არაფერი პოლიტიკაზე, არაფერი პოლიტიკაზე, არაფერი პოლიტიკაზე, ვიმეორებდი გულში, მგონი ტუჩებსაც ვაცმაცუნებდი, ასეთი განწყობით მივუჯექი კომპიუტერს და სვეტის წერა დავიწყე.
12 წლამდე პირველი იანვრის დილას ბალიშის ქვეშ ყოველთვის მხვდებოდა საჩუქარი. მერე გავიგე, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა, ძალიან მეწყინა, ვიტირე. შემდეგ თეო იყო პატარა და წლები მას ვატყუებდით და ვუტოვებდით ბალიშის ქვეშ საჩუქრებს. თეოს, თოვლის ბაბუის არ არსებობა ჩემსავით მძიმედ არ გადაუტანია, რადგან მას ახლაც სჯერა ზღაპრების, მინდა რომ სულ სჯეროდეს!
ახლა მინდა, რომ ყველას სჯეროდეს ზღაპარების. არც მე მინდა ვიყო დედინაცვლის ბოროტი შვილი და არც რესპონდენტები მინდა მყავდეს კუდიანები.
ახლა ჩემს სვეტს კითხულობ და ფიქრობ, კარგი რაა! რა ზღაპრები! რის ზღაპრები! რას ბოდავ! მაგრამ ეს ჩემი საახალწლო სურვილია და მაცადეთ ოცნება!
რატომ არ თოვს ნეტავ?! თოვლიც ბავშვობაში დამრჩა, თუმცა მერე რა, რომ თოვლი არაა, დაანთეთ ბუხარი, ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა, დაჯექით იატაკზე, დაიდეთ გვერდზე ჭიქა ღვინო, მოწრუპეთ, უსმინეთ შეშის ტკაცა-ტკუცს და დაელოდეთ, ახალ წელს ხომ სასწაულები ხდება!
გულო კოხოძე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი