საზღვრის ერთ მხარეს


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კარწახი თურქეთთან მოსაზღვრე სოფელია. გამშვები პუნქტი, რომელიც ჯერ არ გახსნილა და ახალი გზა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გასაღებისა და თითოეული ოჯახისათვის შემოსავლის გაზრდის რეალური შანსია. 

მიხვეულ-მოხვეული და ოდესღაც პრაქტიკულად გაუვალი გზით სოფელ კარწახამდე მიღწევა ზამთარზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ზაფხულშიც ძნელი იყო. დღეს კი მდგომარეობა სხვაგვარია. საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის წყალობით, კარწახელებს ახალქალაქთან კავშირი გაუადვილდათ. სოფელ კარწახამდე მისვლა ახალი, ასფალტირებული გზით, სულ რაღაც 30 წუთში შეიძლება.

სოფლის სასაზღვრო მონაკვეთზე მისულები, გზის მშენებლობის უკანასკნელი სამუშაოების მოწმეები გავხდით. საზღვარი გახსნილი ჯერ კიდევ არ არის. ის სულ მალე, საკონტროლო-გამშვები პუნქტის ბოლომდე აღჭურვის შემდეგ გაიხსნება.

გზის გახსნასა და რკინიგზის მშენებლობასთან ერთად კარწახელებისთვის სამუშაო ადგილებიც გაჩნდა.

გზის მშენებლობაზე ვმუშაობ. თურქული ვიცი, ენა სტამბულში, შვიდ თვეში ვისწავლე. ჩვენი სოფლიდან მშენებლობაზე 30-40 ახალგაზრდა მუშაობს. ისე კი, ახალგაზრდებს სოფელში გასართობი არაფერი გვაქვს, მხოლოდ აქ ვიკრიბებით და ვსაუბრობთ”, - გვითხრა კარწახის მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.
 
სოფელში გამავალი ცენტრალური გზა და ცენტრში მდგომი მაღაზია ერთადერთია, რაც გვახსენებს, რომ XXI საუკუნეა.

სოფელში დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალიც დგას და კარწახის ყველაზე ცნობილი მკვიდრის, აშუღ ჯივანის ძეგლიც.

გზა შეიცვალა, თუმცა, სოფელში ცხოვრება იგივე დარჩა.

სამყაროს და დანარჩენ საქართველოს მოწყვეტილი ვართ. არ ვიცით, ქვეყანაში რა ხდება. ინფორმაციას თეფშების მეშვეობით ვიღებთ, საქართველოს შესახებ კი არაფერი ვიცით. ადგილობრივ ტელეგადაცემებსაც კი ვერ ვუყურებთ”, -  ამბობს კარწახელი სამველ ნაჩარიანი.

ერთსართულიანი ქვის სახლები. ეზოში უზარმაზარი თივის ზვინები, რომლის გვერდზეც სოფლის მცხოვრებლების ყველაზე საჭირო დამხმარეცხენი ან ვირი დგას. ეს ცხოველები პატრონებს წყაროდან წყლის მოტანაში ეხმარებიან. წყალიკარწახელების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.

კარწახელები ძირითადად მესაქონლეობით არიან დაკავებული. თუმცა, მათი პრობლემა ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზაციაა. ბარტერული გაცვლა აქ ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ადგილობრივებისთვის ეს საკმაოდ წამგებიანია. მაგალითად, თუ კარალიოკის ყიდვა ქალაქსა და მის ახლომდებარე სოფლებში 70 თეთრად ან ერთ ლარად შეიძლება, კარწახელებს კილოგრამი კარალიოკი ორი ლარი უჯდებათ. ასეა ყველა სხვა პროდუქტზეც.

ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობაა, თუმცა, წარმოებულ პროდუქტს ვერ ვყიდით. ძირითადად, სხვა პროდუქტებზე და საყოფაცხოვრებო საქონელზე ვცვლით. ახლა, როცა გზა გაიხსნა, აქ უფრო ხშირად მოდიან”, - ამბობს ჰენრიკ ნაზარიანი.

ადგილობრივი მესაქონლეების პრობლემები ამით არ ამოიწურება. სოფელს შემოჩვეული მგლები, მოსახლეობისათვის თითქმის გადაუჭრელ პრობლემათა რიცხვშია.

წელს, ზამთრამდე, მგლებმა უკვე ორი ცხვარი მოიტაცეს. ასე ხდება შემოდგომაზეც და ზაფხულშიც. მგლები საქონელს გვიჭამენ, მათ წინააღმდეგ კი ვერაფერს ვაკეთებთ. უკვე 50 სულზე მეტი საქონელი დაგლიჯეს”, - ამბობს ჰენრიკ ნაზარიანი.

სოფელში სახლებს ძველი, ტრადიციული მეთოდითგამხმარი ნაკელით ათბობენ. კარწახელები, ახალქალაქის სხვა სოფლის მცხოვრებლებისგან განსხვავებით რუსეთში სამუშაოდ არ დადიან.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი