დაბალი ინტერნეტ სიჩქარე და უკმაყოფილო აბონენტები; არის თუ არა მომსახურება ტარიფის შესაბამისი.
სააქციო საზოგადოება სილქნეტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ფილიალს ახალციხეში ამჟამად 1 500-ზე მეტი ინტერნეტ-აბონენტი ჰყავს. აქედან ორგანიზაციებზე მხოლოდ შვიდი, დანარჩენი პროცენტული მაჩვენებელი კი ფიზიკურ პირებზე, ანუ ოჯახებზე მოდის. ამდენად ყველა მათგანი მინი, ანუ 10 დოლარიანი პაკეტით სარგებლობს. აბონენტების განცხადებით, პირველ თვეებში სიჩქარე მაღალი იყო, ბოლო დროს კი საგრძნობლად გაუარესდა.
“თუ ამ ტარიფით აქამდე სწრაფი ინტერნეტი გვქონდა, ახლა რატომ დაეცა სიხშირე?” - კითხულბს ცხრა აპრილზე მცხოვრები შორენა აფრიამაშვილი, რომელმაც ინტერნეტი ერთი წლის წინ ჩართო: “გადმოქაჩვაზე და ინტერნეტში რაიმეს ყურებაზე, ან მოსმენაზე, ლაპარაკი ზედმეტია. ყველაზე ხშირად ინტერნეტს თარგმანისთვის ვიყენებ და თითო სიტყვის თარგმნას ხშირად წუთზე მეტი სჭირდება”.
ვერაფერს იწერს და ინტერნეტში ვერაფერს უყურებს გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრები ნატალია მელიქიძეც: “ხშირად მეგობრებს საზღვარგარეთ სკყპე-ით ვუკავშირდები, მაგრამ როგორც კი დავრეკავ სიჩქარე ისე ეცემა, რომ კავშირი წყდება”.
ამავე ქუჩაზე მცხოვრები შალვა ოთანაძის თქმით, სიხშირე განსაკუთრებით საღამოს საათებში ეცემა: “თუ სულ გაითიშა ინტერნეტი, ვრეკავთ და ასწორებენ”.
ინტერნეტ მომსახურებისათვის თვეში 10 დოლარს იხდის ახალცხის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურიც. აღნიშნული სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე აქცენს მაღალ ტარიფებზე აკეთებს: “იურიდიული პირებისათვის 35-დოლარიანი პაკეტია, ჩვენნაირი პატარა ორგანიზაციისათვის ეს საკმაოდ მაღალი თანხაა. ბაზარზე კონკურენცია რომ იყოს, ფასები უფრო დაბალი იქნებოდა”.
35-დოლარიანი პაკეტით სარგებლობენ, თუმცა “არც თუ ისე კარგი ინტერნეტი აქვთ” ახალცხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში. “ახალციხეში სილქნეტის შემოსვლამდე რა ინტერნეტიც გვქონდა, იმას სჯობია”, - ამბობს ოფისის მენეჯერი ივანე მერაბიშვილი.
10 დოლარიანი პაკეტის სიჩქარე 1 მეგაბიტიწამია, სააქციო საზოგადოება სილქნეტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის დირექტორის გია წიქარიშვილის განმარტებით, DSL ტექნოლოგიით მიწოდებული მაქსიმალური სიჩქარე რვა მეგაბიტი წამია: “მომხარებელს ექვსი სახის პაკეტს ვთავაზობთ და ტარიფები სიჩქარეების მიხედვით 10-დან 35 დოლარამდე მერყეობს. მაგრამ 35 -დოლარიანი ნებისმიერი საბიუჯეტო თუ არასამთავრობო ორგანიზაციისათვის უკვე მინი პაკეტია”.
წიქარიშვილის თქმით, ახალციხის მომხმარებლისთვის DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით 2009 წლის პირველი აპრილიდან დაიწყო: “კომპანია სილქნეტის ინფრასტრუქტურა გამართული და თანამედროვეა”.
რაც შეეხება, ბოლო დროს, ინტერნეტის დაბალ სიხშირეს, წიქარიშვილი ასე ხსნის: “ინტერნეტის ხარისხი ბევრად არის დამოკიდებული მომწოდებელ კომპანიაზე. ანუ, იმ საერთაშორისო ოპერატორებზე ვისი ქსელის გავლითაც ხდება ინტერნეტ ნაკადის ტრანსფორმირება საქართველომდე. ხარისხის გაუმჯობესებისა და სტაბილური მიწოდების უზრონველყოფის მიზნით ამ საერთაშორისო კომპანიებთან აქტიურად ვმუშაობთ”.
გაიზრდება თუ არა საერთაშორისო კომპანიებთან “აქტიური მუაშაობით” ინტერნეტის სიჩქარე მომავალი გვიჩვენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკეთესი ინტერნეტის მისაღებად 5 დოლარით მეტი, 15 დოლარიანი პაკეტის შეძენა მოგვიწევს. თუ, რა თქმა უნდა, სამომავლოდ ფიქრი კვლავ 20-დოლარიანი პაკეტის ჩართვაზე არ დავიწყეთ.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი