,,იდუმალი” გამგეობა


რატომ გაჭირდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, როცა მედიასთან თანამშრომლობაზე არც მუნიციპალიტეტის საკრებულო, არც რეგიონული პროკურატურა, არც სასამართლო და სხვა უწყებები არ ამბობენ უარს. ,,სამხრეთის კარიბჭემკიდევ ერთხელ სცადა გამგეობაში ოფიციალურად მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხი მიეღო, თუმცა ცდა ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა. არაპროფესიონალიზმი თუ კანონის არცოდნა.


,,ჭირვეული და ჯიუტი პრესა ხელისუფლებამ უნდა აიტანოს, რადგან დაიცვას უფრო დიდი ღირებულება გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლება იცოდეს”, - ამბობს ამერიკელი მოსამართლე მიურეი გურფეინი.

2 დეკემბერს ,,სამხრეთის კარიბჭემახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს განცხადებით მიმართა.

განცხადება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-, 38 – და მე-40 მუხლების თანახმად, გთხოვთ მოგვაწოდოთ  შემდეგი ინფორმაცია;

1.     ახალციხის მუნიციპალიტეტში 2010 წელს რა ტენდერები იქნა გამოცხადებული. (თითოეული ტენდერის აღწერა და თანხა)
2.     ვინ მიიღო მონაწილეობა ტენდერებში და რომელმა კომპანიებმა გაიმარჯვა. (თითოეული კომპანიის დასახელება)
3.     რა კრიტერიუმებით მოხდა კომპანიების არჩევა.
4.     დასრულდა თუ არა ყველა ტენდერი ვადაში და თუ არა, რომელია დარჩენილი.

კითხვების ,,დაღეჭვაშეგნებულად მოხდა, რადგან იგივე პრეცენდენტი არ განმეორებულიყო, როცა ამა წლის მაისის თვეში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს შვებულებაში გასული ადამიანების სია მოვითხოვეთ და სრულიად არაადეკვატური პასუხები მივიღეთ.


ტენდერების გამოთხოვნის განცხადებაზე პასუხის გაცემა ახალციხის მუნიციპლიტეტის გამგეობის იურისტს გიორგი მიქელაძეს  დაევალა.

რადგან განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება ნამდვილად არ საჭიროებდა ათ დღეს, რამდენჯერმე დავუკავშირდით იურისტს და ვკითხეთ, ვადაზე ადრე ხომ არ გასცა პასუხები განცხადებაში დასმულ კითხვებს, რაზეც უარყოფით პასუხს ვიღებდით.

ზემოთ აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი 13 დეკემბერს, ფოსტით მოვიდა. განცხადება 9 დეკემბრის რიცხვით იყო გატარებული.

უცვლელად გთავაზობთ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ, შვიდი დღის შრომის შედეგად გაცემულ პასუხს:

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განიხილა /წლის 02 დეკემბრის ¹60 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამუშაოების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცხადდა ტენდერები და კანონმდებლობის სრული დაცვით დღემდე ჩატარებული ყველა ტენდერი დეტალურად იქნა გამოქვეყნებული გაზეთ ,,24 საათში”.

ხოლო რაც შეეხება კრიტერიუმებს, რითიც მოხდა მონაწილე იურიდიული პირებისგან გამარჯვებულის გამოვლენა, ზემოაღნიშნული საკითხი წესრიგდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვარი ¹1 ბრძანების შესაბამისად.

ვადებში შესრულებასთან დაკავშირებით კი გაცნონებთ, რომ ყველა ტენდერი შესრულდა კანონმდებლობისა და დადგენილი გრაფიკის სრული დაცვით”.


რადგან განცხადებაში დასმულ კითხვებიდან ვერცეთზე პასუხი ვერ მივიღეთ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტს გიორგი მიქელაძეს კაბინეტში ვეწვიეთ.

გიორგი მიქელაძე ჩვენს ვიზიტს არ ელოდა. რამდენიმე წუთი ხელში ატრიალა ჩვენს მიერ მიტანილ კითხვებისა და პასუხების ფურცლები, შემდეგ უპასუხა ორ სატელეფონო ზარს,  - ,,უკაცრავად ერთი წუთით საქმე მაქვს”, - გვითხრა და კაბინეტიდან გავიდა.

ორიოდე წუთის შემდეგ კაბინეტში დაბრუნდა და განაცხადა - ,,თუ რაიმე ოფიციალური ინტერვიუ გინდათ, ამაზე წინასწარ უნდა გაგეფრთხილებინეთ”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი საკმაოდ გაღიზიანდა, როცა მას ისევ მოვთხოვეთ კითხვებზე პასუხების გაცემა.

,,კითხვებზე პასუხები გაგეცით, თუ რამე პრეტენზია გაქვთ ჩემთან, მიბრძანდით ჩემს პიროვნებაზე საჩივარი შეიტანეთ ჩემს უფროსთან. ახლა ტენდერი მაქვს და მეჩქარება. არ მცალია შენ გენაცვალე! ეს არის ჩემი პასუხი ამ წერილზე და ახლა არ მცალია ნამდვილად!” - (სტილი დაცულია) გვითხრა გამგეობის იურისტმა.

,,სამხრეთის კარიბჭისკითხვები ისევ პასუხგაუცემელი დარჩა. პასუხგაუცემელი დარჩა საჯარო პირების არაადეკვატური ქმედებაც, რომელებსაც კანონი ავადებულებთ პასუხი გასცენ საჯარო კითხვებს.

გულო კოხოძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი