ახალი დასახლება და ''იქაური'' ცხოვრების წვრილმანები


სოფელ კოდაში კოდორისა და დიდი ლიახვის ხეობებიდან დევნილთა 450 ოჯახი ცხოვრობს. “სამხრეთის კარიბჭეშეეცადა გაერკვია, როგორ ცხოვრობენ ისინი და რა მოლოდინით ხვდებიან მესამე ახალ წელს მშობლიური ადგილებიდან მოშორებით.

სოფელი კოდა, ყოფილი სამხედრო დასახლება, ახლა კი დევნილთა ახალი საცხოვრებელი ადგილი, თბილისიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს.

მოასფალტებული გზა და ფერადი სახლები, ყველა ფანჯარასთან გაჭიმულ სარეცხის თოკებზე მოფრიალე ტანსაცმლით, - ასეთია იძულებით გადაადგილებული ოჯახთა ახალი საცხოვრებელი გარემო. ათ ახალგარემონტებულ კორპუსში 450 ოჯახი ცხოვრობს.

სახლებისგან ცოტა მოშორებით სპორტული მოედანია. მოპირდაპირედ კი სხვადასხვა წვრილი საქონლით მოვაჭრეთა დახლები დგას. იქვე, შორიახლოს, პრესის ჯიხურია, სახელწოდებითლიახვი”. ეს, ალბათ, ერთერთია მათ შორის, რაც კოდას მცხოვრებლებს 2008 წელს დაკარგულ მშობლიურ ადგილებს ახსენებს.
 
მართალია, აქ მცხოვრები ოჯახები, მესამე ახალ წელს ხვდებიან კოდაში, მაგრამ მათი ფიქრები და სურვილები ისევ იქ, მშობლიურ ადგილებშია დარჩენილი...

გამოქცევისას დაბომბვაში მოვყევით და ცოცხლები შემთხვევით გადავრჩით. ყველაფერს ანადგურებდნენ, ზემოდან ბომბები ცვიოდა. უკან დაბრუნება სულ გვინდა. სამწუხაროა, რომ არ გვიშვებენ, თორემ დიდი ხნის წინ დავბრუნდებოდით. თუმცა, იქ ალბათ აღარაფერი დარჩა”, - გვიამბობს ანზორ ვასიშვილი.

ცხინვალის რაიონის სოფელ აჩაბეთის მცხოვრები ტატიანა ბაბუციძე იხსენებს, რომ ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა. მისი ოჯახი კოდაში 2008 წლის 16 დეკემბრიდან ცხოვრობს, მანამდე რამდენიმე თვე თბილისში გაატარეს: უკრაინელი ვარ, მეუღლე კი ქართველი მყავს. აჩაბეთიდან 9 აგვისტოს წამოვედით. სოფელი თითქმის დაცარიელებული იყო. ვერ ვიგებდით, ვინ და საიდან გვესროდა. წინასწარი შეგრძნება, რომ ომი დაიწყებოდა, არ გვქონდა. რაღაცას ვაშენებდით და კარგად ვცხოვრობდით. გზებიც გაგვიკეთეს, მაღაზიებიც და ისეთი ლამაზი კლუბი გვქონდა, როგორიც გორშიც კი არ იყო. სკოლაც ძალიან კარგი იყო. ყველაფერს საქართველოს მთავრობა გვიკეთებდა. ცხინვალი საერთოდ განცალკევებით ცხოვრობდა. ჩვენ გზაც კი, უღელტეხილზე, ცალცალკე გვქონდა”.

ბაბუციძეების ხუთსულიანმა ოჯახმა თბილისამდე მეზობლებთან ერთად, ავტობუსით ჩააღწია. თან, პრაქტიკულად, არაფერი წაუღიათ. საქართველოს მთავრობამ დევნილებს სრულიად მოწყობილი ბინები გადასცა, ამას ოჯახებიც აღიარებენ, თუმცა, უკან დაბრუნება მაინც უნდათ.

გზა გაგვიკეთეს, წყალიგრაფიკითმოდის, დღე-ღამეში 4-ჯერ, რამდენიმე საათის შუალედით. შუქი და გაზი მუდმივად გვაქვს. უკვე მზა ბინებში გადმოვედით, ყველაფერი გაკეთებული იყო. აქ დაგვხვდნენ კიდეც. ყველანაირი ავეჯი იდგა. ყველაფერი გვაქვს, რაც ადამიანს ცხოვრებისთვის სჭირდება, მაგრამ უკან დაბრუნება, გვინდა”, - ამბობს ტატიანა ბაბუციძე და მომავლის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხსაც წარსულთან აკავშირებს: ახალი წელი მოდის. რაღაც ნაღველი მაწვება. იქ ახალ წელს ისე აღვნიშნავდით, როგორც ნებისმიერ ქართულ ოჯახში. შემწვარი გოჭი და სხვა ყველაფერი”.

ყველა ოჯახს ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს. თუმცა, მიწა სოფლიდან შორსაა, ამიტომაც მათ ვერ ამუშავებენ.

დალი დათაშვილის ოჯახი კოდაში 2008 წლის 8 აგვისტოს სოფელ თამარაშენიდან გადმოვიდა. ოჯახში ექვსი წევრია და ყველა უმუშევარი. თავს მხოლოდ დახმარებითა და პენსიითYირჩენენ.

თამარაშენში 300 ოჯახი ვცხოვრობდით. ყველა წვავდა სახლს და ტოვებდა იქაურობას, ახლა იქ აღარაფერია. ომის დაწყებას არ ველოდით. იქ სულ ისროდნენ, მაგრამ 20 წელიწადი მაინც ჩვეულებრივად ვცხოვრობდით. ვისაც როგორ შეგვეძლო, ისე გამოვიქეცით, ზოგი მანქანებით, ზოგი კი ფეხით. სახლების დასატოვებლად 10 წუთი მოგვცეს, თან ვერაფერი წამოვიღეთ. თავიდან თბილისში დაგვასახლეს და სამი თვე სასტუმროში ვცხოვრობდით”, - გვიამბობს იგი.

სროლებს ზურაბ კასრაძეც მიჩვეული იყო. იგი მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად სოფელ ქემერთიდან 10 აგვისტოს წამოვიდა.

მაშინ ჩემი ვაჟები იბრძოდნენ. უმცროსი ხეობას იცავდა, უფროსი კი მაშინაც და ახლაც ჯარში მსახურობს. ჩვენს სოფელს ომის დაწყებამდეც ხშირად ესროდნენ. სამშვიდობოები გვიხსნიდნენ, რომ შემთხვევით ისროლეს. მაგრამ როგორ უნდა მომხდარიყო, რომ ზარბაზნიდან ან ბომბდამშენიდან ყუმბარა სრულიად შემთხვევით ჩვენს სოფელს მოხვედროდა?!”, - ამბობს იგი და იხსნებს, რომ მუდმივად დაძაბულობაში ცხოვრობდნენ, - “ოსები გვტაცებდნენ საქონელს, კლავდნენ ხალხს. მათ უკან, რასაკვირველია, სამშვიდობოები იდგნენ. ისინი ოსების ზურგს ეფარებოდნენ. იმ პერიოდში ჩვენმა სოფელმა ორი ადამიანი დაკარგა. 10 წლის განმავლობაში ხეობაში, დაახლოებით, 68 ადამიანი დაიღუპა. ქალებიც და ბავშვებიც”.

სოფლის ქუჩები ხალხმრავალია. მამაკაცები იკრიბებიან, ბანქოს თამაშობენ ან მშვიდად საუბრობენ. თემა ჯერჯერობით უცვლელია, ყველა მათგანი მისიიქაურიცხოვრების წვრილმანებს ყვება.

ქრისტინა მარაბიანი, კოდა

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი