდველებს ველოდებით. წელს თითქმის ყველაფერი რამდენიმე თეთრით გაძვირდა, შესაძლებელია ფასები კიდევ გაიზარდოს”, - გვეუბნება ხილის გამყიდველი.
23 დეკემბრის მონაცემებით, ახალციხის აგრარულ ბაზარში ასეთი ფასებია:
თხილი _ 5 ლარი;
ჩურჩხელა _ 1,00 - 1,50 ლარი;
ტყლაპი _ 5,00 – 7,00 ლარი;
ჩირი _ 2,50 ლარი;
ბანანი _ 3,50 ლარი;
ვაშლი _ 1,00-დან
– 3,00 ლარამდე (ხარისხის მიხედვით);
ბროწეული _ 5,00 ლარი;
მანდარინი _ 0,80-დან 2,00 ლარამდე;
კივი _ 1,50-დან
2,50 ლარმდე;
ფორთოხალი _ 2,50 ლარი;
ყურძენი _ 5,00 ლარი;
ინდაური _ 40,00 ლარი;
ქათამი _ 12,00 – 13,00 ლარი;
ხორცი _ 10,00 ლარი;
თაფლი _ 10,00 ლარი;
ნიგოზი (გარჩეული) _ 10,00-დან 18,00 ლარამდე (ხარისხის მიხედვით);
ყველი _ 7,00-8,00 ლარი;
სულგუნი _ 10,00-12,00 ლარი;
კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც ახალ წელს უკავშირდება, საჩუქრების ჩუქებაა. შესაბამისად, ხალხის სიმრავლეა აქსესუარებისა და სუვენირებს მაღაზიებშიც.
რამდენიმე კვირაა საახალწლო ნივთები იყიდება აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ტროტუარებზე გაშლილ დახლებზე სხვადასხვა ზომისა თუ ფერის წვიმები, სათამაშოები, შუშხუნები და მსგავსი საახალწლო აქსესუარები დევს.
“ახალ წელს ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის ყოველთვის ვყიდულობ საჩუქრებს. ეს ჩემთვის ტრადიციაა, ამიტომ წელსაც ასე მოვიქცევი და ჩემს ახლობლებს პატარა საჩუქრებს აუცილებლად ვუყიდი”, - ამბობს ნათია მერაბიშვილი.
საახალწლო აქსესუარებითა და სათამაშოებით მოვაჭრე ქალბატონი მეორე წელია, წინასაახალწლოდ აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობს.
“ძირითადად, რბილი სათამაშოებით ვვაჭრობ. მაქვს ნაძვის ხის სათამაშოებიც სხვადასხვა ფასისა და ზომის. ვისაც უჭირს, ლარიან სათამაშოს ყიდულობს, ზოგი თითოში 5 ლარსაც იხდის. წელს კურდღლის წელია, ამიტომ ძირითადად სათამაშო კურდღლები მაქვს. ფასები 5 ლარიდან იწყება, ზომისა და ხარისხის მიხედვით”, - ამბობს იგი.
ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი ნაძვის ხე და ჩიჩილაკია.
ნაძვის ხეების ფასები 5 ლარიდან 40 ლარამდე მერყეობს, ხოლო ჩიჩილაკები 2 ლარიდან 10 ლარამდე ღირს, ზომისა და ხარისხის შესაბამისად.
ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ახალი 2011 წელი მშვოდობის, ხვავისა და ბარაქის წელი იქნება.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი