ტრადიციული ფესტივალი
26-28 ნოემბერს ახალქალაქმა უმასპინძლა კინოფესტივალს “ოქროს გარგარი ბორბლებზე”. ფესტივალის ფარგლებში ახალი კინოდარბაზიც გაიხსნა.
ყოველწლიური ფესტივალი ჯავახეთში მეოთხედ ჩატარდა. წელს ფესტივალზე მხოლოდ ქართველი რეჟისორებისა და სომხური თემატიკის ფილმები წარმოადგინეს. ფესტივალი სომეხი რეჟისორის არმან მანარიანის სომხური ეროვნული ეპოსის მოტივებაზე შექმნილი მულტფილმით “სასნაწრერით” (დავიდ სასუნსკი) გაიხსნა.
კინოფესტივალის ფარგლებში აჩვენეს სომეხი და ქართველი კინორეჟისორების ფილმები - ვიგენ ჩალდრანიანის “სიჩუმის სიმფონია”, ლევან კოღუაშვილის “ქუჩის დღეები”, ზაზა ურუშაძის “სამი სახლი”, ატომ ეღოიანის “ქლოი”, სომეხი რეჟისორის ანრი ვერნის (აშოტ მალაქიანი) “სიცილიელების კლანი” და იტალიელი რეჟისორების ძმები ტავიანების მიერ თურქეთში სომეხთა გენოციდის თემაზე გადაღებული ფილმი “ტოროლას ბუდე”.
ამავე ფესტივალის ფარგლებში ახალქალაქის “მომავლის სახლში” ახალი კინოდარბაზი გაიხსნა. 27 ნოემბერს შედგა კინოდარბაზ “ოქროს გარგარის” გახსნის ცერემონიალი და გაიმართა ზავენ სარქისიანის ფოტოსურათების გამოფენა. ნამუშევრები კინოფესტივალის არსებობის ოთხივე წელიწადს მოიცავს. ფოტოები ახალქალაქის კინოდარბაზში მუდმივად დარჩება. საჭირო ტექნიკა კინოდარბაზს ფესტივალის ორგანიზატორებმა გადასცეს.
ახალადგახსნილ კინოდარბაზში ნაჩვენები პირველი ფილმი ფესტივალის ორგანიზატორის, რეჟისორ ჰარუთიუნ ხაჩატრიანის “თეთრი ქალაქი” იყო. ესაა ფილმი ახალქალაქის შესახებ, სადაც დაიბადა და გაიზარდა რეჟისორი.
“ვოცნებობდით, ახალქალაქში კინოთეატრი გვქონოდა და ოცწლიანი შუალედის შემდეგ ეს ოცნება აგვიხდა. დღეს ერევნიდან და თბილისიდან კინოხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლები ჩამოვიდნენ იმ მიზნით, რომ ხელოვნება განვითარდეს და გაიზარდოს და ასევე, ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობაც გაღრმავდეს”, - ამბობს კინორეჟისორი ჰარუთიუნ ხაჩატრიანი.
ახალი კინოდარბაზი შაბათ-კვირას უფასო კინოსეანსებს მოაწყობს. ქართველი კინორეჟისორის მანანა სურაძის თქმით, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ფილმების ჩვენების მოწყობას ქვეყნის ყველა რეგიონში გეგმავს.
“ფილმებს, რომელსაც ცენტრში უყურებენ, რაიონებშიც ჩამოვიტანთ. იმავდროულად, ადგილობრივ მოსახლეობას კინოსამყაროში მიმდინარე მოვლენების გაცნობის საშუალებას მივცემთ. ეს ძალიან კარგი დასაწყისია და შევეცდებით, რეგულარული გავხადოთ”, - ამბობს მანანა სურაძე.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი