12 დეკემბრიდან
საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ დაცემას ვარაუდობენ. როგორ მოვემზადოთ ,,დიდი გამყნვარებისთვის”.
ევროპაში, ჩრდილო - აღმოსავლეთის ქვეყნებში, ცივი ჰაერის მასებს
ვეღარ უმკლავდებიან. დაიხურა სკოლები. საჯარო დაწესებულებებში სამუშაო საათები შეამცირეს.
ციკლონი, რომელმაც დაბალი ტემპერატურის გამო, ევროპაში ცხოვრების რეჟიმი შეცვალა, საქართველოს
12 ან 13 დეკემბერს გადაუვლის.
12 დეკემბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა
მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, აცივება უფრო შესამჩნევი დასავლეთ საქართველოში
იქნება, სადაც ტემპერატურა, სავარაუდოდ, 8-10 გრადუსით დაიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში
კი ტემპერატურის 5-6 გრადუსით ვარდნას ელოდებიან. ამასთან, ქართველი სინოპტიკოსები
დარწმუნებული არიან, რომ მიუხედავად მკვეთრი აცივებისა, მნიშვნელოვანი პრობლემები,
რომელსაც ამჟამად ციკლონთან დაკავშირებით ევროპის დიდი ნაწილი განიცდის, საქართველოს
ასეთი სიმწვავით არ შეეხება. მათი განმარტებით, ციკლონი, რომელიც საქართველოს დაახლოებით
11 დეკემბრისთვის მოუახლოვდება, ევროპასთან შედარებით, ბევრად სუსტი იქნება.
,,ციკლონი
უახლოვდება საქართველოს, უკვე მერამდენედ გამოაცხადეს ტელევიზორში და ცოტა არ იყოს
შევშინდი. ასეთი რამ საუკუნეა არ ყოფილაო. შარშან ჩვეულებრივი ამინდები იყო და ღორის
გრიპის ეპიდემია გადავიტანეთ და წელს რა გველის არ ვიცი”, - ამბობს
ახალციხის მკვიდრი ნაზი გვირჯიშვილი.
“მოსახლეობა
შეშფოთებულია, თუმცა უსაფუძვლოდ. ტემპერატურის დაცემას გაციებითი დაავადებების სერია
არ შეიძლება მოყვეს”, - აგვიხსნა ექიმ - ინფექციონისტმა ქეთევან ჯინჭველაძემ, - ,,გაციებითი დაავადებები ნებისმიერ სეზონზე შეიძლება. ზამთრის პერიოდში 10 -12 გრადუსით ტემპერატურის დავარდნა არ არის განსაკუთრებული ტრაგედია, პირიქით, ასე რომ არ მოხდეს, ეს უფრო იქნება საშიშროების მომტანი”.
ქეთევან ჯინჭველაძემ რეკომენდაციები მოგვაწოდა.
,,ამ პერიოდში არ უნდა გადაგვიცივდეს სხეული. თბილად უნდა ჩავიცვათ. მივიღოთ ბევრი თბილი სითხე, ჯანსაღი და ვიტამინიზირებული საკვები”.
ამ პერიოდისათვის სპეციალისტები ასევე არ გვირჩევენ უქუდოდ სახლიდან გამოსვლას.
,,შარშან პირბადეებიც კი აღარ იშოვებოდა, არაფერს ვამბობ ცე ვიტამინზე. იმედია წელს ასე აღარ მოგვექცევიან და ასეთი პრობლემის წინაშე აღარ დაგვაყენებენ აფთიაქები”, - გვითხრა მანანა ფორჩხიძემ.
ფარმაცევტები აცხადებენ, რომ აფთიაქებში გაციების შესაბამისი მედიკამანტები აქვთ და მოსახლეობის შიში საფუძველს მოკლებულია.
თბილი, მზიანი ზამთრის დღეები და ამ პერიოდისათვის ქუჩაში მოსახლეობის
უჩვეულო სიმრავლე ორიოდე დღეში წარსულს ჩაბარდება.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი