პირი, ვინც ქუჩაში ან ავტომობილის ფანჯრიდან ნაგავს გადააგდებს, დაჯარიმდება.
1 დეკემბრიდან საქართველოში ძალაში შედის ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმადაც, პირი, რომელიც ქუჩაში ან ავტომობილის ფანჯრიდან ნაგავს გადააგდებს, დაჯარიმდება. ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 50 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის 200 ლარი. კანონში ასევე განსაზღვრულია, რომ ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მგზავრების მიერ ნაგვის გადაყრის შემთხვევაში ამ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები პასუხისგებაში არ გადაეცემიან – ჯარიმას ის გადაიხდის, ვინც ნაგავი გადააგდო.
ქუჩებისა და გარემოს სისუფთავეს ახალქალაქში ახალქალაქის შპს “სანიტარული დასუფთავების” თანამშრომლები და გარემოს დაცვის რეგიონული ინსპექციის ეკოლოგიური ჯგუფები გააკონტროლებენ. ამ მიზნით ქალაქში სამი ვიდეოკამერაც დამონტაჟდა.
“ეკოლოგიურ სამსახურებს კამერები უკვე აქვთ. ჩვენ უფლებამოსილი ვართ, ნაგვის დაგდება დავაფიქსიროთ და ფაქტის წარდგენის საფუძველზე სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ. კანონდარღვევის დაფიქსირება მობილური ტელეფონის კამერითაც შეიძლება. სასამართლოში აუცილებლად უნდა იქნას წარდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზე სასამართლო კანონის დამრღვევს დააჯარიმებს”, - ამბობს შპს “სანიტარული დასუფთავების” დირექტორი არტაშეს ოგანესიანი.
შპს
“სანიტარული დასუფთავების” დირექტორის მოადგილის თქმით, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ინფორმაცია ახალი კანონის შესახებ ადგილობრივი ტელეარხის “ატვ 12”-ის მეშვეობით მიაწოდეს.
თვეზე მეტია ახალქალაქში გარემოს დაბინძურების შესახებ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა ზოგიერთი იურიდიული პირის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტები უკვე დააფიქსირეს და ისინი დააჯარიმეს. ძირითადად, დაჯარიმებული არიან ორგანიზაციების, რესტორნებისა და სასადილოების მფლობელები.
“ადრე, როცა რესტორნებისა და სასადილოების პატრონებს ვთხოვდით, მომსახურებაზე კონტრაქტი დაედოთ, დაგვცინოდნენ, ახლა კი რიგში დგანან, რათა კონტრაქტს ხელი სწრაფად მოაწერონ და დაჯარიმების ნაცვლად მოვემსახუროთ”, - ამბობს არტაშეს ოგანესიანი.
“სანიტარული დასუფთავების” ხელმძღვანელობა აპირებს კამერების მეშვეობით აკონტროლოს მოსახლეობის მიერ ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელებიც.
ახალქალაქში ნაგვის გატანის გადასახადს თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები ადგენს. ორგანიზაციისთვის 1 კუბური მეტრის მოცულობის ნაგვის გატანა 25 ლარი ღირს, მოქალაქისთვის კი თვეში 40 თეთრი.
“სანიტარული დასუფთავების” ადგილობრივი ბიუჯეტი 90 პროცენტით აფინანსებს, დანარჩენი 10 პროცენტი კი შემოსავლებიდან ფინანსდება. 2010 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა დასუფთავებისა და ნაგვის გატანისთვის ორგანიზაციას 11 ათასი ლარი გამოუყო. “სანიტარული დასუფთავების” ხელმძღვანელობა აპირებს, სახელმწიფოს მომავალ წელს დაფინანსების გაზრდის თხოვნით მიმართოს, რადგან, როგორც არტაშეს ოგანესიანმა აღნიშნა, გაიზარდა ასფალტირებული ქუჩების რიცხვი და მათი დაგვისა და დასუფთავებისთვის დამატებითი ხარჯების გაწევაა საჭირო.
მუნიციპალიტეტმა მომავალი წლისთვის უკვე დაუკვეთა ახალი ნაგვის ურნები და შეიძინა შესაბამისი ნაგვის მანქანაც.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი