85 წელი დამთვალიერებლის სამსახურში


ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი არსებობიდან 85 წელს ითვლის. შენობა, სადაც მუზეუმია განთავსებული, 120 წლისაა და კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. მუზეუმში არც ექსპონანტების დაცვის მხრივ არის კარგი მდგომარეობა, თუმცა თანამშრომლების დიდი ძალისხმევით არც ერთი ექსპონანტი არ გაფუჭებულა.

საქართველოში ოდითგანვე არსებობდა ძველი ნივთების დაცვის ტრადიცია. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ერეკლე მეორეს სასახლეში თავმოყრილი ჰქონია არქეოლოგიური მასალები. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში არსებობდა რამოდენიმე ფართო პროფილის მუზეუმი: კავკასიის მუზეუმი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმი და ასე შემდეგ.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ბორჯომში იყო სატყეო სახერხი ქარხანა. შენობის ორ ოთახში განთავსებული იყო ბორჯომის ხეობაში არსებული ფლორისა და ფაუნის ექსპონანტები. 1923 წელს, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა, სატყეო მუზეუმი გაუქმდა და ექსპონანტები რომანოვების სასახლეში გადაიტანეს.

1926 წელს, საქართველოს კურორტების მთავარი სამართველოს გადაწყვეტილებით, ბორჯომში სატყეო მუზეუმი ოფიციალურად დამტკიცდა. შემუშავდა დებულება, დამტკიცდა დირექტორი და საშტატო ერთეულები. 1927 წელს მუზეუმი სახალხო დათვალიერებისთვის გაიხსნა, 1934 წელს სატყეო მუზეუმს დაემატა ეთნოგრაფიული განყოფილება და მას ბორჯომის მუზეუმი ეწოდა.

1938 წელს მუზეუმს კიდევ ერთი განყოფილება, მხარის ისტორია დაემატა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ეწოდამუზეუმის პირველი დირექტორი გიორგი (სარალიძე) ახალციხელი გახდა.  

ერთდროს ბორჯომის მუზეუმი ამჟამინდელ სამუსიკო სკოლაში იყო განთავსებული. შენობა, რომელშიც ახლა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმია, სამსართულიანია და ქალაქის ცენტრში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარეობს. აშენებულია 1890 წელს, გოთურ სტილში, გერმანელი არქიტექტორის ვლადიმერ შვეიერის პროექტით. თვალშისაცემია თავისი არქიტექტურით და თავადვეა ,,სამუზეუმე ექსპონანტი”.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მმართველის ვიოლეტა ბალახაშვილის თქმით, მუზეუმის არქეოლოგიური ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს ქვის ხანიდან შუა საუკუნეებამდე.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი ექსპონანტები მოგვითხრობენ იმის შესახებ, რომ ამ კუთხეს გავლილი აქვს თითქმის ყველა საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია. მუზეუმის მეორე სართულზე ისტორიულ-ეთნოგრაფიული და მე-18 – მე-19 საუკუნის მხატვრული კერამიკის განყოფილებაა, სადაც მიხეილ რომანოების სასახლიდან გადმოტანილი, ფრანგული, იტალიური, გერმანული, იაპონური, ჩინური, ბერძნული და სხვა ქვეყნების იშვიათი სილამაზის ექსპონანტებია წარმოდგენილი”, - ამბობს იგი და იქვე ამატებს, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მესამე სართულზეა განთავსებული მხარის ბუნების საექსპოზიციო დარბაზი, მხარის ბუნების განყოფილება ძირითადად დაკომპლექტებულია სატყეო მუზეუმიდან გადმოტანილი ექსპონანტებით”.

ვიოლეტა ბალახაშვილის განმარტებით, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1976 წელს დაიკეტა, იმ მოტივით, რომ მუზეუმის შენობაში სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. თუმცა ამაოდ: თერთმეტი წელი იყო მუზეუმი დაკეტილი. 1987 წელს დავიწყე მუშაობა, მაშინ ექსპონანტების უმრავლესობა  საცავში ინახებოდა, რომელიც ნახევრად მიწაშია. დანესტიანებული წიგნები ამოვიტანეთ და ფურცელ-ფურცელ გავაშრეთ”.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და სააგენტო აფინანსებს. მუზეუმის დათვალიერება ფასიანია, არასრულწლოვანებისთვის შესვლა ერთი ლარი ღირს, ხოლო ზრდასრული ადამიანებისთვის - სამი ლარი.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რვა საშტატო ერთეულია. თანამშრომლების ხელფასებმა გასულ წლებთან შედარებით მოიმატა. ორი წლის წინ მუზეუმის თანამშრომლების ხელფასი საშუალოდ 35-45 ლარს შეადგენდა, ამჟამად კი 250 ლარი გახდა.

დღევანდელ ცხოვრებას ეს ხელფასი არ შეესაბამება, მაგრამ, სხვა დაწესებულებებთან შედარებით, ნორმალურად ვართ,”- ამბობს ვიოლეტა ბალახაშვილი.

მისივე თქმით,Mმუზეუმის პრობლემები მრავლად აქვს. შენობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, მოსაწესრიგებელია საექსპუატაციო დარბაზში გათბობის სისტემა, სველი წერტილები, არ არის სახარბიელო მდგომარეობა ექსპონანტების შენახვისთვის.

საქართველოში არსებულ მუზეუმებში არ არის ექსპონანტების შენახვისთვის კარგი ატმოსფერო; არ არის გამოყენებული დღევანდელი ტექნიკური მიღწევები, მაგრამ მიუხედავად ამისა, არც ერთი ექსპონანტი არ  გაფუჭებულა და დაკარგულა. ამ ეტაპზე კი მუზეუმში არსებული ექსპონატების პასპორტიზაცია მიმდინარეობს”,  - ამბობს დირექტორი და აქვე გვიმხელს, - “ვიმედოვნებთ, რომ 2012 წელს მაინც მოხდება მუზეუმის შენობის თანამედროვე სტანდარტებით გარემონტება”.

ნატალია კოპაძე, ბორჯომი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი