მას შემდეგ, რაც ჭონქაძის ქუჩაზე მცხოვრებ მარიკიანებისა და პალოიანების ოჯახებს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
სიცივე, შიმშილი და შიში იმისა, რომ შესაძლოა ერთ დღეს სახურავი ან კედელი ჩამოინგრეს, - ეს პალოიანების ყოველდღიურობაა. ლუსინე პალოიანი ერთ პატარა ოთახში სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს და პრობლემებს მარტო უმკლავდება.
მისი დილა ნაფოტების შეგროვებით იწყება, უკვე რამდენიმე ზამთარია შეშა არ უყიდია და ამიტომ, სახლს ნახერხით ათბობს. ამბობს, რომ ოჯახში კაციც თვითონაა და ქალიც. მეუღლემ ხუთი წლის წინ, სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დატოვა და მას მერე აღარ გამოჩენილა.
იმისათვის, რომ საარსებო სახსრები ეშოვა, გადაწყვიტა სამსახური მოეძებნა. ორი წელია, მეექვსე საჯარო სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. სამსახურში დილიდან საღამომდე უნდა იყოს, ამიტომ იძულებულია, ბავშვები სახლში მარტო დატოვოს. უფროსი მე-10 კლასშია, შუათანა კი მე-2 კლასში სწავლობს. ყველაზე პატარა 4 წლის გაიანეა.
“ფული არ მაქვს რომ საბავშო ბაღში ვატარო, ამიტომ ჩემს მოსვლამდე ბავშვები სახლში მარტო არიან”, - ამბობს ლუსინე პალოიანი.
ძმების და დედის მოლოდინში გაიანე თავს ტელევიზორის ყურებით ირთობს. საღამომდე მულტფილმებს უყურებს, ხანდახან გარეთ გამოდის, იმ იმედით, რომ სახლისკენ მომავალ დედას დაინახავს.
მისაღები ოთახის კედელზე საქართველოს პრეზიდენტის პლაკატია გაკრული.
“ბავშვებს ძალიან უყვართ მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს და პოლიციის ჰიმნი ზეპირად იციან. მათი სურვილით გავაკარი პრეზიდენტის პლაკატიც”,-ამბობს დიასახლისი.
ერთი წლის წინ, ლუსინე პალოიანმა მეზობლისგან გაიგო, რომ ახალციხეში სოციალური მომსახურების სააგენტო არსებობდა. განცხადება დაწერა და აღნიშნულ სამსახურს მიმართა: “ყველა საბუთი მოვაწესრიგე და განცხადება დავწერე. რამდენიმე კვირაში სოციალურმა აგენტმა სახლი დაათვალიერა და ყველა ნივთი აღწერა”.…
სოციალურმა აგენტმა პალოიანებს სარეიტინგო ქულაც მიანიჭა და ოჯახს ყოველთვიურად ფულად დახმარება, 102 ლარი დაენიშნა. სამი თვის წინ კი დახმარებას შეუწყდათ.
“სააგენტოში მითხრეს, რომ რადგან ვმუშაობ, დახმარება აღარ მეკუთვნის. როგორც გავიგე, დახმარება რომ მოგიხსნან, 150 ლარზე მეტი შემოსავალი უნდა გქონდეს”, - ამბობს ლუსინე.
პალოიანების საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. სახლის უკანა კედელი გადახსნილია. არაა გამორიცხული, რომ ერთ დღეს სახლს ერთი ოთახი მთლიანად მოსწყდეს.
“ოთახში ბავშვები რომ არ შევიდნენ, კართან საწოლები მივადგი. სახლიდან რომ გავდივარ და ბავშვებს მარტო ვტოვებ, სულ იმას ვფიქრობ, რამე უბედურება არ მოხდეს. ღამე ნორმალურად არ მძინავს, კედელის და იატაკის ჩანგრევას ყოველდღე შიშით ველოდები”, - ამბობს დიასახლისი.
2009 წლის სექტემბერში ლუსინე პალოიანმა დახმარებისთვის ახალცხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა. მაშინ მან გამგეობაში განცხადებასთან ერთად ფოტოებიც მიიტანა, სადაც კარგად ჩანდა, რა მდგომარეობაშია მისი საცხოვრებელი სახლი: “ფოტოები მე თვითონ გადავიღე იმისთვის, რომ უფრო კარგად გაეგოთ ჩემი მდგომარეობა”. პასუხს დღემდე ელოდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის კანცელარიაში გაგვიმარტეს, რომ განცხადებაზე პასუხი გაცემულია. როცა პასუხის ასლი მოვითხოვეთ, გვითხრეს, რომ 2009 წლის არქივს ვერ მოგვიძებნიდნენ და აქვე დასძინეს, რომ უფლება არ აქვთ განცხადების პასუხი გაგვაცნონ: “თვითონ ოჯახის რომელიმე წევრი მოვიდეს, ასლს გადავუღებთ და გავატანთ”. თუმცა, ფაქტია, რომ ლუსინე პალოიანს განცხადებაზე პასუხი არ მიუღია.
“ვარ მარტოხელა დედა, მყავს სამი შვილი. ვიმყოფები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. მატერიალურად ძალიან მიჭირს, ჩემი სახლი ისედაც იმყოფებოდა ავარიულ მდგომარეობაში, ამას დემატა მიმდინარე წელში ორფოლოში სამხედრო პოლოგონები. აფეთქებების ხმაურზე უფრო მეტად გაიხსნა კედელი, ზამთარში აქ ცხოვრება ნამდვილად შეუძლებელია, ამას ადასტურებს გადაღებული ფოტოც.
ადრეც მოვმართე გამგეობას, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. გთხოვთ გამოყოთ კომისია, გულთან მიიტანოთ ჩემი გასაჭირი და დამეხმაროთ მასალით, აგრეთვე მე მესაჭიროება საწვავი შეშაც. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ. იმედი მაქვს თქვენი თანადგომის” (სტილი დაცულია), - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ლუსინე პალოანი უახლოეს დღეებში შეიტანს გამგეობაში.
სოციალური დახმარება პალოიანის მეზობლად მცხოვრებ ანა მარიკიანის ოჯახსაც შეუწყვიტეს. რვასულიანი ოჯახი ოროთახიან ბინაში ცხოვრობს. მარიკიანის მეუღლე და მამამთლი ინვალიდობის პენსიას იღებენ. როგორც თვითონ ამბობს, რაც ფულადი დახმარება შეუწყვიტეს ოჯახის ერთდერთი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა.
“სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გასულ წელს მივაკითხე. რამდენიმე კვირაში ფულადი დახმარება დამინიშნეს. დახმარებას შვიდი თვე ვიღებდი, მერე შემიწყვიტეს. ვფიქრობ, რომ მიზეზი ტელევიზორი გახდა, რადგან მას მერე მხოლოდ ტელევიზორი შევიძინე. სხვა მხრივ ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა არ შეცვლილა”, - ამბობს ანა მარიკიანი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს, რეგიონული საკორდინაციო ცენტრის უფროსის, ზაალ ივანიძის თქმით, არის შემთხვევები, როცა ოჯახი დეკლარაციის შევსების დროს მალავს სხვა შემოსავლის წყაროს და გამჟღავნების შემთხვევაში მათ ავტომატურად უწყდებათ რეგისტრაცია:
“ამ კონკრეტულ შემთხვევებზე ვერაფერს გეტყვით. თუმცა, არის შემთხვევები, როცა დეკლარაციის შევსების დროს არ მიუთითა, რომ მუშაობდა ან შემდეგ არ განაცხადა ამის შესახებ, რაც სავალდებულოა. სააგენტოში მოვიდოდა ინფორმაცია, რომ ეს ქალბატონი მუშაობდა და ამის გამო შეუწყდებოდა დახმარება. თავიდან უნდა მოხდეს ოჯახების გადამოწმება”.
ლუსინე პალოიანს იმედი აქვს, რომ ახალ წელს ნაკლები პრობლემებით შეხვდება. განცხადებას დააკმაყოფილებენ და მისი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მოგვარდება. ბავშვების დატოვება მარტო აღარ მოუწევს და იმის შიში აღარ ექნება, რომ შესაძლოა საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩეს.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი