ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობებით


ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 1 443 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ცხოვრობს. როგორია მათი ყოველდღიურობა და რა დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან.

21 წლის რუდიკ ირიციანი სოფელ ბავრაში ცხოვრობს. 2008 წელს რუსეთში, აუზში გადახტომის დროს დასახიჩრდა, ხერხემალი აქვს დაზიანებული და იძულებულია, გამუდმებით უძრავად იწვეს. გამოჯანმრთელებისთვის მას ინტენსიური თერაპია სჭირდება, რაც ძვირია, ოჯახს კი ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.
ფეხზე წამოდგომის იმედი არ დამიკარგავს. პრაქტიკულად, არანაირ დახმარებას არ ვიღებ, ჩემი პენსია სულ რაღაც 80 ლარია. ფული რომ გვქონდეს, ფეხზე დავდგებოდი. სამედიცინო პოლისის მიღების თხოვნით სოციალური დახმარების სააგენტოსა და საავადმყოფოს მივმართეთ. საავადმყოფოში უხეშად და დამცინავად მექცევიან, რადგან დაზიანება ასეთი გზით მივიღე. სოციალური დახმარების სააგენტოში კი მითხრეს, რომ მაღალი ქულები მაქვს და ვერაფრით დამეხმარებიან. ხანგრძლივი თხოვნებისა და ბრძოლის შემდეგ სოციალური დახმარების სააგენტომ სავარძელი გამომიყო”, - გვიამბობს რუდიკ ირიციანი.

გაერო- მონაცემებით, მსოფლიოში ფსიქიკური და ფიზიკური დარღვევების მქონე, დაახლოებით, 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. რაც პლანეტის მოსახლეობის მეათედი ნაწილია. აქედან კი დაახლოებით 200 მილიონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსახლეობა, მთელი ოდენობის, დაახლოებით, 5 პროცენტია. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2005 წლისთვის ინვალიდთა რიცხვი 231 280-ით განისაზღვრებოდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 1 443 ადამიანი ცხოვრობს.

ამ ყველაფერს ხელს უწყობს რიგი ბოლომდე შეუსწავლელი ფაქტორი, რომელთა შორისაც უმთავრესია ეკოლოგიური მდგომარეობა, სოციალური და ეკონომიკური არასტაბილურობა, მედიცინის დაბალი დონე და ..”, - ამბობს ნანა ბროიანი, რომელმაც აღნიშნული პრობლემა GFI-ის პროექტის ფარგლებში შეისწავლა.

საქართველოს სოციალური დახმარების სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებს საკმაოდ მწირ ფინანსურ დახმარებას უწევს. მაგალითად, ბავშვებისთვის 70 ლარია გამოყოფილი. მათი რიცხვი მუნიციპალიტეტში 85-ია. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის, კი, რომელთა რაოდენობაც 25-ით განისაზღვრება, 129 ლარია გათვალისწინებული. დანარჩენი კატეგორიის პენსიები 70-დან 80 ლარამდე მერყეობს.

61 წლის მაკარ მაკარიანს ცერებრალური დამბლა აქვს. თუმცა, ბავშვობიდან ცდილობს ისე იცხოვროს, როგორც ყველა. მაკარმა ოჯახიც შექმნა, მაგრამ მეუღლე ადრე გარდაეცვალა. ახლა მას ქალიშვილი უვლის.

ოჯახის გარდა დახმარებას არსაიდან ველი. მოცემული მომენტისთვის 102 ლარს ვიღებ. ქალიშვილი რომ არ მყავდეს, ამ თანხით, რასაკვირველია, ვერ ვიცხოვრებდი. სიგარეტის გარდა კი ეს ფული მხოლოდ პურისთვის მყოფნის. ბოლო ხანებში ვავადმყოფობ კიდეც, წამლებს კი ბევრი ფული მიაქვს”, - ამბობს იგი.

საქართველოში მკვეთრად შემცირდა დაავადებათა რიცხვი, რომელთა გამოც ინვალიდობის პენსია ინიშნება. ინვალიდობის კატეგორიიდან ამოიღეს 100-ზე მეტი დაავადება.

ქალური დაავადებების 90 პროცენტი ინვალიდობად არ მიიჩნევა. მუცლის ღრუს დაავადებებიც დღეს ინვალიდობის კატეგორიას აღარ მიეკუთვნება, მაგალითად, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი. საპენსიო კატეგორიას მიეკუთვნება გულისა და გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები, მძიმე ხარისხის დიაბეტი. მსუბუქი დიაბეტი ინვალიდობად უკვე აღარ მიიჩნევა”, - განმარტავს სოციალური დახმარების სააგენტოს ახალქალაქის განყოფილების ხელმძღვანელი არტაშეს ფალანჯიანი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს პენსიის მისაღებად ქალაქის საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმების გავლა სჭირდებათ. ზოგი იძულებულია ახალციხეში ან თბილისში წავიდეს, რასაც ბევრი ფინანსური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უბრალოდ ვერ ახერხებს. ფსიქიკური დარღვევების მქონე ავადმყოფები, როგორც მუნიციპალიტეტშია მიღებული, დახმარებას ძირითადად ვერ იღებენ. მათ ინვალიდობის დასადასტურებლად ახალციხეში წაყვანა სჭირდებათ. ნათესავები, უმეტესად, დახმარების მოპოვებას ვერ ახერხებენ და მთელ პასუხისმგებლობას თავად კისრულობენ.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი