დიქტოფონის გარეშე


2010 წელი, ოქტომბერი, პარასკევი დღე, საღამოს საათები...

მძიმე სამუშაო დღის მერე ქალაქის ცენტრალურ პარკში ვსხდებით; ხუთნი ვართ; ჟურნალისტები; სასიამოვნო საღამოა და დაღლილობის მიუხედავად სახლში წასვლას ასე ვამჯობინეთ. ორი ახალგაზრდა გვიახლოვდება, ორივე საჯარო სამსახურის თანამშრომელია... ვსაუბრობთ ბევრ თემაზე და უცებ:

-          ახლა დიქტოფონი გაქვს ჩართული?...

ისევ 2010 წელი, გაზაფხული...

ოჯახმა დამავალა გავარკვიო რა პირობებით გასცემენ ბანკები სესხებსსაქართველოს ბანკში მივდივარ. ერთ-ერთ კრედიტ ოფიცერს იპოთეკური სესხების შესახებ ვეკითხები; ყველაფერი დაწვრილებით მაინტერესებს; ისიც მოთმინებით იტანს ჩემს შეკითხვებს, მაგრამ უცებ სახე ეღუშება:

-          ახლა შენ ამას იწერ არა? ...

... ასეთი კიდევ ბევრი ფაქტი მახსენდება. ასეა, ყოველთვის ყველას ჰგონია, რომ ჩვენი დიქტოფონი მუდამ ჩართულია. რაღაცეებს იმიტომ ვეკითხებით, რომ მერე ეს გაზეთში დავწეროთ. ჩვენ კი ვცდილობთ დავარწმუნოთ, რომ ჟურნალისტები მხოლოდ სამუშაო საათებში ვართ; იუნტერვიუზეც კი არასოდეს არ ვრთავთ დიქტოფონს რესპონდენტის გაფრთხილების გარეშე; სულაც არაა საჭირო, ჩვენს დანახვაზე სახიდან ღიმილის გაქრობა, მაგიდიდან საბუთების ალაგება, იმის მტკიცება, რომ მხოლოდ იშვიათ დღეებში აძლევთ თავს უფლებას კაბინეტში, შესვენების საათებში ლუდი მიირთვათ და ასე შემდეგ. ჩვენც ვსვამთ ლუდს, ღვინოს, ხანდახან არაყსაც და ხანდახან სამუშაო საათებშიც და საერთოდაც, არც ისეთი ცუდები ვართ, ბევრს რომ ჰგონია... 

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ!

ამბობენ, რომ ახალ წელს სასწაულები ხდება და ოცნებები სრულდება. მინდა, რომ ამის მჯეროდეს. მინდა, რომ ამის თქვენც გჯეროდეთ

...ერთი თვის შემდეგ ჩვენ ისევ მოვალთ თქვენთან. გაგესაუბრებით, ფოტოს გადაგიღებთ, მერე ამ ყველაფერს დავწერთ და შედეგს დაველოდებით. შედეგს, რომელიც ყოველთვის არ ჩანს, ჩვენ კი ძალიან გვინდა, რომ ასე არ ხდებოდეს... და, არც თქვენი და ჩვენი ხმა რჩებოდესხმად მღაღადებლისა”...

ნინო ნარიმანიშვილი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი